იტყოდა ბებიაჩემი- ელენე ჭელიძე


იტყოდა ბებიაჩემი-  ელენე ჭელიძე:

ვისაც ახალგაზრდობაში არ ვუნახივარ, ბებია, ახლაც ნუ მნახავს!

ორი ადამიანი რომ დაობს, ნურც ერთს ნუ გაამართლებ,  შენს წინაშე ორივე მართალია.
თუ სიკეთე გინდა მათთვის, ორივე უნდა გაამტყუნო.

შენ,  მზეს  რომ მიეფიცხები, თბები და ... თვალებს მილულავ, ბებია. გაახილე უცებ თვალები და...  გარშემო მიმოიხედე, იქნებ, შენს ჩრდილში- სხვას სცივა, ადექი და  მოიცვალე, ბებია  ადგილი!

სანამ ცეცხლს დაანთებ, შეშას მადლობა უნდა გადაუხადო... ერთ დროს, შენც  სხვის სანაცვლოდ  დაიფერფლები ბებია და... უნდა ღირდეს, ეს ყველაფერი!

დედაჩემი რომ  შენიშვნებს მაძლევდა, თავს უხერხულად ვგრძნობდი... ახლა, შენ რომ გაძლევ ბებია შენიშვნებს,  მაინც უხერხულობის განცდა მაქვს. თავმდაბლობაა- ყველაზე დიდი  და კეთილი საქმე!

შენ  გაიზრდები ბებია, ასეც უნდა იყოს. ეს ალუჩის ხე, ასე რომ გიყვარს, ესეც დაბერდება და დაეცემა. შენ კი, მის ადგილზე ახალი ნერგი ჩარგე - ალუჩის,რომ შენი შვილიშვილის თვალებისთვისაც, მზე ალუჩის ხიდან ამოდიოდეს- ამ სოფელში.
ეს დარიგებაც  გადაეცი მას, ჩემგან -ანდერძად!

სოფლის ბოლოში რომ ბერძენაძეების სახლი დგას, ის არის, ბებია, სოფლის  დასაწყისი- ამთავიდან, როგორც  თავხელიძეების ბოგირი და კახიანების სახლია დასაწყისი- იმთავიდან. სოფლიდან, ისე ნუ წახვალ ქალაქში, რომ მათ ორივეს არ დაუბარო :მალე მოვბრუნდები თქო!

წელს,  ბევრი თოვლი ჩამოყარა ცამ, ბებია.
ჩვენს გვერდით  ეზოში ზურაბის  ნასახლარზე თოვლი იმხელაზე აშენდა, აღარც მინდოდა დამდნარიყო. 
დადნა და ... გული მომიკვდა...

რაც მეტი ადამიანი გეყვარება, ბებია, მეტი ტკივილი დაგაჩნდება გულში. მარა, რაარი ბებია იცი? ის, შენს გულშია და... ვერავინ ხედავს.
არც შენ შეიმჩნიო. დრო თავად წაშლის ტკივილს, ბებია.
მოვა,მერე, ის...ქალია  იქნება, თუ კაცი და... წყენას თუ ვერ დაინახავს შენს სახეზე, ორმაგად კარგი გახდება.
შეაძლებინე, ბებია, სხვასაც- ადამიანობა!

_შენს თვალებში ბებია, მარტვა მზეს ვხედავ.
არასოდეს იტირო, ბებია , თუ არა მზეს წაშლი.
_ბებია,მზე, ცაზეა და... მე  როგორ წავშლი?!
_ ცაზე რომ მზეა, ბებია, ის მზე, ჩვენი თვალებიდან ამოდის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი