მამულო!
მამულო! აღარ მყავს ხარი - საგუთნე, მიწა მომცქერის გამწყრალი, აუტეხიათ ყვავ-ყორნებს უთოხარ ტყეში წანწალი. საგზალ გამომშრალ ბერწ ძროხას აღარ ჟღარუნობს ეჟვანი რა არის წუთისოფელი - ის ხანია თუ ეს ხანი. აყვავებულა, უკაცოდ,სახარდნედ თქმული ეკლები, მიტოვებულო სახლ-კარო, ყელთან ხუნდივით მეკვრები. ვაი, რა გიყვეს მამულო, რა ჭირი დაგიტრიალეს, მიწა დაგიჭრეს, წაგგლიჯეს და ცხვირწინ აგიფრიალეს! რამდენი მადლი გქონდა და... მაინც შეგყარეს კირთება, წართმეულ მიწებს ცრემლი სდით საგალობლების ზვირთებად. ვაჰ მე, ტაო და კლარჯეთო... ქართველმა როგორ ვერ გნახოს, რა შორს ხარ თვალთა სამზერად, სულთან მარადის ხარ ახლოს! ვაჰ მე, მამულო საუფლოვ, რად გერგო მტრები მეწილედ, შენ ხომ, შენივე სიმართლე, მხოლოდ სიმართლეს შესწირე! როგორ ავუხსნა ბადიშებს: ოშკი, ოპიზა, იშხანი... როცა არასდროს მინახავს მათი არც ერთი მისხალი. რა მოვყვე იქაურ ცაზე, ან რა ვიაზრო არაკად - ღვთისმშობლის კალთა ნაფარი, რატომ დამირჩი ზვარაკად?! მტკივა სხეული მიწებად, ვარ დარჩენილი ეული, მდივა და მდივა მაჯებში - სისხლი ცრემლებგარეული. აღარ გაკმარეს ღალატი, გფლეთენ ნელ -ნელა ყორნები, დედას გაფიცებ მამულო, საობლედ ნუ მეყოლები... დედა ხარ, ვერ მიღალატებ რაც უნდა ვიყო ,,უზნეო" უჩემ-შენობა ითქმება, ცა რომ დახატო უმზეოდ. შენა ხარ ჩემო სამშობლოვ, სამყაროს მზე და ნათელიც, ათიათასჯერ ამაყი ვარ, რომ მე მქვია ქართველი! მე ,ფესვები მაქვს ისეთი, ამას მოვუთხრობ ბადიშებს, ასიათასად დაგვჩეხეს, მაგრამ სისხლი ვერ გაგვიშრეს... მე მოვუყვები პატარებს,მთები რომ ნისლებს იფენენ და ბადიშების ბადიშნი, ტაო კლარჯეთშიც ირბენენ! მე წავალ მერე დავტოვებ, სულით ნაფერებ იმედებს რომ ღვთისმშობელი, სამშობლოს აღდგენას გამოიმეტებს... აბიბინდება, გლეხკაცის დაჭრილ მიწაზე მზე-ყანად, ერთიან საქართველოი-დ მოიხსენებენ ქვეყანას. ისევე გამოიზრდება ხარნი - დამხვნელი საგუთნედ, ჩამოიქნება სანთელი, წინაპართ პატივ საკურთხედ. ნუ გეშინია მამულო, დადგება შენი დიდებაც, რადგან წოდება ქართველი, ვერასდროს გაიყიდება! ხათუნა წიქორიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი