ხრწნა


ზოგიერთი, და ბევრი ზოგიერთი, გაურბის სიმარტოვეს, და გაურბის იმდენად, რომ მისთვის ინსტინქტურად იქცევა თავშეფარება უაზრო, წამიერ დაკმაყოფილებებში.

[არადა, მხოლოდ მარტოობაა ჭეშმარიტად ის, რაც არასდროს მიგატოვებს, ამიტომ ხამს ყმაწვილი სულისათვის მარტოობაში გამობრძ'ნ'ედა.]

გონების ქანც გაწყვეტილივით, ის ხსნას გარეთ ეძებს და ამიტომაც (თვით)მართვის სადავეები გადააქვს სხვათა ხელში.
მარტივ ენაზე - თვითკონტროლს ანაცვლებს სხვის მიერ გაკონტროლებ(ულობ)ით.

ამ უკანასკნელის მიზეზად შეიძლება ღრმა, ფარული სურვილი მოვიაზროთ, თვითმკვლელობისა, რომელიც გულისხმობს - აღარ მინდა ვარსებობდე თავის უფლად.

იმ ცივილიზაციაში, სადაც ტექნოლოგიურ სულზე კაპიტალისტურ სულს აქვს დიდი გავლენა, მეტად მარტივია წამიერი დაკმაყოფილებების მოპოვება. 
აქ სრული სპექტრია ისეთი ქმედებების, რომლებიც ინდივიდს აქცევს ობიექტად, მომხმარებლად და, სხვა რაკურსით თუ შევხედავთ, ნაგვის ურნად.

გაობიექტებული ინდივიდი იგროვებს საკუთარ თავში იმ უაზრო იმპულსებს, რაც გაიცემა ერთი მხრივ ნებსით, მოგებაზე ორიენტირებულთა მიერ,
მეორე მხრივ უნებლიედ, უკვე მყარად გაობიექტებული ინდივიდების მიერ, რომლებიც მიყვებიან ცხოვრების დინებას და არას დაგიდევენ თვითრეფლექსიას.

ასე კვდება ინდივიდი და იბადება შერეულ სურვილთა მატარებელი, რომელშიც არ არის შეთანხმებული ერთიანობა.
[შეუთანხმებელი ერთიანობა წარმოშობს იმგვარ კონფლიქტებს, რასაც უწოდებენ კოგნიტურ დისონანსს, ან ჩემი სიტყვებით - ამრეკლის კონფლიქტს {მზე-მთვარე}]
ჩვენი ძვირფასი პირმშო ცხოვრებას ატარებს სხვათა ცხოვრებით, სხვათა გმირობით, სხვათა სისაზიზღრით და ვერ ხდება თავად შემოქმედი ამა თუ იმ ქმედებისა, რომელიც ესოდენ საჭიროა ინდივიდის განვითარებისთვის.

უბიწოება, ისევე როგორც ბიწიერება, რომელიც ხშირად განქიქების საგანია, ისევეა მნიშვნელოვანი სულისთვის, როგორც საკვები ნივთიერებანი ფესვთათვის.

ის, რაც უნდა იყოს ინდივიდი, ესეიგი მრავალი ტანჯვისა და ბრძოლის მნახველი მეგალოდონი, დღეს ქცეულა აკვარიუმის გომბეშოდ, რომელიც მხოლოდ შიგადაშიგ დაიყიყინებს, რა უკანასკნელიც გაიჟღერებს შემდეგნაირად - მომშივდა დიდო უფალო, გთხოვ გაიმეტო საჭმელი.

[ამ სევდიანი სცენარის დანახვისას, ერთადერთი ჭეშმარიტი მოწოდება შეიძლება დავუსახოთ ამგვარ სულს, და ესაა - თავისუფლებისაკენ სწრაფვა, რომელზეც უფრო ფართოდ ვისაუბრებ 1133-ე კვირას.]

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი