თეთრი მანდილი


თეთრი მანდილი...

გადავითვალე საჩემოდ ხურდა,
რაღაც წვრილმანი მეყიდა მსურდა...
გამოვიარე სახლის წინ სკვერი,
ქუჩაში იყო ბუღი და მტვერი.
იქვე, ხის ძირში ეგდო მანდილი
თეთრი არ ჰქონდა არსად ადგილი!
ყოფილა ალბათ მოთეთრო ერთ დროს,
დამწუხრებული თითქოს და... ეგდო!
ავიღე, ნაძვის ტოტზე შევაბი,
იქვე მარკეტში თავით შევვარდი...
ვიყიდე პური,ძეხვი და კვერცხი
ხურდა ბევრია, ჯიბიდან ვერ ვცლი...
ვიყიდე კიდევ პური და ყველი,
დავჯექი ნაძვთან - ვიღაცას ველი!
ცოტა ხანიც და მოვიდა ბავშვი,
შევხედე მას და ადგილზე გავშრი...
დედის თავსაფარს დავეძებ... ქარში
ვერ მივალ იმის გარეშე სახლში!
მოვხსენი ნაძვზე მანდილი თეთრი,
რომელსაც ყველა ფერები ერთვის...
კი მაგრამ დედამ დაკარგა ქარში?
არა,დედიკო არაა სახლში!
აბა საიდან გახდა მანდილი,
მითხარი მკვიდრი ნაძვთან ადგილის.
ერთი კვირაა დედა წავიდა
დაიწყო ბავშვმა თხრობა თავიდან...
დედა აქ იდგა მუდამ ნაძვის ქვეშ,
თითქოს და ახლაც დგას და არ მიშვებს!
კი, მაგრამ, რად არ გაჰყევი დედას -
რომ გენატრება ,დედა ვერ ხვდება?!
დედა ცაშია, ღრუბელი ფარავს
მე როგორ, მე ხომ ფრთები ჯერ არ მაქვს?!
სულ ჰქონდა თავზე ეს თავსაფარი
ვსუნთქავ მის სურნელს და ვგრძნობ აქ არის!
მამა? სად არის, ან ვინ გყავს სხვები
მე არავინ მყავს - შინ მარტო ვრჩები.
დამზარა მხრებში მისმა ტკივილმა
ყელში დამახრჩო ლამის ტირილმა.
წამოხვალ ჩემთან? მოვკიდე ხელი
თან მივაწოდე პური და ყველი...
არა, რას ამბობთ, მე ვერ წამოვალ
დედა ცაშია, როცა ჩამოვა.
როგორ მიპოვის, სხვაგან სხვის სახლში
ჯერ ფრინავს დედა, მაღლაა ცაში!
მე უნდა დავხვდე, ამ ხესთან დედას
აქ რომ დავუცდი დედა მიხვდება...
გამომეცალა მუხლებში ძალი,
გადავარწმუნე როგორღაც ძალით!
მოდი, დავწეროთ მისამართებად
ხეზე შევაბათ დედას დახვდება!
...და როცა დედა ჩამოვა ციდან,
ჩამოხსნის შებმულ მისამართს ხიდან...
წამოვიყოლე ძალით, ვედრებით
რატომ უკვდებათ შვილებს დედები?!
ახლა დიდია და თითქმის კაცი,
დედაზე რამეს თქმას არვის აცლის...
და დღემდე მისთვის, ვინც არის დედა
შვილს ნაძვთან უცდის, ნაძვის ქვეშ ხვდება!
დღესაც ოთახში თეთრი ვარდივით,
საწოლთან უდევს დედის მანდილი...
გადავითვალე საჩემოდ ხურდა,
რაღაც წვრილმანი მეყიდა მსურდა...
გამოვიარე სახლის წინ სკვერი,
ქუჩაში იყო ბუღი და მტვერი.
იქვე, ხის ძირში ეგდო მანდილი,
თეთრი არ ჰქონდა არსად ადგილი!

ხათუნა წიქორიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი