ერთმა თვალით თქვა...


ერთმა თვალით თქვა: დაიგვიანა...
და საამისო არ შესწევს ძალაც.
უჯობს გაჩუმდეს იგი მთლიანად
და განერიდოს ამ ხალხს და ქალაქს.

მეორე სიტყვით შეეხო სიმებს;
დაგვიანება არაფერია!
მიენდოს რწმენას, მინებდეს იმედს,
ზეცას ახედოს მზის თვალებიანს...

შენ ჩააბრუნე შენს არსში მზერა,
შენს საზრუნავში ჩადექი მკვიდრად.
შეჰყურებ ისევ შორეულ მწვერვალს,
გაუთენარი რიჟრაჟი გიდგას.

შენ გჯერა, დასძლევს მოთმენა შენი
გაუწვდომლობის ზღვარს და სიმძიმეს,
ეჭვების ძლევით, გაძლების რწმენით
შენ ცნობადის მზე შემოგციმციმებს.

წლებს მისდევს წლები; შენ კვლავ გიტაცებს
იგი, რაც არ ჩანს, სივრცესაც უკვირს
და გრძნობ თუ როგორ დადის მიწაზე
უშორესი გზით მოსული შუქი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი