სად წავიდა ჩემი ბავშვობა?!


სად წავიდა ჩემი ბავშვობა?!

დაიწყებოდა თუ არა, სოფლად წვიმების სეზონი, დედულეთის ბებიები: დედის დედა და ბებია წინასწარ მომარაგებულ გრძივ თხილის ჯოხებს, ჯერ კიდევ, ალბათ, ბარე ორმოცი წლის წინ რომ პაპამ ხარიხა შეჭედა იმ მეხდაცემული კოპიტის ტანის გადარჩენილი  ნახევარი სხეულისგან( ადრე თურმე ხუთი კოპიტი იდგა ჩვენი სახლის სადარაჯოზე, მე მხოლოდ ოთხის გაცნობა მხვდა წილად)ჯერ რომ  გაუთლია ხე და მერე დაუხერხავს მარტოკას,  აქაოდა ტკივილიანი ხე მხოლოდ მე თუ მენდობა, სხვას აუსხლტება და თავსაც დაისახიჩრებსო, მერე გაუშალაშინებია და... ულურსმნოდ  შეუკრავს  კუბიკებად ამოჭრილი შეერთებებით (ხარიხა, დაახლოებით, მეტრანახევარი  მაინც იყო სიგრძით და სიგანით კი, ალბათ ცოტა ნაკლები) დადგამდნენ  ზემო სართულზე რომ სასტუმრო ოთახი გვქონდა, იმ ოთახის განსაკუთრებულად  მზიან კუთხეში-   ხარიხისთვის განკუთვნილ ადგილზე- კაკლის ბუფეტის მოპირდაპირედ, გააწყობდნენ და .... რას აღარ მოათავსებდნენ ზედ: ვაშლისა და მსხლის ჩირს,  შუაზე გადახლეჩილსა  და გამომშრალ ლეღვის   აცმა-აცმა  სილამაზეებს, ჩურჩხელებს: ნიგვზის, ჩირის, თხილის, კვახის თესლისა და სოიოს თესლისასაც კი, ერთ წყებას- იზაბელას წვენით მოდუღებულ თათარაში ამოვლებულს და მეორე წყებას  კრახუნას წვენით მოდუღებულ თათარაში ამოვლებულს. კარალიოკის მრგვალად გამომშრალსა და   თეთრად დაპუდრულ ჩირებს ...
იქვე,   გვერდით დაუდგამდნენ მაგიდას, მასზე გადაფარებულ საფარს   რომ ფერი ჰქონდა, აი, პირველი თოვლი რომ  მობრძანდება ღამით და... იმ დროს გახედავ სარკმლიდან, ჰა, უკვე რომ წაიღო  ღამემ თავისი თავი ყველაფრით და... ეს ესაა, დღეს მიეკუთვნება მბრძანებლობა, სადღაც, დილის შვიდის ნახევარზე, იმ თოვლის ფერი ჰქონდა მაგიდის საფარს.... და გაავსებდნენ მაგიდას- თეფშებიდან ალაგებული  და ოდნავ ნოტიო ქარვისფერი ტკბილი კვერებით და ეს იყო ,, ულამაზესი  ფერთა პალიტრა" შემოახვევდნენ   მერე,  ხარიხას თეთრ - ქათქათა  მარლას, რომელიც თასმებით იკვრებოდა ირგვლივ,  ასევე მაგიდასაც ... კმაყოფილი სახით  გადახედავდნენ დედა-შვილი ერთმანეთს, თან ერთმანეთს მიაგებდნენ: დაგელოცოს დედა მარჯვენა. ბარაქა  ამ წლის დასასრულს და მომდევნო წლის მოსვლას!
დატრიალდებოდა სახლში ვანილის, კომშისა და...  რაღაც ამოუცნობი არომატის სურნელი(ახლა კი ვაცნობიერებ, ეს სიყვარულის სურნელი იყო, რომელსაც ყველგან დავეძებ) ისეთი,  ჩემი ბავშვობის მერე რომ არსად მიგრძვნია,   რაღაც სხვანაირი...მხოლოდ ჩვენს სახლს ჰქონდა ასეთი სურნელი ზამთარშიც და ზაფხულშიც-კომშის სურნელი.
...მერე გადაარჩვდნენ  ბებიები საზაფხულო ტანისამოსს, შედარებით თბილი ტანისამოსისგან გამორჩევით. დარეცხილსა და დაუთოებულს ხელახლა  რეცხდნენ ,აუთოებდნენ მოათავსებდნენ ჯერ შალითებში და შემდეგ გამზეურებულსა და თეთრ მიტკალჩაფენილ ატამანკაში. ზემოდან მიტკლის მეორე ფენას გადააფარებდნენ და ჩაკეტავდნენ გაზაფხულამდე.
მახსოვს, ატამანკას თავზე კუბიკებად დაყოფილ სარკეებში -ერთი სარკე აკლდა  და მის ადგილზე მონა ლიზას სურათი იყო ჩამაგრებული.  სულ მიკვირდა, რად ახლდა მის სახეს შეპარული ღიმილი. ან, რად მალავდა ღიმილში სევდას.
წვიმების დროს, ძირითადად სახლის პალატს ჰქონდა პატივი ჩვენით და   სტუმრად შემოსული მეზობლებით.  ხანდახან,  სერაფინე ბებიას  უფროსი ქალიშვილი თამარა, რომელიც მეზობელ სოფელში იყო გათხოვილი და  საშუალო ქალიშვილი მარგალიტა , რომელიც ქუთაისში  იყო გათხოვილი  და ცხოვრობდა ალავერდოვის  ქუჩაზე 
,-ამჟამად  უკვე სოლომონ პირველის ქუჩა( მუსიკალური სტუდიიდან- ტიციან ტაბიძის ქუჩაზე   გამოსულს , ხარაზოვის პარკის შემოვლით, აუცილებლად მათთან უნდა გამომევლო, ნაწილობრივ, ამ სახლსაც ჰქონდა მსგავსი სურნელი, რაღაცით მსგავსი...    იმ  ხალხის და სახლის სითბო  არასოდეს გამომლევია, სულში ვინახავ და ... ის კიდევ, სულ სხვა და გრძელი თემაა) სტუმრობის პატივს მიამატებდნენ  ჩვენს ოდა - სახლს  და ასე ჰქონდა ჩვენს სახლსა და მის პალატს პატივი.
რადგან,  იმ დროში  (დაახლოებით სამოცდაათიან წლებზე გიყვებით, რადგან სანამ სკოლაში, ქუთაისში  შევიდოდი,  სულ არა მაგრამ, ხშირად ვიყავი ბებიებთან- სოფლად. ის წლები - ჩემი  მთელი ცხოვრების წლებიდან- კომშის სუნით გაჯერებული წლებია)  დიდი ოჯახის  დიასახლისები წვიმიან ამინდებში თუ მოახერხებდნენ სახლიდან, ოჯახიდან თავის დაღწევას.
ჩამოვსხდებოდით  ბუხართან ახლო- ახლო,  პატარა ჯორკოებზე და... რას აღარ მოიგონებდა, თითოეული -თავისი ბავშვობიდან და ყმაწვილქალობიდან.
მიყვარდა მათი მონათხრობის  მოსმენა და მიყვარდნენ ისინი!
ბავშვობაში ჩვევა მქონდა ასეთი:დაძინებამდე ყოველთვის ვიხსენებდი  ადამიანთა  საუბრებს, ქცევებს...  მზიან ამბებს და ქმედებებს- სულში ვინახავდი.  ასე მოვედი დღემდე და ეს ყველაფერია  ის, რაც არასოდეს  მაძლევს  საშუალებას, არ მაყენებს,  ფიქრებს შემომისევს და ვერ ამივლია გვერდი   ,,გვერდისასავლელი"  რამდენი  რამესთვის, თუ ვინმესთვის.
... ათი წელია შრომითი ემიგრანტი ვარ, ათი წელია ამ მოგონებებით და სიყვარულით ვსაზრდოობ ამ უცხო მიწაზე. როგორც იქნა, ამა წლის ივლისის თვეში  შვებულებით ვისარგებლე და საქართველოში დავბრუნდი.
მეორე დღესვე გავეშურე სოფლად  მოვინახულე დედა და ძმა   ძირითად ოჯახში- მამის სახლში და...   მონატრებული დედულეთისკენ,  გამიწია გულმა, სახლისაკენ, რომელიც ძალიან ახლოა მამის სახლიდან და რადგან უფრო ახლოა მოკლე  გზით და თანაც ფეხით მინდოდა  სახლამდე მივსულიყავი და იმ ბავშვობის ბილიკებს უფრო ახლოდან   მოვფერებოდი,  მაგრამ  ეკალ- ბარდით სავსე დამხვდა რაღა გაეწყობოდა,   ისევ  საავტომობილო გზით გადავწყვიტეთ წასვლა (გზადაგზა, ბევრი მიტოვებული სახლი შემომხვდა, რაც ისეთი მტკივნეული იყო ჩემთვის, თუმცა ყოველი  სახლი მასთან ჩავლისას- მასში ადრე მცხოვრები ასაკოვანი და ახალგაზრდა ადამიანების ხმებს მაწვდიდა  და ახმიანებდა ჩემს მეხსიერში( მე ხომ ისინი დღემდე მიყვარს. წავალ და ... თან წამყვება მათი სიყვარული) თითქოს იქვე იყვნენ და მესაუბრებოდნენ. ისიც არ მეგონა ჩვენს სახლამდე მისასვლელ შუკაში თუ ავტომობილით შევძლებდით შესვლას.
ჩვენი სახლი, რომელიც გამორჩეულად მაღლობზე დგას (ადრე იქ მდგომი სხვა  სახლებიდან გადაურჩა დანგრევას   და...  კარგა ხანია, შიგ  მეზობელი ცხოვრობს, რადგან რამდენიმე სახლი მიწის დაწევის გამო დაინგრა და მათ შორის    მისი სახლიც დაეცა) რაღაცნაირად უცხოსავით მიმზერდა შორიდან, ვერაფრით მივხვდი მის  რაღაც სხვანაირ შემოხედვაში რა აზრი იდო.
ეზოდან არც  ოთხი კოპიტი აღარ შემომგებებია, მათ შორის ერთი გამხმარა და...წასულა!
აღარც მარანი, აღარც ალუჩის ხე, აღარც ონკანი და ავზი მამაჩემის აშენებული, აღარც თითა ყურძენი და მოვერცხლისფრო ბელესი, ღელემდე რომ მივუყვებოდით   ბილიკს და  ბალესი  შიშველ  წვივებზე გვიყიტინებდა... ვერც ღელე ვნახე, რადგან იქამდე ეკალ- ბარდს გაევსო ყველაფერი.
სახლში შევედი და ...  სასტუმრო ოთახის კედელზე ჩემი ხელით მიხატული დიდი შავი  ხატიპეპელა- წითელი   ხალებით სავსე და... პატარა  ციცქნა ოთახში სადაც ორ საწოლს შორის  მხოლოდ  ერთი ნაბიჯი მანძილი იყო და საწოლები ოთახის სიგრძეს ავსებდნენ , ფიცრულ კედელზე მიჭედებულ  ლურსმნებზე კი ერთ მხარეს ბორდოსფერი,, ლაკის რედიკული" ეკიდა და მეორე მხარეს შავი  პატარა ხელჩანთა, რომლებშიც  ლხინისა და ჭირის შემწეობისთვის აღებული თუ გაცემული  თანხის ოდენობა ეწერა და... მე მინდოდა წამომეღო სახლიდან ჩანთებიც სამახსოვროდ და სურნელი კომშისა - მომავალ შეხვედრამდე  საგზლად რომ მემყოფინებინა არცერთი არ დამხვდა.
სახლში შეფარებულს,  რომელიც კარგი ადამიანია , 
დავემშვიდობე და  წამოვედი. გამოვცდი თუ არა შუკას, კი არ ვიტირე, ვიღრიალე. 
მოვიხედე უკან და სახლმა მითხრა: მაპატიე, ვეღარ შეგინახე ბავშვობა, იმ პეპელას გაჰყვა    ექვსი წლისამ  გულზე რომ დამახატე, დაიღალა პეპელა მოლოდინით და გაფრინდა. დიდი ნაწილი მან წაიღო შენი ბავშვობის...მეგონა  შენთან მოჰქონდა. მაპატიე, რომ მე დაუძლურებულმა ვეღარ შეგინახე შენი ბავშვობა.ვერც შენი ბავშვობის საქანელა, ვერც ის მსხალი შემოდგომისას ორგვარ ნაყოფს რომ  გაწვდიდა ერთი ფესვითა და ორი ტანით და საქანელასაც ის ინახავდა. დაეცა მსხლის ხე, გატყდა მოლოდინით და დაეცა. საქანელა კი, მის ქვეშ მოექცა და თან გაჰყვა ერთგულ ხეს. 
ვერც  შენი  პატარა ხელისგულებისოდენა ქვევრები, მარნის წინ რომ  ფლავდი მიწაში  და ამბობდი: ჩემი მარანი მაქვს!
მარანიც წაიქცა და ყველა ქვევრი გატყდა....
ერთ რამეს გთხოვ, სანამ მეც დავეცემოდე კიდევ მნახე. 
მე, კიდევ უფრო ავღრიალდი და...სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას. 
სად წავიდა ჩემი ბავშვობა?! მე ხომ მეგონა, რომ იქ მელოდებოდა...
როგორ მაკლია  წინაპრები(მარტო მე კი არა, მგონი მთელ სამყაროს) რომლებიც ასე გვზრდიდდნენ...

იტყოდა ბებიაჩემი-  ელენე ჭელიძე:
ვისაც ახალგაზრდობაში არ ვუნახივარ, ბებია ,,ახლაც ნუ მნახავს!"

ორი ადამიანი რომ დაობს, ნურც ერთს ნუ გაამართლებ,  შენს წინაშე ორივე მართალია.
თუ სიკეთე გინდა მათთვის, ორივე უნდა გაამტყუნო.

შენ,  მზეს  რომ მიეფიცხები, თბები და ... თვალებს მილულავ, ბებია. გაახილე უცებ თვალები და...  გარშემო მიმოიხედე, იქნებ, შენს ჩრდილში- სხვას სცივა, ადექი და  მოიცვალე, ბებია  ადგილი!

სანამ ცეცხლს დაანთებ, შეშას მადლობა უნდა გადაუხადო... ერთ დროს, შენც  სხვის სანაცვლოდ  დაიფერფლები ბებია და... უნდა ღირდეს, ეს ყველაფერი!

დედაჩემი რომ  შენიშვნებს მაძლევდა, თავს უხერხულად ვგრძნობდი... ახლა, შენ რომ გაძლევ ბებია შენიშვნებს,  მაინც უხერხულობის განცდა მაქვს. თავმდაბლობაა- ყველაზე დიდი  და კეთილი საქმე!

შენ  გაიზრდები ბებია, ასეც უნდა იყოს. ეს ალუჩის ხე, ასე რომ გიყვარს, ესეც დაბერდება და დაეცემა. შენ კი, მის ადგილზე ახალი ნერგი ჩარგე - ალუჩის,რომ შენი შვილიშვილის თვალებისთვისაც, მზე ალუჩის ხიდან ამოდიოდეს- ამ სოფელში.
ეს დარიგებაც  გადაეცი მას, ჩემგან -ანდერძად!

სოფლის ბოლოში რომ ბერძენაძეების სახლი დგას, ის არის, ბებია, სოფლის  დასაწყისი- ამთავიდან, როგორც  თავხელიძეების ბოგირი და კახიანების სახლია დასაწყისი- იმთავიდან. სოფლიდან, ისე ნუ წახვალ ქალაქში, რომ მათ ორივეს არ დაუბარო :მალე მოვბრუნდები თქო!

წელს,  ბევრი თოვლი ჩამოყარა ცამ, ბებია.
ჩვენს გვერდით  ეზოში ზურაბი ჭელიძის  ნასახლარზე თოვლი იმხელაზე აშენდა, აღარც მინდოდა დამდნარიყო. 
დადნა და ... გული მომიკვდა...

რაც მეტი ადამიანი გეყვარება, ბებია, მეტი ტკივილი დაგაჩნდება გულში. მარა, რაარი ბებია იცი? ის, შენს გულშია და... ვერავინ ხედავს.
არც შენ შეიმჩნიო. დრო თავად წაშლის ტკივილს, ბებია.
მოვა,მერე, ის...ქალი იქნება, თუ კაცი და... წყენას თუ ვერ დაინახავს შენს სახეზე, ორმაგად კარგი გახდება.
შეაძლებინე, ბებია, სხვასაც- ადამიანობა!

_შენს თვალებში ბებია, მარტვა მზეს ვხედავ.
არასოდეს იტირო, ბებია , თუ არა მზეს წაშლი.
_ბებია, მზე, ცაზეა და... მე  როგორ წავშლი?!
_ ცაზე რომ მზეა, ბებია, ის მზე, ჩვენი თვალებიდან ამოდის!

Khatuna Katerina Tsikoridze Bagdateli 
ხათუნა წიქორიძის შემოქმედება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი