სასიხარულო ბარათები!


გააგზავნეთ... სასიხარულო ბარათები !

დადიან ბედნიერი ადამიანები და  თან, ყველგან დღესასწაულებს დაატარებენ.
თუ მათ დააკვირდებით , ისინი ისე დადიან , მიწაზე ფეხს არ ადგამენ.  მზეს და  მთვარეს ესაუბრებიან . ბედნიერი ადამიანები ,სასიხარულო წერილებს   აგზავნიან მთელ სამყაროში.
არასოდეს მოგსვლიათ კონვერტი ცარიელი ფურცლით უცნობი ადრესატისგან? სწორედ ესაა ბედნიერებით სავსე  გზავნილი!
ხშირად შეამოწმეთ საფოსტო ყუთები.  ხშირად გააგზავნეთ  ცარიელი წერილები უცნობ მისამართებზეც კი.  
...ქუჩაში  ფეხით მოსიარულეს , ქარი რომ   ფურცელს დაგიდებთ ფეხთან, თუნდაც ფურცლის   ჩამოხეულ ნაწილს, აიღეთ, დააკვირდით  და თუნდაც ნაწერის გარეშე იყოს, ჩათვალეთ ,რომ  ვიღაცამ უკვე იპოვა საფოსტო ყუთში გზავნილი, მერე რამდენიმე ნაწილად  აქცია და ქარს გამოატანა თქვენთან, გაიღიმეთ, კიდევ დაანაწილეთ რამდენიმე ნაწილად და ისევ ქარს გაატანეთ. მომდევნო ადამიანი შეიძლება არც კი დაიხაროს ქაღალდის ასაღებად,თუმცა ქაღალდი რომ შეეხება,რაღაც სიხარულს აუცილებლად დატოვებს მასთან.
ნუ გაგიკვირდებათ ,ქუჩაში  მარტოდ  მიმავალს  თუ დაინახავთ მომღიმარს , ან საკუთარ თავთან  მოსაუბრეს. გაუღიმეთ და გზა განაგრძეთ ღიმილიანმა,მომდევნო  ადამიანისთვის  ღიმილის გადასაცემად.
 როდესაც  დიდი სურვილი გაქვთ, გინდათ იყოთ ბედნიერი, მიაღწევთ, იქნებით... 
იცხოვრეთ ბედნიერების სურვილით... და  ვერც კი მიხვდებით, ისე აღმოჩნდებით  ბედნიერებაზე დამოკიდებული!
გააგზავნეთ ბარათები უცნობ ადრესატებთან ...თუნდაც მხოლოდ ერთი სიტყვა  დაწერეთ ფურცელზე- მიყვარხარ!
ან, სანამ  კონვერტს დააწებებდეთ,  შიგ კეთილი ღიმილი  ჩაამაგრეთ!

Khatuna Katerina Tsikoridze Bagdateli

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი