ბავშვობის ისტორიები /კრასნაია მოსკვა და აქოთებული ძაღლი/


#ბავშვობისისტორიები
ბებიაჩემის ,,კრასნაია მოსკვა" და აქოთებული ძაღლი

შებინდებულზე, მიყვარდა ყოველთვის სახლის ხის აივანზე რომ „კუშეტკა“ იდგა, წამოწოლა. სულ ცაში ვიყურებოდი.
მთვარეს და ვარსკვლავებს ვუცქერდი... რაზე აღარ ვფიქრობდი, ხან   რომელიღაც კლინიკის საოპერაციოს წამყვანი ქირურგი ვიყავი, ხან დიდ სცენაზე გედების ცეკვას ვასრულებდი, ხან გამომძიებელი ვიყავი,
ხან დედა... ბოლოს, ბოლო ავირჩიე...
...ბავშვობაში, დედულეთში მიყვარდა ყოფნა.
ერთი გაწორიალებული ბოვში ვიყავი, წვრილი და უშნო... ბებიაჩემი ხორიალას
მეძახდა, იმ სიგრძე კისერი მქონდა შენგან ხონჩა აეწყობაო - 
იტყოდა ხოლმე.
დიდი შუბლი და მოხეული პირი მქონდა... სიცილის
დროს მარჯვენა მხარეს რომ მეხსნებოდა
სულ კომპლექსი
მქონდა იმ სიგრძე მკლავების, სულ მებლანდებოლა ყველაფერში...
...ხო და იმ ცაში და ვარსკვლავებში ფერიასავით ვგრძნობდი
თავს, ხანდახან ახლაც ასე მგონია...
ერთხელ, ვწევარ ასე,  „კუშეტკაზე“ -ოცნებებში გართული. აივანზე ღამურა შემოფრინდა, ჩამაფრინდა თავში - მე იმის მეშინია და ვკივი, იმას კი ჩემი და ისიც კივის... ახლაც მესმის იმის
საშინელი ხმა! გამოვარდა ბებიაჩემი დამეტაკა თმებში და... ღამურამ ხელზე უკბინა.
ბავშვებიდან მქონდა გაგონილი, ღამურამ თუ გიკბინა...
გოგო ბიჭად გადაიქცევიო... გულუბრყვილოდ ველოდი, ბებიაჩემი როდის გადაიქცეოდა ბაბუაჩემად.
იმდენი უცნაური აზრი მაწუხებდა, სულ მეგონა, რომ დონია
ბებია, კუდიანი იყო, რადგან სულ იწყევლებოდა. გარშემო ვუტრიალებდი, კუდი რომ დამენახა. ის კი არადა, ჭრაქის შუქზე
რომ ბანაობდა მარნის ერთ კუთხეში, ფანჯრიდან ვუჭვრიტინებდი, კუდი კი ვერა და ვერ დავინახე..
იცოცხლეთ მე დასჯა და ბრახა-ბრუხი მქონდა, მესმოდა?
მეორე დღეს იგივეს ვაკეთებდი...
თუ სადმე ავხორიალდებოდი, ყველგან ვხრიგინებდი, რამეს
ვაფუჭებდი და თან, არც ვმალავდი..
მახსოვს ერთხელ, ღვინით სავსე ორმოცდაათლიტრიანს
დავეტაკე, გატყდა და ნამსხვრევი ფეხზე მომხვდა, ახლაც მაჩნია იარა, მთელი ერთი თვე ეზოში სუნი არ გამოლეულა ღვინის, ვინც შემოვიდოდა, ეგრევე ამბობდა - ეს ახტაჯანა დააქცევდაო... არადა, არ მინდოდა საერთოდ რაიმე გამეფუჭებინა,
მაგრამ თვითონ ისინი მებლანდებოდნენ ფეხებში...
ერთხელ ბებიაჩემის „კრასნაია მოსკვა“ მთელი შუშა ძაღლს
დავასხი, დავაპკურე კი არა.სადაც დადიოდა ძაღლი, არსად უყვიროდენ... იჯდა
მოპატიჟებული სტუმარივით... არ დავსჯილვარ, ბებიებს უყვარდათ მისი ხორიალა და დედას არ ეუბნებოდნენ ჩემს ოინებს...
იცოდნენ, არ ამცდებოდა...
ეს ყველაფერი იმას მოჰყვა რომ, რაც ახლოს აქვს, იმას ვერ
იშნოვებს ადამიანი. იმ ადამიანებს გავურბივართ, ვინც ბევრს
გვარიგებს და ჩვენთვის კარგი უნდა - ბებიაჩემი ხორიალას
რომ მეძახდა, მაშინ მწყინდა, ახლა კი მენატრება...
წლების მერე ალბათ ჩემი შვილიშვილებიც ასე მომიგონებენ... ვიცი, რომ მომიგონებენ... რა ძვირფასია სიცოცხლე და რა
მოკლე...
რა უსახურია სიკვდილი და რა გრძელი...

Khatuna Katerina Tsikoridze Bagdateli
18/9/2015
პირველი კრებულიდან
 ,,როცა გიყვარს"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი