იმედად მინდა მოვიდე


იმედად მინდა მოვიდე

ცის უკიდეგანო სითეთრეში, სისხამ დილით, ფრინველები რომ ირაოთი მიეფარებიან ფთილა-ფთილა ღრუბლებს და მე - ადამიანი, მიწაზე მდგომი, ზემოთ გადატანილი მზერით ავცქერი ცის სისადავესა და ფრინველთა სიმსუბუქეს, ვფიქრობ: რა ძალა აქვს ცას, როგორ შეუძლია მისცეს სხეულს, - სიმძიმეს, წონის გათანაბრების უნარი არაწონადობასთან?!
მერე, კისრის ტკივილით დაღლილი მე, დავიხრები
გავწვები „დედა-მიწაზე“ და აბსოლუტური გრძნობით გათანაბრებისა, მიწისა და ცის პარალელში ვთავსდები. 
ამ დროს, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს - შეგრძნებას, რაღაც განზომილებით წამის მერამდენედით და მერამდენე განმეორებით არ ვიცი, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, ეს წამის მერამდენედედი - ის დროა ჩემს შინაგან სამყაროში, ერთხელ რომ ნამდვილად იყო და მას მერე, რამდენჯერაც ცისა და მიწის პარალელს შორის დარჩენილ სივრცეს დაკოპლავს - (ოცნებები რეალობასთან გათანაბრებული თვალახუჭული რომ ვხედავ და თვალგახელილი კი თვალთა ირისებს მიღმა ვმალავ, ვინახავ) ოცნებები ჭრელ-ჭრელ პეპლებად და ჭრიჭინობელებად აფრენილი ჩემი, თქვენი და ღმერთის მიწიდან - ღმერთის ცაში, სწორედ მაშინ ვხვდები, რომ ადრე, სხვა ცხოვრებაში ჭრელი ჩიტი ვიყავი... 
რამდენი ფერის ბუმბული მმოსავდა არ მახსოვს, თუმცა, როდესაც ფრენისას ღრუბელი დამხვდებოდა წინაღობად, წვალებით გავარღვევდი მის ხვეულებს და უკვე, როდესაც, ცის მოწმენდილ სივრცეში გადავადგილდებოდი, ვხედავდი ჩემი ფრთებიდან გაცლილი მომწვანო ფერის ბუმბული, კამკამა სივრციდან ძირს, დედამიწისკენ როგორ მიფარფატებდა, რამდენიმე ირაოთი შემოვუფრენდი, ფრთას შევაგებებდი, მინდოდა ისევ შემბმოდა ნატკენ ფრთაზე, მაგრამ ამაოდ! 
როდესაც ფრენით დაღლილი დავეშვებოდი დედამიწისკენ, რომელიმე ხის ტოტზე ჩამომჯდარს, რომ ისევ მომეკრიბა ძალი და... ისევ ცისკენ გავფრენილიყავი. 
ხშირად რამდენიმე დღეც კი გრძელდებოდა ფრენის გარეშე ყოფნა. ნატკენი მხრები ვერ ამქონდა სათანადო სიმაღლეზე. 
მოვიდოდა დრო, ისევ აფრენის... შურდულივით ავიჭრებოდი ცის სიკამკამეში, მანამ, სანამ ღრუბლებამდე ავიდოდი, ფრთასაც არ ვშლიდი, მხოლოდ დედამიწიდან წაღებული ენერგია იყო ჩემი სისწრაფის და სიმარდის მკვებავი. აქა-იქ, შემომხვდებოდა ხოლმე ღრუბლიდან ჩამოვარდნილი პაწაწინა ხვეული ღრუბელი, მაგრამ მას იოლად ვუმკლავდებოდი. მერე კი, ისევ ირაოებით ვეტრფოდი და არშიებს ვავლებდი ცას. 
ყველაფერს ამას კი, მზესთან მიახლოების სურვილით ვაკეთებდი. მივუახლოვდებოდი თუ არა, ცის იმ ნაწილს, სადაც ღრუბლები საერთოდ არ იყო და ლურჯ კამკამა სივრცეში მზე უზარმაზარ რგოლს ჰკრავდა და ზუსტად ის ფერი ჰქონდა, ჩემს მშობელ ჩიტებს რომ გულსა და კისერთან ყვითელი ბუმბული მოსავდათ, სწორედ მაშინ ამტკივდებოდა ღრუბლების წინაღობისგან წართმეული - ბუმბულის ადგილას დარჩენილი ჭრილობა და ნელ-ნელა ისევ ძირს ვეშვებოდი და გზად ჩემი ტანიდან წართმეული ბუმბულები მეგებებოდა. მინდოდა ერთად დავშვებულიყავით დედამიწაზე, მაგრამ ბუმბულები ყველასგან დამოუკიდებლად და არავის კუთვნილნი მსუბუქად მოფარფატებდნენ. მე კი, ჩემი სხეულის წონა მძალავდა და მიწისკენ მიმაქანებდა. 
ნეტავ გენახათ, რა ლამაზად ხატავდა ჩემგან გაცლილი ბუმბული ჰაერში უსასრულობის სიმბოლოებს, უამრავს და ყველას ერთმანეთზე გადაბმულად. 
დავეშვებოდი მიწაზე და აღარასოდეს მქონდა იმედი ისევ აფრენის. 
ასე გრძელდებოდა-მანამ, სანამ ორივე ფრთის ბუმბულის ყვეელა ღერი არ გამცვივდა. 
როდესაც ფრთებნატკენი დავრჩი, ვიფიქრე, ხტომა მესწავლა - ტოტიდან - ტოტზე, ტოტიდან - ტოტზე და იმდენი შევძელი, რომ ხიდან მიწაზე ჩამოვარდნილმა ბუჩქებზე და დაბალი ტანის მცენარეებზე ასვლა ვისწავლე.
ფოთლებს შორის ვიმალებოდი, რომ ზიანი არ მოეყენებინა ვინმეს ან რამეს... 
ჰოი საოცრებავ: დედამიწა ახლოს ვიგრძენი და რა ლამაზი ყოფილა. მწვანე ხასხასა მოლით და ფერადი ყვავილებით. ბაღებით, ძელსკამებით, გოგო-ბიჭებით. 
ერთ დღეს, როდესაც ჩემს სიახლოვეს პატარა გოგონამ ჩაიარა, შევნიშნე, რომ მის ლამაზ სახეს და ხვეულ თმებს კიდევ უფრო ამშვენებდა ბაცი ცისფერი ფუმფულა ქუდი, რომელსაც ერთ მხარეს მწვანე ბუმბული ლამაზად ჰქონდა მიმაგრებული. 
მე, მივხვდი, რომ ეს ჩემი ბუმბული იყო. თან გამეხარდა და თან ავტირდი... 
ყველაზე მეტად კი ის გამეხარდა, რომ მწვანე ბუმბული ცისფერ ქუდთან შეეხამებინა ადამიანს, მე მიხაროდა: იმ დროის, წამების, სირთულეების გახსენება, რაც გამოვიარე და განვიცადე... 
მე ხომ უკვე მხოლოდ მოგონებებით ვცოცხლობდი და მყოფადს ვუფრთხოდი და ვემალებოდი!
...ერთ დღეს, როდესაც ხეზე წვალებით ასული ვთვლემდი. თავზე რაღაც საშინელი ინერციით დამეცა და ძირს ჩამოვვარდი. სანამ სულს განვუტევებდი, ერთხელ კიდევ წამოვწიე თავი და დავინახე, რომ მუხის ხეს, რომელზედაც თავს ვაფარებდი და ვაძლებინებდი, ერთი ხმელი ტოტი ჩამოტეხოდა და მეც თან წამომიყოლა მიწისკენ. მე და მუხის ტოტი დედამიწაზე ერთმანეთზე ჩახუტებულნი დავემშვიდობეთ სიცოცხლეს... ქარმა კი, ფოთლები მოგვაყარა, რომელ ფოთლებსაც ერთი ღერი მწვანე ბუმბულიც თან გამოჰყოლოდა!
...ჰო, მე მახსოვს რომ ჩიტი ვიყავი და ახლა ადამიანად მოვედი. მე, ბედნიერი ვარ, რომ მახსოვს საიდან მოვედი და მახსოვს ყველაფერი რაც გადამხდა. 
ვწევარ მიწასა და ცას შორის წამიერი მოგონებებით, რომელშიდაც მთელი ჩემი განვლილი და გადატანილი თავსდება და ვიცი, რომ ადამიანადაც დავმთავრდები. მერე მოვალ: ან ხედ, ან ხეზე მყოფ უამრავ ფოთოლთა შორის ერთი-ერთი მე ვიქნები, ან ბალახად, ან ყვავილად, ან... 
მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ჩიტად ვეღარასოდეს მოვალ - ფრენა, მხოლოდ ერთხელ და გარკვეული ხნით, ენიჭება მომსვლელს... 
მერე, კიდევ წავალ და რამდენიმე ხნის გაუჩინარების შემდეგ ისევ მოვალ - არ ვიცი, რად მოვალ! 
მე რომ არჩევანის უფლებას მომანიჭებდნენ, ადამიანად ყოფნის და დამთავრების შემდეგ, ამერჩია, თუ რად განვმეორდე, ან ახლიდან მოსვლას ვისურვებდი, არც კი დავფიქრდებოდი, ისე ვუპასუხებდი:
მე, მინდა იმედად მოვიდე და მარადიულად ვიყო. ვუცქირო:ცას, ღრუბლებს, მიწას, მზეს, მცენარეებს ცხოველებს, ფრინველებს, ადამიანებს და მწვანე ბუმბულით მოსილ ჩიტებს!
...ვწევარ მხრებზე, სველ ცვრიან ბალახზე, შევყურებ ცას, თეთრსა და ლურჯს შორის ჩამწკრივებული ღრუბლებით, ცაში- ოცნებებიდან აფრენილი ჭრელ-ჭრელი პეპლები და ჭრიჭინობელები ტრიალებენ და ერთმანეთს ხელს არ უშლიან. 
 ისე ლამაზად დაუკოპლავთ სივრცე, დედამიწიდან- ცამდე, გეგონებათ, მარტის მზემ-სივრცეს, სიყვარული ჭორფლად გამოაფინაო. 
...და მე, ბედნიერი ვარ, რომ ადამიანად მოსვლამდე, ჩიტად მოვედი, მერე ადამიანად, ვიცი, წავალ... და ველოდები, ისევ შემობრუნებას, ოღონდ, იმედად მინდა მოვიდე!

ხათუნა წიქორიძე

Khatuna Katerina Tsikoridze Bagdateli

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი