მზეო ნუ ჩახვალ...


* * *
მზეო ნუ ჩახვალ, ამოდი, გამოანათე - გიცქერ, 
გადაიყარე ღრუბლები, მოგეფიცხები ისევ!
ამოდი შენი ჭირიმე, არ დამაჭირვო დაცდა, 
თორემ ამდენი ღრუბლებით, ოცნებებიც, ხომ დაცვდა!
ამოდი, თორემ უშენოდ, ამ გულს ძალიან სცივა
ამდენი, ღრუბლის შემყურე, თვითონ დავიწყებ, წვიმას... 
მზეო, შენს დედას გაფიცებ, არ მიეფარო - ღრუბლებს 
თორემ უმზეოს კი არა, მზიანებს ვეღარ ვუგებ!
ჰოდა, ამოდი, იბრწყინე, გულებში იგიზგიზე
ჩემს ბავშვობაში რომ იყო, მიწა მოხატე, ისე!
როდესაც თვალში მიყურებ, ჩემი სოფლის მთებს ვხედავ
და მახსენდება, ეზოში როგორ ფუსფუსებს... დედა, 
როგორ ჰყვავიან, შენს გულს ქვეშ, ჭიშკრის ბოლოსკენ მსხლები
მოგვაქვს, ის ძველი ხალიჩა და მსხლების ძირში ვსხდებით. 
შენ მისალბუნებ, ბავშვობის სწრაფად გარბენილ წუთებს
მზეო ამოდი, სჯობიხარ... შექმნილს ხელოვნურ შუქებს. 
ისევ კიაფობს, შენს სხივზე, ჭას დაკიდული წვეთი
ისევ, მიჭირავს ბავშვურად, შენს დასაჭერად ღვედი... 
ისევ დაგდევარ მიმავალს, ორღობეების გასწვრივ
შენს სხივქვეშ ისევ ისა ვარ, პატარა ანცი ბავშვი.... 
ამოდი, შენ შემოგევლე, ისევ ჩამხედე თვალში
თორემ ამდენი ლოდინით, ოცნებებისგან დავშრი... 
ამოდი, ისევ იბრწყინე, ო, როგორ მიმძიმს დაცდა
ამდენი უმზეობისგან,სიცივე, ზენიტს ასცდა...

ხათუნა წიქორიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი