სავსე მთვარე
სავსე მთვარე სავსემთვარობისას, სავსე ქვევრთან პატარძალი უნდა დააყენო და ცას უნდა შესძახოო: ღმერთო ამ მთვარესავით და ამ სავსე ქვევრივით ამივსე ოჯახი, პირიმზე და პირმთვარე გოგო ბიჭებითო და ოჯახში პატარა არ გამოილევაო. ასეთი ტრადიცია აქვთ იმერეთში. 1941-ში გათხოვდა მელანო. ძალიან ლამაზი კი იყო: გრძელი, წელამდე დაყრილი წაბლისფერი ნაწნავებით, ცისფერი თვალებისა და აშოლტილი ტან-ფეხის პატრონი. ლექსოც ისეთი იყო, აი, ათას კაცში მდგომი რომ მიიპყრობდა ყველას ყურადღებას - კარგი სიტყვა პასუხით, მიხრა მოხრითა და თავისი შავი და დიდრონი თვალებით. ქორწილის ღამეს დედამთილმა სავსე ქვევრთან რომ დააყენა მელანო და დაიწყო თხოვნა ცაში აწვდილი ხელებით, მთვარეს სულ ერთიანად გადაეფარა შავი ღრუბელი და დამალა კიდეც. - არასოდეს მიმატოვოო... - არასოდეს მიგატოვებო... ...1941 წელი - მე კარგად ვარ, თქვენ როგორ ხართ?! - თავს გაუფრთხილდი და ჩვენს პატარას. რომ დავბრუნდები, აღარასოდეს დაგტოვებ! - დედა და მამა, თავს მიხედეთ. მაპატიეთ, ახლა თქვენ დაგაწვათ მთელი შრომა, მაგრამ გპირდებით, რომ ჩამოვალ, თქვენს გასაკეთებელსაც მე გავაკეთებ. ილოცეთ, თქვენსა და უფლის იმედზე ვარ. მჯერა, რომ ჩემს მელანოს არაფერს გაუჭირვებთ! ...იმ წელს, ზამთარი, ყველა განვლილ წელზე ცივი და უგულო იყო. შიშს დაებუდებინა ყველგან. ძალიან დიდი თოვლი მოვიდა იმერეთში. ...შუაღამე იყო, იმხელა თოვლში საავადმყოფომდე ჩასვლა გამორიცხული იყო. სახლში დაიბადა პატარა გოგონა. ...მელანო სამკუთხა ბარათებს უკითხავდა შვილს. ისიც ისე გაინაბებოდა, მისი შემხედვარე ეჭვიც არ შეგეპარებოდათ, რომ სიტყვა-სიტყვით არ ესმოდა წერილის შინაარსი. მერე ბარათებს აგვიანდებოდა - ოჯახი, გატყდა... მერე ქერჩში- ლექსოს გმირულად დაღუპვის შესახებ შეტყობინება მიიღო ოჯახმა. დიახ, გატყდა ოჯახი, მოხუცი მშობლები სულ უფრო უღონონი გახდნენ. მთელი ღამეები ცრემლით ასველებდა ბალიშს მელანო. პატარა თამარი კი, იღიმოდა ტიკტიკებდა და... მზის სხივს დაატარებდა მუდამ. ...აითვალწუნა შვილმკვდარმა დედამ მელანო, საკუთარი შვილის დანაბარებიც გადაავიწყდა, გაუბედურებულ დედას. უკვე აღარც კი დაედგომებოდა მელანოს ოჯახში, მაგრამ არასოდეს ივიწყებდა პირობას ერთმანეთზე მიცემულს. ვერ მიატოვებდა ლექსოს კერას. სადღაც გულის სიღრმეში დედამთილის ესმოდა კიდეც. შვილი აღარ ჰყავდა და დედობრივი სიყვარულით სავსე ქალს გულში შვილის ადგილის სიცარიელე არ ეთმობოდა სხვებით რომ შეევსო. ეგონა, მის ადგილს ართმევდა ვინმე. დრო გადიოდა, იზრდებოდა პატარა თამარი და ავსებდა სახლს მისი მზის სხივებით, ომიც დამთავრდა. მელანო ღირსეული ადამიანი იყო და ოჯახს თავს ევლებოდა. გატყდნენ მოხუცები, ის კი ლექსოს მშობლებს ისე უვლიდა, როგორც საკუთარ დედ მამას. სოფლის სკოლაში მასწავლებლად მოეწყო და პატარა თამარიც დედასთან ერთად იყო სულ შინ და გარეთ. ერთ წელიწადში, ორივე მოხუცებული გადავიდნენ იმიერში. მელანომ ტრადიციისამებრ პატივი სცა დედამთილ-მამამთილის ხსოვნას, - მეუღლეზე მიცემულ პირობას. დარჩნენ სახლში ორნი. თამარი, საშუალო სკოლას ამთავრებდა. დედაქალაქისკენ მიუწევდა გული უმაღლესში სასწავლებლად. ყოჩაღი გოგონა იყო, დაკვირვებული და ნიჭიერი. მელანოც, რა თქმა უნდა, არ გაძალიანებია შვილის სურვილს. დაკეტეს სოფლის სახლი და გადმოვიდნენ დედაქალაქში. სამედიცინო უნივერსიტეტის მახლობლად. მელანოს ბიძამ დაუთმო დაკეტილი სახლი. ...დედა, შეიძლება ჩემს მეგობარ ნინოს გავყვე სოფელში? ერთი ღამით მიდის მშობლებთან ერთად და კვირას ისევ დავბრუნდებით. - ხომ იცი, შვილო, ერთი წუთით არ მომიცილებიხარ, ვერ გაგიშვებ დედიკო. - ძალიან გთხოვ, რა. მაინტერესებს კახეთის ნახვა. ნინო, თამარის კურსზე სწავლობდა სამედიცინო უნივერსიტეტში. ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. თამარი ტელეფონს დასწვდა. - საღამო მშვიდობის, მარინა დეიდა. მე ვერ წამოვალ. იცით ? დედას ერთი დღეც არ გაუტარებია ჩემს გარეშე არ მიშვებს. ვერ გავაწბილებ. მადლობა რომ მომიპატიჟეთ. - ყურმილი გადაეცი შვილო, დედას... - დე, დედიკო. მარინა დეიდას სურს შენთან საუბარი. - გამარჯობათ ქალბატონო მელანო, ძალიან გთხოვთ თქვენც წამოდით. ძალიან გაგვახარებთ, თანაც მანქანაში ერთი ადგილი თავისუფალი გვაქვს! ...კახეთი ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით რთველის დროს. ძალიან მოეწონა მელანოს და თამარს იქაურობა. საღამოს შუაცეცხლი დაანთეს და ნაღვერდალში სიმინდები ჩააწყვეს. სიცილი და კისკისი ისმოდა ირგვლივ... მელანომ შორიახლო მამაკაცი შენიშნა ზურგით მჯდომი, სავსე მთვარეს უცქერდა. თამარმა კი, დავუძახოთ, ის ძია რატომ არ მოდის ჩვენთანო. - არ მოვა შვილო. უპასუხა ქ-ნმა მარინამ, უცნაური კაცია. ჩემმა მაზლმა ომიდან ჩამოიყვანა. თავში დაჭრილიყო თურმე ბრძოლისას. ჩემს მაზლთან ერთად იწვა ლაზარეთში. არაფერი ახსოვს, მისი სახელიც კი. ჩვენ დავითი დავარქვით. ძალიან ცოტას საუბრობს. ღამით მთვარეს ესაუბრება. ჩემი მაზლი ამბობს, სავსე მთვარისას. ფეხზე დამდგარი უწვდის ხელებს მთვარეს და ეუბნება. როგორც შენა ხარ სავსე მთვარე, ისე ამივსე ოჯახი პირიმზე და პირმთვარე შვილებითო. მელანოს ცივმა ოფლმა დაასხა, ხელები აუკანკალდა. - შეიძლება? მიმყვეთ მარინე მასთან, მინდა შევხედოო. - კი, რა თქმა უნდა, წამოდი მელანო. მიუახლოვდნენ დავითს. - საღამომშვიდობისა დავით. - იცოცხლეთ. ისე მიუგო დავითმა არც კი შემობრუნებულა. მელანომ მამაკაცის ხმის გაგონებაზე ხელები მაგრად მოუჭირა ხელზე მარინას და წინ წასულმა თითქმის ძალით გაიყოლა იგი. სავსე მთვარე იყო. მის შუქზე კარგად უნდოდა დაენახა მამაკაცის სახე, შემოუარა მამაკაცს, წინ დაუდგა და პკითხა: - ბატონო დავით, შეიძლება, რაღაც გკითხოთ?! მკითხეთ, ისე უპასუხა დავითმა არც წამომდგარა და არც თავი აუწევია... ეს ხმის ტემბრი, მაგრამ გაბზარული, ღმერთო მიშველე... ფიქრობდა მელანო. - რას ესაუბრებით, სავსე მთვარეს. ახლაც სავსე მთვარეა, თუ შეგიძლიათ გაიმეორეთ... ან რას ნიშნავს ეს ყოველივე. - მე არაფერი მახსოვს წარსულიდან, მხოლოდ მახსოვს სავსე მთვარე და ეს ტექსტი. ფეხზე წამოდგა მამაკაცი, ხელები ცისკენ აზიდა და წარმოთქვა: - ღმერთო, რიგორც ეს მთვარეა სავსე, ასე ამივსე ოჯახი პირიმზე და პირმთვარე შვილებით! მელანო გულწასული დაეცა ძირს. მის წინ ლექსო იდგა. ...მარინას მეუღლე ცნობილი ფსიქოლიგი იყო. უდიდესი დახმარება გაუწია ოჯახს... ნელ-ნელა ლექსოს მეხსიერება აღუდგა... ...გავიდა წლები. იმერეთის ერთ-ერთ ლამაზ ოჯახში შვილის ქორწილს ზეიმობდნენ. სავსე მთვარე იყო. მამაკაცმა მეუღლე, ახალდაქორწინებული შვილი და მოყვრები შუა ეზოში გამოიყვანა. ხელები აზიდა ცისკენ და წარმოთქვა: - ღმერთო, სასწაულმოქმედო, მოწყალეო, შენ ხარ ერთი და არავინ სხვა ორთავ სოფელსა შინა. მუხლს ვიყრი შენი დიდების წინაშე. შენ დამილოცე შვილები, ოჯახი. მოკეთე და როგორც ეს მთვარეა სავსე. ასე აგვავსე ადამიანები: რწმენით, სიკეთით და სიყვარულით. შენ გთხოვ, რადგან შენა ხარ ძე მამაღმერთისა და ძე ღვთისმშობლისა. დიდება შენდა ღმერთო. დიდება შენდა... !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი