შეშლილი შინდები...
შეშლილი შინდები! /აქაურმა შინდებმა-რაჭის გზა მომაგონა/ მტვრიან პარკებიანად სულ შეშლილო შინდებო, დანთებულხართ კლდის პირას, მზეს შესცინით ხარხარით... თქვენს შემყურეს ცის კალთებს გადაყრილი ბინდებით დილით მზე და... საღამოს ჩასული მზე დაჰხარის! დარს - ავდარი პირისპირ ედღემეხვალიება, ისეთი სამზერი ხართ, არ წარგტაცონ ფატანი... ფუტკარს, თქვენით „გალეშვა“ მაინც ეპატიება, რადგან სიტკბოდ ინახავს თქვენგან ძალით გატანილს! ეგრემც, თვალი დაუდგეს თქვენს შემყურე ხრიოკებს - დანესტრილებს იერით, დედოფალა ნუშების, მოხვალთ, მოხარხარდებით კლდე-ღრეს ააწიოკებთ, ქარის კორიანტელში მტვრიანით ნამრუშები! ქარს ირიდებთ, ნებდებით: ხან სიწყნარეს, ხან სიოს - კლდე-ხრიოკზე, მაინც ხართ ცამდე მოხარხარენი. როგორ ძალგიძთ, წარსულზე ფიქრი შემომასიოთ მომატაროთ სამშობლო და ნატრული მხარენი! კლდეზე შეფენილო და მოქათქათე შინდებო, დანთებულხართ ციცაბოს, მოგიქარგავთ კიდენი... თქვენი მზერა აქ არა, სამშობლოში მინდა და... ამიშალეთ ფიქრი და... ფიქრებს გავეკიდები! ქარს ირიდებს ღამე და ...დღე კი ჩამოატარებს, ჰა, საცაა ყვავილი დასთმობს გვირგვინს, მტვრიანებს ... შინდის ყვავილთ დიდებს და... შინდის ყვავილთ პატარებს- უნდა გავყვე, თუ არა... დარდი გამატიალებს! ... მტვრიანპარკებიანად სულ შეშლილო შინდებო, დანთებულხართ კლდის პირას, მზეს შესცინით ხარხარით! Khatuna Katerina Tsikoridze Bagdateli
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი