მე შენ გიხილე ათასი წლის წინ...
მე შენ გიხილე ათასი წლის წინ, ათას მზის იქით, შეღამებისას... შენს ლამაზ თვალებს კოცნიდა სივრცე. იდექი ჩუმად და ლივლივა ზღვას გასცქეროდი უნაღვლო, წყნარი. შენს უკან ჩანდა დიდი წარსული და ნამსხვრევები სარკის და ბროლის მთად აღმართული იდგა შენს უკან... და ნამსხვრევები სარკის და ბროლის იყო დროის გზა თვალუწვდენელი. შენ კი იდექი ახალ სივრცეში გადასაფრენად წამოწეული თეთრი გედივით. შენ წინ ელავდა სივრცე ახალი შენებრ დიადი და შენი ღირსი. მე შენ გიხილე ათასი წლის წინ ამნაირი და გამითბა გული. 2 შენი სხეული და შენი სახე ჩემს წარმოსახვას არ შეუქმნია,- ვიფიცავ სინდისს, ო, დამიჯერე! ისე უბრალოდ ფიქრით გართული მე მივდიოდი ჩემს მტვრიან გზაზე, ფიქრს ვუღიმოდი. გამოკიაფდა სხივი უეცრად, ჩემ წინ ერთბაშად განათდნენ მთები,- მიწა განათდა და აღებეჭდა ღვთიურ სახეზე ღიმილი წმინდა ვით ქალს აღგზნებულს გუნგრავის ალით და შენ გამოჩნდი ლერწამტანა და მზერამზიანი, დიდი მშვენება, დროის იმედი. მე ბედნიერი გავხდი იმ დღიდან, ფრენით და მღერით მოვდივარ შენკენ. თვითმფრინავები სივრცეს სერავენ, მე გადავდივარ დროის სამანზე და შენს გამოვლას ველოდები ამ ხეივანში ბილიკზე მდგარი და გალურსული. 3. აქ რომ მაღალი ხეები დგანან,- ჩემი ბავშვობის ჟამს აღმოცენდნენ ესენი მაშინ, ათასი წლის წინ. ზღვა შრიალებს და შრიალებენ შენი ხეებიც; შენი მუხები, ძელქვები და მაგნოლიები. ჩამავალი მზე ბანაობს წყალში. პატარა ნავი გარბის ზღვაზე და კილვატერი ჩნდება და ქრება... გაყინული თუ წაუშლელი კილვატერია ჩვენი ფიქრებიც აღბეჭდილი სიტყვით ქაღალდზე... და მიხარია აქ მჯდომარეს რომ მოგისწარი,- ჩემთვის სრულიად უცნობ რამეს რომ ედავები, წერ და ფუსფუსებ,- ეს მიხარია და ჩუმად ვდგავარ... ამ ბზის რტოებით შეკრული სივრცის უკან ვდგავარ და გიღიმი ჩუმად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი