სანამ არ ჩამხრჩვალა ეკალ- ბარდში მოლი!


სანამ არ ჩამხრჩვალა ეკალ – ბარდში მოლი!

სანამ არის ღიად, მშობლის სახლის კარი
სანამ სახლში მამა მასპინძელი  არის, 
სანამ უჭრიალებს, ღვინის მარანს კარი, 
და გოგირდი ჭურში ამომწვარი არის!
სანამ ცხვება კეცში, ჭადი შქერის ფოთლით
სანამ სუფრაზე დგას, ღვინით სავსე ბოთლი, 
სანამ დასტრიალებს, ეზოს თავზე ქორი
და წიწილა თვეში მიჰყავს მაინც ორი.
სანამ გასხლულია შემოდგომას ვაზი, 
გაზაფხულზე, სანამ ვენახს კვირტი აზის, 
სანამ ისმის ჭაზე, ,,ვედრის" რახა-რუხი, 
სანამ დასდევს, ეზოს ურჩ წიწილებს კრუხი...
სანამ გეწვის ქარში თვალი „ფეჩის“ ბოლით, 
სანამ არ ჩამხრჩვალა ეკალ-ბარდში მოლი...
სანამ ჩამი-ჩუმზეც ეზოში ჰყეფს ძაღლი, 
სანამ სოფლის სახლის მოფერება არ გღლის!
სანამ გიხარია გვერდით სახლში შუქი
სანამ არ გვაშინებს, სოფლის გზაზე ბუქი...
სანამ გიხარია სოფლის რია-რია, 
სანამ ამ ყველაფერს მშობლიური ჰქვია.
სანამ არ გამხდარა სიყვარული ფარსი, 
წინაპრების საფლავს სანამ არ აქვს ხავსი, 
სანამ გააკითხავ მამას სათოხარში
და დოქს ღვინით სავსეს დადგამ პწკარის თავში!
ყოველ წამოსვლისას, სანამ ტირის დედა, 
სანამ გეუბნება, როდის მოხვალთ ნეტავ, 
სანამ ფიქრობ, ღმერთო, ნუ მომიშლი ამას 
ვახარებდე დედას, ვახარებდე მამას!
სანამ გხვდება, მშობლის სახლის კარი ღიად
მანამ სუყველაფრით, ცამდე ხელებ აწვდილ ბედნიერი გქვია...

ხათუნა წიქორიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი