ბამბუკის კიბე


ბამბუკის კიბე
/ გზა/

ძილის წინ, ყოველთვის ავდიოდი
თოკებისა და   კარგად გამომშრალი ბამბუკებისგან
აგებულ კიბეზე,
რომელიც,
ლურჯი სიზმრიდან გადმოსულმა, ოჩოფეხებზე შემდგარმა- სიზმრის კაცებმა შექმნეს და მაჩუქეს!
ავდიოდი, მაღლა და... მაღლა.
იქიდან გადმოვხედავდი მთელ დედამიწას და... თვალებით რომ მოვიძევდი ჩემს სახლს, უმალ ძირს ვეშვებოდი 
კიბესთან ერთად.
რას მიქვია დაღლა?!ათასამდე საფეხურს ავივლიდი,თან ქარი კიბეს ხან რომელ ღრუბელს მიახლიდა და ხან რომელს!
ასვლა იყო ძნელი. ჩამოსვლა მე არ მევალებოდა, რადგან კიბესთან ერთად ვეშვებოდი მიწად.
ციდან, ჩემი სახლი ჩანდა ყველა სახლზე დიდი და ლამაზი.
...რამდენიმე წლის შემდეგ, გავაცნობიერე, რომ, კიბეს ძალიან მაღლა აღარ  ავყავდი და თითქმის ნახევარი ,,სხეული კიბისა" ძირს მიწაზე გართხმული რჩებოდა.
დროთა განმავლობაში კი, საერთოდ მიწაზე გაიშალა, ოღონდ შევუდგებოდი თუ არა,  საფეხურების თვლას, რაღაც  ძალით აიზიდავდა სხეულს და ორი- სამი მეტრი  სიმაღლით  დაშორდებოდა მიწას და... ბეწვის ხიდად გადაიქცეოდა!
რთული იყო მასზე სიარული, რა გზა მქონდა მეტი, არც ერთი.
გავიზარდე.
ვხვდებოდი, რომ კიბე ჩემი  თანამგზავრი კი არა, გზა იყო,-ყველგან და ყველა მიმართულებით
და... მე მიკვირდა, რატომ დადიოდა სხვა ადამიანი  ჩვეულებრივ გაფენილ გზაზე და... მე კი,  თოკებით და  ბამბუკებით გაბმულ გზაზე, რომელზეც ვეღარც კი  ვინარჩუნებდი წონასწორობას?!
...ასე გაილია დიდი დრო და დიდი გზა.
ნელ- ნელა  გაიცრიცა ბამბუკებზე შებმული თოკები, ბამბუკთა ღერებიც კი დაიბზარა და... მე ვხვდები, რომ ,,კიბის სხეული" დაიღალა.
სადღაც , რომელიღაც ღრუბელზე უხილავად შეაკიდა თავი და მიმზერს. ვგრძნობ, რომ მიმზერს. ხილვით კი, მწვანე სიზმრებში ვხედავ...
გამომცადა,  გამომაწრთო და მომცა ნება მის გარეშე სიარულისა.
ვერც კი წარმოგიდგენთ და... ვეძებ, რადგან მოვდუნდი.
თითქოს, აღარაფერი სხვა ფერი აღარ არსებობს, მხოლოდ სერი და რუხი ფერი სჭარბობს გზებზე. 
აღარც, ის ადამიანები მხვდებიან გზად, ღიმილი და მხიარული სალამი რომ უმოსავდათ პირისახეს!
ასაკმა მამცნო, რომ, მარტოობას შემაჩვია და... გამათანაბრა.
ხანდახან, ფერად სიზმრებს თუ ვიხილავ,  გულგაგლეჯილივით მეღვიძება და... ვხვდები,რომ სიზმრიდან   ოჩოფეხებზე შემდგარმა სიზმრისკაცებმა გამომაცილეს და...თან  გამაფრთხილეს: კიბეს ნუ ეძებ, ჯერ ნუ ჩქარობ!
... და ვფიქრობ ათას ფიქრზე კიდევ უფრო მეტზე:
ფერთა ჰარმონია  აღარ ერწყმის იმ მელოდიას, რომელსაც გამუდმებით ვღიღინებდი უხმოდ, სხეულის შიგნით, თუ მელოდია შეიცვალა- ჩემში!
ნუთუ, კონტრასტი უდრის ერთ ადამიანში ერთნახევარს, თუ საერთოდ ნახევარს?!
რატომ აღარ იზრდება ალვა  ღრუბლებამდე?!
ბამბუკისსხეულა კიბიდან რომ ვმზერდი და ... ღრუბლებს ეხლებოდა ის ექვსი ალვა, ვინ გადაბელა?!
ან, გზებამდე- მანძილები, რატომ  აღარ ერთდებიან ბილიკებით.
...წუხელ, ისევ მუხა მესიზმრა, ორი გზის გამყოფთან რომ მუხა იდგა და...    ორმოცი წლის წინ, ყველა დაგვითვალა!
მუხის მიმდებარე მარცხენა  გზაზე, ისევ დახუნძლული ჰქონდა ტოტები ვარდისფერი  კამელიას უზარმაზარ ბუჩქს.
გავშლიდი თუ არა ხელს მოსახვევად, ამისხლეტდა და... ისევ ადგილს უბრუნდებოდა.
გამოვიღვიძე თუ არა, სარკმელი გამოვხენი, ცას ავხედე და... რომელიღაც ღრუბელზე კიბე შეირხა. სულ დაცრეცოდა სხეული.
მივხვდი, მივხვდი, რომ კიბე რომელიც ათი წლის განმავლობაში ერთხელ  გაიელვებს ჩემს  თვალებთან, მიცდის   და იცის,  ერთ დროს ბამბუკებს ჩამოიყრის ტანიდან, რათა ტანი მართკუთხედად შეიკრას, რომელსაც მისივე დაცრეცილი თოკებით დაიჭერს და ასე ჩამყვება სამარადჟამოში-  გზა, რომელიც განვვლე!

Khatuna Katerina Tsikoridze Bagdateli

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი