სევდიან სულთა ვარ მე უფალი


ნუთუ ჩავიდა ჩემთვის მზე თეთრ მთებზე საბნად გადაფენილი?
ნუთუ მივყავარ ართავოზს საკლად ბედკრულად ყელმოღერილი?
ცრემლს ღვრიან ჩემთვის მუხნარ-ფიჭვნარნი, ყვავილნი ველმოფენილნი,
მე ვარ ბალახი არხოტის გულში, სიკვდილის მიერ ცელილი.


გულ-ღვიძლს მიკორტნის შავი ყორანი, ვითარ ამირან ტანჯული,
მხოლოდ ჩემია ეს სატანჯველი ბინად კი ცივი ქვაბული,
გლოვის ბანს მაძლევს ნგრეული თეჯისი, ავრანლო, მცხეთა, აბული,
ვერ მიპოვნიან როგორც თილისმას ცხრაკლიტულს გადაკარგული.

სულის გისოსებს მიღმა არ ვიცი როგორ ამოდის ბარბალე,
ეს ხორცი მყრალი მეტად დავსაჯე სული კი ფრიად დავღალე,
საიდუმლოთა წიგნი მიჭირავს ბეჭედიც ცხრავე ავყარე,
შენ ჩემო მთვარევ, როს მიწას ვიყო, თეთრ მუჭით მიწა მაყარე.

განდეგილი ვარ სამყაროს მიერ სამყაროს უფლის მონა-მორჩილი,
ძმა ვარ უმცროსი მარტოობისა და წუთისუფლის მე ვარ დობილი,
სევდიან სულთა ვარ მე უფალი, ტანჯვის აკვანში მხოლოდშობილი,
აღარ მოველი ღმერთთა წყალობას, აღარ ვარ მათ მიერ ბრძოლად ხმობილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი