ადამიანი


ადამიანი...

მე ვარ მიწა, საზღვრებს გარეთ გატანილი,
მე ვარ დარდი, მთების თავზე ნისლად მყოფი.
მე ვარ სიტყვა ტყუილებით გატენილი,
მე ვარ  ისევ  დღესაც- ღმერთის უარმყოფი!
მე ვარ ცრემლი, ისევ ჩემს თვალს დაკიდული-
მე ვარ  ეკალ -ბარდით სავსე პურის ყანა...
მე ვარ თვითონ საქართველო- გაყიდული,
მე ვარ ტკივილგაუვლელი ეს ქვეყანა...
მე ვარ ვაზი,  უსხლავი  და უმორჩავი,
მე ვარ   ნამი,  უცვარ-ნამო ამინდების...
მე ვარ ცრემლი, საფლავებზე უბოჭავი,
მე ვარ, უფლის დაცვას თავს რომ ვარიდებდი.
მე ვარ კლდეზე მიჯაჭვული ამირანი,
მე ვარ  ჩემივ სისხლის - მსმელი ყვავ -ყორანი...
მე ვარ მიწაც და... ზედ სისხლიც  ტბად ნადენი,
მე ვარ ჩემგან ვერშეკრული კვლავ ბორანი.
მე ვარ მოჭრილ- ხეთა  მკვლელი, როგორც შვილთა,
მე ვარ ცეცხლში-  შეშაც, კვესიც და აბედიც...
მე ვარ მკვლელი- ცოდვილთა და მართალ ტყვეთა,
მე ვარ  ჩემსავ თავთან ისევ ჩემი ბედი.
მე ვარ    მშობლის დარდი, მერე დამმარხავი,
მე ვარ   მიწა, ისევ მშობლის და... საფლავის,
მე ვარ ჩემი  ყოფნის ისევ, კავიც, ხარიც
მე ვარ ჩემივ თავში ისევ დასაფლავი...
მე  ვარ ტყვია- სიტყვის დენთით გაჭედილი,
მე ვარ  გლახა და ვერა ვარ კარი -ტაძრის...
მე ვარ  ისევ ჩემი ხელით გაჟლეტილი,
მე ვარ, ვინც ვერ დაეწია ქარით გაცლილს... 
მე ვარ ერთად:ტანჯვა, შვება, ჭირი ,ლხინი,
მე ვარ ცოდვაც, მომავალი- მომავალში...
მე ვარ ღმერთთან მისასვლელი- ჩემივ ხიდი,
მე ვარ  არ გასტუმრებული ყველა ვალი...
მე ვარ ველი- ბრძოლებში რომ სისხლი რწყავდა,
მე ვარ  ასჯერ დაჭრილი და მაინც მიწა,
მე ვარ მოდგმა ყოველდღე რომ ქრისტეს ჰკლავდა,
მე ვარ იგი, ვისაც  ქრისტემ სისხლი მისცა...
მე ვარ კაცი,  ყველა ერთად  და... თან ერთი,
მე ვარ მიწა და ვეხები ჩემივ ქუსლით.
მე ვარ იგი,  ვინც გაჰყიდა ვერცხლზე ღმერთი,
მერე ჯვარზე გავაკარი ოთხი ლურსმნით...
მე ვარ  თვალებახილული ადამ -ევა,
მე ვარ  გმობა და  ღალატში მუდამ მყოფი,
მე ვარ მიწა  და ამ მიწის მე ვარ ნგრევა,
უფალი მყავს,  მაგრამ მე ვარ უარმყოფი!
მე ვარ მიწა, საზღვრებს გარეთ გატანილი,
მე ვარ სისხლის დაქცეული ყველა წვეთი.
მე ვარ თავი, ლოცვად ძირს ვერ დატანილი,
მე ვარ მოდგმა, მაინც მწყალობს  ცოდვილს ღმერთი!

ხათუნა წიქორიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი