თეჯისის გოდება
ცა ტანჯვად გადაჰკვრია ნაცნობ ბილიკებს, ტირი, თუმცა შენს ხმას ნეტავ ვინ იგებს, უძველეს ქვებთან ღვრი ცრემლებს მდუღარეს, ღამით კი უცქერ ცაზე ელვარე მეხებს მქუხარეს. სევდა თეთრ კაბად გმოსია ტანად, იხსენებ წარსულს და ისევ იქ დგახარ, სადაც იდგა შენი ოცნების ბურჯი, დგახარ უიმედოდ და ისევ უცდი. არავინ ისმენს გოდებას შენსას, უყვები ამბავს შენს თავზე ზეცას, ტირი და მაღალი მენჰირი გაძლევს ბანს, დილით წვიმა შენი სახიდან ცრემლებს ჩამობანს. დაფლეთილ გულს ავსებს ქარი მდუმარე, რას ელოდები მითხარ სულო ტანჯულო, ოცნება ფერფლად გექცევა უმალვე, სულო ტყეებში გადაკარგულო. იმედს მოელი აისის შემყურე, იმედს, ჩაფერფლილს არაგვისპირად, ხმამაღლა მოთქვამ, თუმცა კვლავ ელი, იმედს კი ფსოუს ნაპირთან სძინავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი