სიზმრად ვნახე მამა!
სიზმრად ვნახე მამა! სარკმლის მიღმა მაგნოლია ღელავს, მე კი, ფიქრში... კომშს ვიხსენებ სოფლად. ჟალუზიდან ცა ჩანს სარკმლის ხელა ხდება, მუჭა ცა გერგება ყოფად! ამოუთქმელ ლექსს ვიფარებ საბნად - ტირეების ჰორიზონტზე ვწვები... ცისფერ ხაზთან ჩემს თავს ვუმზერ საგნად - მსურს ავიღო, ხელს ვიშვერ - ვერ ვწვდები! ჩვენი სახლის სახურავი მზის სხივს - ირეკლავს... და ორღობეებს ანთებს. იქ კი ახლა მამაჩემი მიცდის - ჩემი სულის და სიკეთის მნათე! გაუვსიათ გზის ნაპირი ჭინჭრებს - ვეხები და ვერ ვგრძნობ მათგან სუსხვას... გზებზე ვეძებ ნაცნობ გოგო-ბიჭებს, მე კი ვხედავ გოგო-ბიჭებს სულ სხვას! მიდის მამა, გზადაგზა ჭრის ანწლებს, ვეძახი, ხმა ცრემლმა დამინამა... სად მიდენის ქარი ნეტავ ამ წლებს?! ვერაფრით ვერ დავეწიე მამას. წავიდა და გადაევლო მთა-ველს ვერ ვიგრძენი, მისი სითბო ახლოს... ვიკმარებდი დედამიწის მტკაველს, თუნდაც წუთით, მამა ცხადში ვნახო! ... სარკმლის მიღმა მაგნოლია ღელავს მე კი, ფიქრში... კომშს ვიხსენებ სოფლად. ჟალუზიდან ცა ჩანს სარკმლის ხელა, ხდება, მუჭა ცა გერგება ყოფად! Khatuna Katerina Tsikoridze Bagdateli
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი