ყაყაჩო
❤️ ყაყაჩო ოთხი ფურცელი ერგო გვირგვინად, დედოფლის სწორად მიაჩნდა თავი, არ ჰქონდა ფიქრი, რომ გასწირავდნენ, ფიქრი არ ჰქონდა არავითარი... ქარმა გვირგვინი რომ დაუშალა, ტკივილით სული ვეღარ მოითქვა, იმ ღამეს, მინდვრად ერთმა ყაყაჩომ, სამი ფურცლისთვის... თავი მოიკლა! ზოგს ფურცელ-ფურცელ უღირს ცხოვრება, ზოგი აშენებს ციხე-დარბაზებს, ზოგს ზიზილ-პიპილ არ უხდება და... ზოგს, ერთი ღიმი გაალამაზებს... ვერ შეელევი შენს სულს ვერაფრით და ვერ დაუთმობ, თავსაც ვერავის... ქვეყნად რამდენი მოკეთე არის, ორი იმდენი არის ვერაგი! მაინც შეაკლავ თავს - შენს პირადულს, უჭერო ცაში დადგამ ხარაჩოს, სამი ფურცელი ცხოვრებისათვის - თავი მოიკლა, მინდვრად ყაყაჩომ. ხათუნა წიქორიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი