წერილი მონატრებულ შვილებს!


წერილი მონატრებულ შვილებს...
 
თქვენ რომ ხართ, ეს, უკვე ჩემი გამარჯვებაცაა და სიცოცხლის გვირგვინიც . ისე გზრდიდით, ცივი ნიავი, ავი თვალი და  ტკივილი არასოდეს მოგკარებოდათ. 
მიყვარხართ, როგორც ღმერთის საჩუქარი და... როგორც შვილები.
ვერაფერს ვიტყვი, იმის შესახებ,ასეთი  რომ არ ვყოფილიყავი, აბა როგორი ვიქნებოდი-თქო... ალბათ, ისევ ასეთი, რადგან სხვაგვარად ალბათ არ შემეძლებოდა. მიყვარხართ, იმაზე მეტად ვიდრე წარმოგიდგენიათ და მენატრებით მუდამ, გვერდით მყოფიც კი!
არასოდეს მიფიქრია  და... არც არასოდეს დავმდგარვარ ფაქტის წინაშე, რომ მეთქვა : ალბათ დავაკელი რამე, იქნებ აქ შემეშალა, იქნებ სათანადოდ ვერ   ვუთანაგრძე.
პირიქით, ყოველთვის ვფიქრობ,  თქვენთან  რაც დავთესე ათი იმდენს ვიმკი- თქვენით. თქვენს გაღვივებას და განშტოებას ჩვენი სახლის ჭერში რომ მზე  ეკიდა,  მზე-სიყვარულისაის უწყობდა ხელს.
მშობელი ვარ და ვიხარი თქვენით.არ ვწუხვარ, პირიქით მგონი მე გაწუხებთ ხანდახან,  რამეზე დაჩივლებით, მერე კი ვდარდობ, რად მივეცი შვილს სადარდელი-თქო. ვიცი როგორებიცა ხართ და იმიტომ.
მომდევნო დღეს კი, ისე ვიქცევი თქვენთან საუბრისას, რომ საუბარშივე გავიწყებთ მოცემულ სადარდელს, თითქოს არც კი დამიჩივლია არასოდეს.
კარგები ხართ და მუდამ  მეიმედებით.
...და მაინც, როდესაც  გაიგებთ, რომ პაპაჩემის აგებულ საფეხურებს  ან ქარმა შემოუტია  და ან ხავსი მოედო, ყველას დაასწარით და თქვენ გაამაგრეთ.
არასოდეს დაგავიწყდეთ, თუ მშობელი გიყვართ,  თუნდაც გარდასული.რაც მას  უყვარს,ან უყვარდა, ისაა თქვენთვის წმინდათწმინდა. 
როდესაც წინაპრის დატოვებულ  ჭასთან მიხვალთ, წყალი რომ დალიოთ,  ჯერ შიგ ჩაიხედეთ  და ჩასძახეთ:
- პაპაჩემო, გაცხონოს უფალმა ამ ჭის ამოყვანისთვის,  რომ მწყურვალი არ დამიტოვე ეზო- კარი თქო.
მერე, სხვის დატოვებულ ცარიელ სახლ-კარსაც შემოსძახეთ :  ხომ არაფერი გიჭირთ სახლებო?! ჩამოიარეთ მიმდევრობით და ყველა სახლის სახელურს შეეხეთ ხელით, რომ  შეჩერებული გულისცემა აღუდგინოთ . კარს იმედი მიეცეს  გაღებისა. იღონდ იმედის ამარა ნუ დატოვებთ, შეაღეთ  და... ისევ გამოხურეთ, რომ ისევ დაელოდოს გამღებს.
სოფელს, სხვანაირი მოფერება სჭირდება შვილებო.სოფელში მიწა სუნთქავს ...აბა ასფალტში მოქცეულ მიწას სუნთქვა წართმეული აქვს. ამიტომაა სოფელში :სხვა სითბო, ჰაერი და სიყვარული.
მიწაა ეს ყველაფერი,-
ყველაფრის საწყისი და მარადისობა.
უკან გამობრუნებულს კურცხალი რომ მოგადგებათ თვალზე, მაშინ იგრძნობთ ჩემს ხელს, რომელიც  ცრემლს მოგწმენდთ.
...ახლა, სხვა ცხოვრებაა შვილებო. ცხოვრება მაშინ უნდა გენახათ, მე რომ პატარა ვიყავი. 
ყველა ეზოში მისი წილი მზე ენთო და   ზენიტში რომ ავიდოდა ამდენი მზე ერთად-ცაზე  და...დიდ თაიგულს შექმნიდა გვირილებისას, მაშინ ექვსი ძმის სახლ-კარის  გაუღობავი ეზოებიდან - ყველას მისი სახლის ნამზადი მოჰქონდა და ჩვენს ეზოში რომ ხეჭეჭური დგას, სუფრა იქ იშლებოდა. საჭმელი კი არავის უკვირდა შვილებო, ეს სიყვარული  გახდა დღეს იშვიათი და გასაკვირი.
მე, ამას იმიტომ გიყვებით  შვილებო, რომ მერე, თქვენს შვილებსაც მოუყვეთ და შეაყვაროთ  ადგილი, საიდანაც მათი ფესვებია. უფესვო ხე, ხომ   იგივეა, რაც  უწყლოდ ჭა.
გიყვარდეთ  და პატივი ეცით იმას, რაზედაც მშობლები ხშირად გესაუბრებიან, რომ შემდეგ და... შემდეგ, თქვენს შვილებში და შვილიშვილებშიც გააგრძელოს  სიყვარულმა არსებობა.
დღეს, ტექნიკამ ჩაანაცვლა ურთიერთობები, მაგრამ თუ ადამიანს მზე უყვარს, მას ვერც ეკრანიდან აღიქვამს და ვერც ფურცლებიდან .გიყვარდეთ  მზე- ცაში, თქვენს გულში და სხვის თვალებში და   ღმერთი არასოდეს გამოგილევთ  მას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი