მწუხრი


მწუხრია, 
ახლა მწუხარებამ შეისხა ფრთები, 
გონების თვალით კვლავ წარსულში დავეხეტები. 

ხატება შენი გზას მინათებს უკუნი ღამით 
და ფიქრს არ ვაძლევ მოსვენებას არც ერთი წამით. 

წვიმის ნაჟური მიუყვება ბილიკებს ზანტად, 
და თითქო ყველა მოგონება გადმომეფანტა: 
ზაფრანის სუნი, დანამული მაისის ცრემლით, 
კვლავ ჩემში აღძრავს უტოპიურ ხილვათა წადილს, 
და მოგონება მოჭედილი ღვთიური გრდემლით, 
კვლავაც დაფარავს შეუძლებლად ნახსენებ მანძილს. 

და ძილს ეცემა ყოველივე ფხიზელი სული, 
ვინც ვერ შეიგრძნობს იასამნით თრობის სიამეს, 
ძირს დაცემული, საუკუნოდ გარდასახული 
ასე მოირჩენს, მხოლოდ ასე, დაღლილ იარებს.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი