ჩემს ქუთაისს!
ჩემს ქუთაისს... დათბა სულში, ჰა, საცაა მარტიც მოვა, როგორ შვენის გაზაფხული - იმერეთს! დაიწყება ტყემლითა და ნუშით თოვა - დღეც და ღამეც სიყვარულზე იმღერებს! გზად გადმოჰფენს, საფიჩხია წითელ ტყემლებს, ფუტკარი რომ გვირგვინს ჰკოცნის ყვავილში... მზე, ქალაქის სიყვარულში გაგახელებს ფიანდაზებს ქუჩა-ქუჩა გაგიშლის! „ბაგრატიდან“ მოედება „ბჟოლებს“ სიო - გრილი სიო, დღემდე ნასათუთევი... მოგაძახებს გამომყევი ყვავილშიო, რიონისპირს გაფენილი თუთები. ჩემს ქუთაისს - შემოქარგულს მზით და დარით, თეთრ ფერს მოჰფენს „გორას“ მხრიდან „საკირე“... და ქალაქი მეფეების - ნატახტარი თავს და ბოლოს ერთმანეთში აგირევს! მოვედები, ღობე-ყორეს - ამ მარტის თვეს, პროსპექტს არა, გადავხედავ „ბარაკებს“ - გავიხსენებ იმ ბავშვობის - ლამაზ სიზმრებს და სიზმრებთან ჩუმად ვილაპარაკებ... ჩემს ბავშვობას გამომწყვდეულს „ზასტავაზე“ გაუთბება სკოლის გზა და სახლის გზა... გზას, რომელსაც უწყვეტ ხაზად დღემდე გასდევს სიყვარული მთებისა და ბარისა. ქუთაისო, შენ ხარ მზის და მთვარის ხიდი, მე კი მგზავრი - შენში დავალ სიზმრებშიც... ვწერ, რომ გზები მთებთან, ზღვებთან... სად არ მიდის მაგრამ მხოლოდ შენს გზას ვხედავ ფიქრებში! დათბა სულში, ჰა საცაა მარტიც მოვა, როგორ შვენის გაზაფხული - იმერეთს! დაიწყება ტყემლითა და ნუშით თოვა - დღეც და ღამეც სიყვარულზე იმღერებს! Khatuna Katerina Tsikoridze Bagdateli 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი