მამულო
მამულო მამულო, ისევ გაშალე ეგ შენი თბილი მკლავები და შეიფარე შვილები, ადრე ხომ სულ იფარებდი?! ნუ გაიმეტებ, შენს ნაცვლად სხვა ცას უმღერონ „სულიკო“, მართლა საძებნი რომ გახდა, ადრე რომ დაკარგულიყო... შენი შვილები მსოფლიოს ისე აჩნია ძარღვებად, მათი შემყურე... ყოველი ნეკროზი ისევ აღდგება. შენ შეიფარე, თუ არა, მერე სხვა დაისაკუთრებს, შენი მართლაც რომ შენია, ვერაფრით „დაასაბუთებ“... წლები გადის და ნელ-ნელა მივდივართ ყველა, ხომ ხედავ, ასე - თუ ყველა გაუშვი - მოსახდენიც ხომ მოხდება?! რამ გაგიცივა გულ-ღვიძლი, ასე რად გამოგელია, შენი შვილები „სულიკოს“ სულ სხვა მიწაზე მღერიან! ისე გახშირდა გაკაფვა, ტყე რომ ჰქვიოდა, უღრანი, ქვებიც ნელ-ნელა სცვივდება, რომ გიზგიზებდა ბუხარი... ნუ იზამ, შენი ჭირიმე! შენსას რომ სხვისი ჰქვიოდეს, მოთმინებისგან არაგვი აორტასავით დიოდეს. ცრემლი სდის დედა ღვთისმშობელს, მიწაზე ცვივა იებად, მისი რჩეული ქვეყანა ნელ-ნელა დაცარიელდა... სხვაგან წასული შვილები, მაინც ჯიგარით ქართულით, „სულიკოს“ სხვას უმღერიან, სხვაგან არიან განთქმული... შენ რა გასვენებს მამულო, მათი შემყურე, ნეტავი, შენ არ ხარ მორცხვი და წყნარი, არა ხარ გაუბედავი... ააბობოქრე მიწა და შემოუძახე იმფერად, არაგველები გაცოცხლდნენ, წამოდგეს დავითი გელათს. ისევ ისეთი დადექი, როგორც იყავი ოდითგან, შვილები შემოიკრიბე, გესმის? დრო უკვე მოვიდა... ნუ გაიმეტებ, შენს ნაცვლად სხვას რომ უმღერონ „სულიკო“, სხვაგან ეძებონ საფლავი, ადრე რომ დაკარგულიყო! ხათუნა წიქორიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი