მე მეშინია...
მე მეშინია... მოქუფრულია ცა მერამდენედ, სახლებს ,,სხეულები" აუწურავთ, თითქოს გაქცევას აპირებენ, გუშინ ჩიტებმა თავი გადადენეს ხეებიდან. იმ ხეებზე ადრე ჩიტები იშენებდნენ ბუდეებს და... აღარავის უნახავს დიდი ხანია ფოთოლშემოცლილ ხის გამჭვირვალეობას ამკობდეს ბუდეები. ბარტყები უბუდოდ იზრდებიან, დაღოღიალებენ. ცა, ღრუბლებს ,,წნეხში" წურავს, ცვივა სისხლიანი ხურდები, ვერგადატანილი სევდის, ვიშის და გოდების საფასური! მე მეშინია შავი სამოსის, მომრავლებულის ასე წამიერ. ვინ, რისთვის იმოსავს ტანს მისით გაურკვეველია. ლიტონი სიტყვები წელში ტყდებიან და ისრები წამახვილებულნი ორ- ორად ერჩიან დროს! მე მეშინია ტყუილის ,,სასიკეთოდ გამოყენებულიც" მტკივა. გაყინული ქალაქებიდან გაედინება ხალხი, მზე არ აკავებს, როს! დაეწყება სხეულის მსხვრევა უადამიანოდ მიწას, წუ წახვალ შორს, ნუ წახვალ შორს... ისევ შენის... სიცივე თუ დაგიცავს. სული კივა, სული კივა! მე მეშინია უფსალმუნო წიგნების, სიკეთეჩაუთქმელი ლოცვების, უპირობო- პირობის, ვერახდენილი ოცნების! ცარიელი სახლების, დროის მანქანის... სად მიმერეკები ქარო, მიწას სად მიმაქანებ?! ტაძრებთან არ სხედან ბეჩავნი, მიწა შეუვსია მანქანებს, სკივრში რომ ყვითლდება ლეჩაქი... რაღა გვჭირს, რა გვჭირს ჩვენ,-ამ ქალებს! მე მაკრთობს თაობა - მყოფადი, რას გადაიტანს მერმისში, თავად ვარ თაობა პირველი- მესამეთა, შორიდან იმ ექვსის ერთად და... ცალ- ცალკე... მე მისი! მაშინებს ზუზუნი მიწის და ზუზუნი ქართაგან- ქარისა, სახლები აწურულ ,,ბეჭებით" ლამონმბენ თითქოს და... გაქცევას! ვინც თესა, აღვივივა მარცვალი... სამშობლოდ ვინც გაითავისა, სიმრავლე ჩაუთქვა ყანას და... არა სხვა, მუცელი ეყორა... იმდენი მოვიდა, სამკალს კი ორმაგი მტერი რომ ეყოლა... ყვავმა რომ წაზიდა ნისკარტით, სხვა მხარეს, აქ ჩვენი მომკილი, ყვავი რომ გაზარდა სამტეროდ, მონახეთ, მონახეთ ის კაცი, გაცალა კალო და მამული, დაადეთ ხელებზე ბორკილი, ვიდრე არ ისწავლის სიყვარულს: მამულის, ენის და რწმენისა! *** მე მეშინია შავი სამოსის, მომრავლებულის ასე წამიერ, ვერ ვამბობ ჩემი გონიდან ამ სიტყვას: მრავალჟამიერ! სახლები ,, ტანებსევდიანი" აწურულ ,,ბეჭებით" გვხვდებიან, ნუ წახვალ, ნუ წახვალ სახლიდან, იტვირთე ტკივილი- სახლისა, თორემ, ეს ყვავები გაგვცლიან... ოდითგან ,,ბედია ქართლისა"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი