ჩაი-ლუ(ვ)რი


ისევ გაკრთება სხივი მარდად, ისევ დათბება.
ისევ მოისხამს მსხალი ნაყოფს, ისევ დატკბება.
ეს ყოველივე შეუცვლელად ისევ დარჩება,
შენ სულს გაატან სერაფიმებს გადასარჩენად.

ზღვა ისევ ისე აზვირთდება, ატალღოვნდება,
თვალებს მთვლემარეს კვლავ გაახელს შენივე სატრფო,
შენთვის ყოველი შთაინთქმება, გათანხმოვნდება,
მტვრად გადიქცევა შენი სახე და აწმყოდ ნამყო.

თითქო არასდროს გიცხოვრია, ისე გაქრები,
შენი ხსენება არ იქნება აღარსად არდროს,
ჩაილურისკენ გაგიძღვება შენ იალქნები,
და საუკუნოდ უკუნს მისცემ სულიერ საზრდოს.

ასე გაქრება შენი სახე, წუთისოფელი,
ჭია იქნება შენი მღრღნელი, შენი მპოვნელი,
შენ კი გასცურავ უზღვროების დაუბამ ზღვაში
და გადიქცევი ჭირისუფლად უთოვლო ზვავში.

29 მარტი, 2025

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი