მედეა


ვაი, სირცხვილო, ეჰა, მედეა
ნუთუ დაუშვებ ამ ქორწინებით
სიზიფეს მოდგმამ ასე დასცინოს
ჰელიოს ღმერთის შთამომავალსა".
ევრიპიდე ,,მედეა"

მიალივლივებს ციცქნა ტალღებს
თეთრი მდინარე,
დაბურულ ტყიდან გზა მოჟონავს
როგორც რძის ქაფი,
დგანან კლდეები საუკუნო
ბინდის წინარე,
სივრცე კი გარბის გარდასული
ჟამის სისწრაფით.
ცა გათანგულა გაუღვიძარ
სახეთა მზერით,
დგას აიეტის ფუძე-ციხე
ბჭემორღვეული.
შრიალა ბაღებს ეცრიცებათ
თანდათან ფერი,
კოლხეთის ველზე დათარეშობს
ქარი- ცერბერი.
მიდის მედეა...
სამუდამოდ გადადგმულია
მზის ნაშიერის ნაბიჯი და
ნაბიჯი ტანჯვის.
ამ გზას გაჰყვება ყველა, ვისაც
მარტო გული აქვს
გამორეცხილი ფიონებით,
ნათელი განსჯის.
გაღმა ქედი წევს, ვით დაღლილი
ძველი სხეული,
ვით დამსხვრეული ხერხემალი
მზიურ კოლხეთის.
გედივით მოჩანს სამლოცველო
ჩამოქცეული,
გაბზარულ სივრცეს ვერ აღვიძებს
ხმა შემოქმედი.
მთებს გადაჰკივის ჰელიოსი:
ვის, ვის უვლია ამ გზით ჩემს გარდა?
მოასწარით, შებოჭეთ მდევრით!
მიდის მედეა,
სამუდამოდ გადადგმულია
მზის ნაშიერის ნაბიჯი და ნაბიჯი ერის...
ჰქუხს ჰელიოსი,
სხვათა გზების მანათობელი,
თვისი სხეულის დამდაგველი.
დამაქცევარი-
ეს მე ვარ მხოლოდ
და რომ იქცეს სახელ მშობელის,-
შვილს ეს დაღუპავს,
დააწიეთ ჩქარა მდევარი!...
ფაზისის ჭალებს გაუვალი
სიბნელე ერთვის,
მიდის მედეა, და უცნაურ
აჩრდილებს იკრებს.
ხელთ არ უპყრია ჯადოსნური
თავისი კვერთხი
და უცნობ სტუმრებს გზას ულოცავს
დაღლილი კირკეც.
შავი ზღვის ტალღა დამსხვრეული
სარკის ხმით წივის,
დამ გაიარა ძმის სისხლზე და
გაასწრო მდევარს.
სისხლის წვეთი და შორეული
ვარსკვლავის სხივი
განზავდა წყალში და გაიხსნა
კოსმიურ ღელვად.
ადამიანურ ლტოლვის სამანს
ვინც გადასცდება,
შეუერთდება ვინაც ტალღებს
უსაზღვროების,-
შიგნით და გარეთ მას საწუთრო
გაუმკაცრდება
წამების ნაყოფს ამოიყრის
მისი რტოები.
წამება არის შენი გზა და
სისხლის ნიაღვრით
შენი ხალხის გზაც წაირღვნება
სულო ეულო!
ეჩურჩულება ქალის ფიქრებს
ზეცის წიაღი,
მიდის მედეა და მიჰკივის
ხმა უსხეულო...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი