მამბერ
სვანეთის მთების დიდო უფალო, სავანე გიდევს გაუვალ კლდეზე, როს მზე ამოვა შენ ჯერ არ ჩანხარ, დადგება ღამე და ნადირობ მტრებზე. მთვარის სხივებზე გიბწყინავს ბეწვი, მგლისთავა ღმერთო მე შენ მოგიხმობ! მობრძანდი და ვლესოთ ერთად ხმალი, აგვინთე გულში შენ ცეცხლის ალი! დიდებულად ჟღერს სახელი შენი, თვალები მარად გაქვს ანთებული, გესმის მთებიდან მძიმე ყმუილი? ეს მამბერია განრისხებული. შენს დიდებაში მარადის ნათრობს. მსურს ვიყო შენი ერთგული ყმა, და დაისაჯოს შენ წესთა მბილწავი, გაიგოს ბოლოჯერ მრისხანე ხმა. ხროვა მიუშვი ბრიყვების სახლზე, სად დაუდია ბინა წყვდიადთა ღმერთს, ერთად ვეძგეროთ ბნელეთის მონებს, ვინაც ბილწავდა შენ წმინდა მთებს. მგლებსაც აუხსენ პირი მამბერ, დაე არ იყოს აწი დანდობა, გაინავარდე შენ ჩემო მამბერ, და მოგვიწიოს მტრის სისხლით თრობა. მგლებსაც აუხსენ პირი მამბერ, და შეუსიე ურჯულოთ სოფელს! კვლავ გაიმართე და ფეხზე დადექ, ომი აჩვენე მშვიდომისმყოფელს. ვეღარ ზრახავდა ცრუ მოდგმის ღვთაება, ვერ ედებოდა წმინდა ველს ბილწი ტყუილი, ბრძოლა დამთავრდა, სოფელი აოხრდა, მაინც ისმოდა მთებიდან მგელთა ყმუილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი