უშენოდ
უშენოდ უშენოდ ჩამოსხდნენ ნისლები ფანჯრის რაფებზე, უშენოდ დააფარეს საბანი მოლურჯო ქედებს, უშენოდ თვლემენ ჩემ გარშემო და ღრმად სუნთქავენ, უშენოდ ევლებიან თავს ხეებს ჩიტებს, ჩემს ფიქრებსა და სიყვარულს, უშენოდ შემოდიან ჩემს ოთახში - ბავშვების სულებით ავსებულ ლარნაკში, სადაც ყვავილების ადგილი აღარ დარჩა, რადგან ბავშვებმა აავსეს ყოველივე, ყველა გრძნობა და ყველა ჭურჭელი, ყველა ნატვრა და საფიქრალი... ბავშვი შემოსახლდა ჩემში და ბავშვურად მოფერებას მთხოვს. ეს ნისლები კი, უშენოდ მოცურებულნი, მოახლოებულნი და მოდარაჯებულნი, უფრო მახსენებენ უშენობას, უფრო მატკიებენ უშენობას, უფრო ჭრილობებივით იხსნებიან, ვიდრე ადრე - მალამოსავით რომ მესალბუნებოდნენ მწვანე თვალებსა და მწვანე შეგრძნებებზე... უშენოდ მოდის გაზაფხულიც, მარტი მარტობს და გული ყვავილობს, უშენოდ რეკავს ზარი და მეძახის სადღაც, იქ, უშენოდ რომ უნდა მივიდე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი