მეც იქ ამიგეთ ყორღანი, ძმებო
წყვდიადით მოცულ ტყეთა ფარდულში, წინაპართ სისხლიც სად ნახეთ მთებო, სადღაც, მთის იქით გადაკარგულში, მეც იქ ამიგეთ ყორღანი ძმებო. სად დარაჯებად მყინვარნი მარად, სად მინდორ-ველზე დაღვრილა სისხლი, სად ოჩოკოჩი ცრემლებს ღვრის წყნარად, მანდვე ჩამოწვეს ყორღანზე ნისლი. სად ჩემ წინაპარს სისხლი უღვრია, და დაცემულა მუხაზე მეხი, ბუნების სატრფოს სადაც უვლია, შეუხებია მიწისთვის ფეხი. იქ სად ბარბალემ სიცოცხლის სხივი, უკანასკნელად მიწას შეახო, ისე არ მოვკვდე, მტრების სამარე, საკუთარ მიწაზე გათხრილი არ ვნახო. იქ სად იღება სულეთის კარი, ვერ მოაღწიოს კუპრის ალებმა, სად მარად იკვრება ოქროს ქნარი, მეც მათთან მსურს გარდაცვალება. და სად მომკვდარა ჩემი იმედი, იქ თქვენ დამყურებთ მრისხანე მთებო, სიზმართ ადგილზე, სად ვერ მივედი, მეც იქ ამიგეთ ყორღანი, ძმებო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი