მუხლამდე თოვლში...
მუხლამდე თოვლში მივიკვლევ ბილიკს, სახეზე, მხრებზე მათოვს და მათოვს და თოვლი არის რბილი და თბილი. მაღლობზე მარტო დგას შენი სახლი და ბუხრის ყელი მოჩანს გედივით, ბუხრის ყელიდან ამოდის ბოლი. იქ ახლა ისევ ცეცხლი ანთია; სითბოა ირგვლივ და სიმყუდროვე. მე კი მივდივარ, მივდივარ, მათოვს. და მაგონდება მე ის ზამთარი; თოვდა იმ დღესაც, ჩვენ კი ბუხართან ვისხედით ერთად და ვსაუბრობდით. მე ბედნიერი ვიყავი იმ დღეს. შენ კი? არ ვიცი! - არც ბედნიერი, არც უბედური,- მოწყენილს ჰგავდი... იჯექი ჩუმად, ებრძოდი შენ თავს. მერე შემზარავ გამბედაობით შეატრიალე ბედი უკუღმა... მას შემდეგ წლები გავიდნენ უხმოდ. წამება იყო ეს ჟამი ჩემთვის. ახლა შორიდან გავყურებ შენ სახლს. შენ კვლავ იქა ხარ და მე არ ვიცი ბედნიერი ხარ თუ უბედური. მე კი შემადნა ხელში თოვლივით... სიყვარულიც და ეს სიყმაწვილეც, სწრაფვაც, ოცნებაც, ზრუნვაც, წრიალიც... გული გათოშა ცხოვრების სუსხმა. ახლა უმიზნოდ დავბორიალებ და თუ ხანგრძლივად შემოვრჩი დრო-ჟამს მოგონებების მდგმურად ვიქცევი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი