დედაჩემი


* * *
ზის დედაჩემი  - ბუხრის გასწვრივ, მხრებზე თავშალით
რულმოდებული თვალით უმზერს მიღმეთს დარაბის...
ღობის კიდესთან ტირიფის ხეს ქარი - აშარი,
ტოტებს აწნის და  შოლტავს  ერთი დავიდარაბით.

ჩაფიქრებული  უმზერს სარკმელს...  დედა - ბრძენქალი
ვინ იცის, ახლა რას უთავსებს ფიქრების ვერთქმას...
ჩვენ, დედის ძალა   გვათბობს სულზე ,როგორც მერქანი -
იფარავს  ხის ტანს  და არიდებს წვიმას და სეტყვას!

ეზო-გარემო დედის მაჯას  უსმენს და ერთვის,
აპრილია და ტიტებს  უშლის მზე თავმომწონედ...
ღრუბელი   მაქმანს უკრავს ბაფთად კენწეროს ვერხვის 
ჭაც კი, გულს ივსებს ანკარა წყლით - კარბსაპირწონედ.

ელიცლიცება მზის სხივები სარკმელს დედისთვის,
ბუხარი სითბოს, დედის სხეულს - უთმობს მთლიანად...
გმადლობ, უფალო, დედაჩემის დაბადებისთვის,
რომ შენი მადლით  მომავლინა ადამიანად!

დედის თვალები, მომლოდინე,  ცრემლით ავსილი
ძალს უფრო გვმატებს, რომ ვიხადოთ   საწუთროს ვალი...
ღვთისმშობლის ტოლი - შვილის გულში,  ცამდე ასული
დედა, ჯერ დედა     და მხოლოდ შემდეგ ქმნილება - ქალი!
...
ელიცლიცება მზის სხივები სარკმელს დედისთვის
ბუხარი სითბოს - დედის სხეულს უთმობს მთლიანად...
გმადლობ, უფალო, დედაჩემის დაბადებისთვის
რომ შენი მადლით  მომავლინა ადამიანად!

ხათუნა წიქორიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი