შხარაზე
(მე ვყოფილვარ შხარაზე... მხარბეჭიანი ცხრათავიანი მთის ერთ-ერთ მწვერვალზე. მისი კალთებისკენ სულ ორჯერ გავწიე, ორ სხვადასხვა ზაფხულს, სხვადასხვა ხალხთან ერთად და ორივეჯერ ვაჟა ძიამ, ალპინისტების ბანაკის უფროსმა, დაგეგმილი მარშრუტები ჩემ გამო შეცვალა, რადგან მიხვდა (თუ იგრძნო), რომ ძალიან მინდოდა, ჩუმი ოცნებით მივწვდენოდი ამ მთის კამარას...) შხარაზე ასვლამდე მის ხეობაში სხვა მთებზე უნდა გვევარჯიშა. ხეობის ქედის ერთ თოვლიან მთას ვახუშტი ერქვა, თოვლიანი ფერდით შევუყევით, ყინულის ნაპრალებს გვერდს ვუვლიდით, მწვერვალზე ასულებს ჭექა-ქუხილის შავი ღრუბელი წამოგვეწია, ჩვენ თვალწინ სკდებოდა მეხი მირანგულასა და ნამურყვამზე, გიჟებივით ჩამოვდიოდით თხემზე, სეტყვა სახეში გვცემდა და მეხის ხმა - ყურებს გვიხეთქავდა... შხარა გადაიდო... მეორედ წავედი. ისევ გადავედით ვახუშტის ულამაზეს უღელტეხილზე, რომელზეც, წინა წელს თოვლი რომ იდო ივლისში, ახლა ხელისგულისხელა იასამნისფერი გვირილები გაშლილიყო ყვითელი გულებით... ამ ჯერზე შხარამდე ორი მთა გველოდა - ორი კლდოვანი მწვერვალი საოცარი კედლებით, რომლებზე ცოცვა ცალკე სიამოვნებაა - გარშემორტყმული ხარ თოვლიანი მწვერვალებით, რომლებიც სულ ერთი ხელის გაწვდენაზე არიან, თითქოს შემოგცქერიან და გეკითხებიან: - აბა, ჩვენო ლამაზო გოგო, როგორ მოგწონს აქაურობაო? ოქროს ჩარდახი და ქარიშხალა გადავიარეთ და ჩამოვედით, ჩამოვედით და კარავს მივაშურეთ... უკვე სამშვიდობოს მეგონა თავი, როცა ზემოდან მიწამოყრილ ყინულის ნაპრალში ჩავაბიჯე და ჩავვარდი მკერდამდე, ფეხები სადღაც სიცარიელეში დამეკიდა, ვიგრძენი, თითქოს დამალული უფსკრული მყლაპავდა! შიშითა და წვალებით ამოვედი. ბანაკში გაცნობილმა ბიჭებმა ახლოს მოსვლა ვერ გაბედეს - არ ჩანს, სადაა ნაპრალი და ჩვენც არ ჩავცვივდეთო. მაშინ ვინატრე, ის ბიჭები მყოლოდნენ გვერდით, ვისთან ერთადაც ხშირად მივლია... გაბრაზების დროც არ იყო და რომ ამოვბობღდი, გამიხარდა, რომ ნაპრალის ნაპირს მივაგენი (და ის აღარ ჩატყდა). მეორე დღეს კი გეზი ყველას შხარისკენ გვქონდა. ჩახრამულ ხევში, სადაც ენგური იბადებოდა, ჩემზე დიდი ლოდები ფეხის შედგმისას ქანაობდნენ, მძიმე ზურგჩანთა ხანდახან უკან ისეთი ძალით მექაჩებოდა, თავდაყირა გადავარდნას რომ არაფერი მიკლდა. კარგა მაღლა ავედით ღამის გასათევად. ყოველ ხუთ წუთში სკდებოდა მაღლა კალთებიდან ყინული და ზვავის ჩამოყრის ხმა კარგა ხანს ისმოდა - თითქოს მთა გველაპარაკებაო. ამ ხმების ქვეშ გვეძინა. დილის ხუთზე ავდექით, მე არც მძინებია, უფრო ადრე ადგომაც შემეძლო, გაყურსული ვიწექი კარავში და ზვავების გასკდომისა და ჩამოყრის ჩხრიალს ყურს ვუგდებდი. მერე სიბნელეში თეთრ ფირნზე ავდიოდით... ფირნი გაყინული თოვლია, ფერდი ძალიან დახრილია, ჩვენ წრიაპები არ გვიკეთია და შეიძლება მოწყდე... - შეიძლება მოწყდე! - რეკავს ტვინში ეს ორი სიტყვა და ბიჭებს ვეკითხები - წრიაპები რატომ არ ჩავიცვით? აქ რომ მოწყდე, ხომ გაფრინდები? - არა, არ უნდა მოწყდე, ფირნი გიჭერს, თუ კარგად დადგამ... და მახსენდება, რომ იშვიათად, როცა თბილისში თოვლი მოდიოდა, როგორ მეშინოდა დაღმართზე სიარული, როგორ ვეცემოდი ხოლმე, ბაკურიანში კი რატომღაც მხოლოდ ზაფხულში დავდიოდით... ასე რომ, თოვლი ახლოს მხოლოდ აქ, მთებში გავიცანი. და ახლა გაყინულ თოვლზე მხოლოდ ბათინკების წვერებით ვაბიჯებ, უნდა დამიჭიროს, უნდა ავიდე, უნდა დავმშვიდდე, შიში კი მიშლის. შიში მიშლის და აღარ მჭირდება. წავიდა, მორჩა. და მიდის... მიდის შიში და მოდის აღტაცება - ცა რიჟრაჟდება, შხარას ყინულები ალისფრად ელავენ, თვალი გამირბის... ფირნს კლდეები ცვლის და ვხვდები, რატომ არ გვაცვია წრიაპები, აქ ხომ საცოცია, ფრიალო ფერდზე, უცებ ამოჩრილ კლდეებზე... მე მიყვარს ცოცვა - ზევით და მაღლა, როცა გზის ცქერისას ცას და მზეს ხედავ! მე მიყვარს ასვლა! კლდეების თხემზე ლამაზი ხედია - ზემო სვანეთის სოფლები ჩანან და მწვერვალები. დგახარ ქედზე და ყველა მთა თითქოს შენ გიყურებს - მესალმებიან და ისევ იმას მეკითხებიან - აბა, როგორ მოგწონვართ, ჩემო ლამაზოო? - თქვენ გვერდით მე როგორ უნდა ვიყო ლამაზი-მეთქი, - გულში ვპასუხობ, მომენატრეთ-მეთქი, რამდენჯერ დამსიზმრებიხართ!.. უხარიათ ბავშვებივით და ცივ სიოს მილამუნებენ აწითლებულ ღაწვებზე. მწვერვალი გამოჩნდა და სამივე ბიჭი ჩერდება - მითმობენ, რომ პირველი ავიდე, დაღლილი ფეხები და ხელები თავისით მიჰქრიან კლდეების თხემზე და მგონია, რომ სული ამომხდება, ისე მინდა, უფრო ჩქარა ვისუნთქო, რადგან ჰაერი აღარ მყოფნის... და, აჰა, აქ ვარ - ესაა მწვერვალი, ყველა მხრიდან ქარი მცემს და მილოცავს. და წერილს ვპოულობ ქვებში. ჩვენსას ვწერ ორ ენაზე და ვამთავრებ ასე (როგორც ყოველთვის): „ბედნიერ დაშვებას გისურვებთ!“ და ძალიან მინდა, გაუხარდეს, ვინც ჩემს ნაწერს ნახავს... და აი, ახლაც მერამდენედ, თითქოს ვიდექი ისევ იმ მწვერვალზე, რომელიც, ვინ იცის, ახლა როგორია, ვინ იცის, ვინ აიღო ის ჩემი წერილი, ვის დავულოცე უკან დასაბრუნებელი გზა და ამით გავახარე... კიდევ ვინ გადახედა ყინულით აპრიალებულ მთებსა და საკუთარ თავს ზემოდან... ვინ იცის, ჩემს შემდეგ ვინ გაიტარა ნერვებსა და კუნთებში ფირნზე მოწყვეტის შიში და სადღაც მოისროლა... ვინ ჩაეხუტა ალიონს თხემზე და მიხვდა, რომ ფრენა უფრთებოდაც შეიძლება თურმე, როცა მიწას არ სცილდები... ვინ იგრძნო ჩემსავით, რომ თუკი ფრიალო და მოლიპული ფირნის შიშს დაივიწყებ, თუ იფიქრებ კარგზე და მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ აივლი გზას, მოეჭიდები ნებისმიერ წიბოს ნოტიო კლდეზე, უფრო მყარად დადგამ ფეხის წვერებს შვერილებზე და ნება-ნება, მტკიცე ნაბიჯით აუყვები განთიადამდე - დიდხანს ნანატრ მწვერვალზე ახვალ!.. მას შემდეგ კარგა ხანი გასულა... მაგრამ არ მტოვებს იმის განცდა, რომ - მე მაშინ, მაღლა, ვიყავი, შხარაზე და არასოდეს ჩამოვალ იქიდან! 21 მარტი, 2022.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი