ხორიალა
ხორიალა სველი ხელები ქათქათა წინსაფარზე, ზურგს უკან შეიმშრალა და ორივე ხელი ყვრიმალსა და შუბლს შორის დამათბა სახეზე... მოდი ბებიკო, ჩაგხედო თვალებში. ჩემი მზიანი, ჩემი თბილი, ჩემი ახტაჯანა და ხორიალა... თვალებით – თვალებში ყურებით მითხრა ისე, რომ ძირს არ დამახრევია, არც თავი და არც თვალები ისე მაგრად ეჭირა, მომეტებული გრძნობისგან ჩემი სახე ხელებში. მე, სიხარულზეც კი ცრემლები მომდის თვალებიდან, ისეთი ემიციური ვარ! არ გინდა?! გადაწეული სახიდან თვალებს რომ ჩამოუგორდეს ცრემლი. ჩამიბრუნდა თვალებში და თან ჩაიტანა ტვინამდე ბებიაჩემის ალერსიანი სახე... ზაფხულობით, რომ სულ თაფლად მადნებოდა, მარწყვად და ჩხეიძეების ჭაში მინის ქილით ჩაკიდებულ კარაქად... იშვიათად იბადებიან ისეთი სათნო და გულჩვილი ადამიანები – კი, ყველა ბებია ასეთი არისო, იტყვით, მაგრამ არა,ელენე ბებია განსაკუთრებული იყო ყველაფრით. მარტო მას შეეძლო ექვსი თვის შვილით უკვე დაქვრივებულს, მხოლოდ შვილისთვის მიეძღვნა მთელი სიცოცხლე. მარტო მას შეეძლო დედაჩემისთვის ემზირა ისე, როგორც უმზერდა... მარტო მას უხდებოდა თეთრი მაქმანიანი საყელო კოპლებიან კაბაზე და მას ჰქონდა მარტო ისეთი სიარული, როგორიც ჰქონდა – გამართული და შუბლაწეული, მზემდე ნათელი მზერით. ...ალბათ ცხრა-ათი წლის ვიქნებოდი, ან ცოტა პატარა, ჩვენს ზემოთ სოფელში, სამძიმარზე მიდიოდნენ ბებო და მეზობლები. გავყევი ბებიას... სანამ ისინი სამძიმრის სათქმელად შევიდნენ, მე გარეთ დავრჩი... იქვე ეზოს გარეთ, გადმოღმა ხესთან დავდექი და ველოდებოდი. ვიცადე კარგა ხანს და მომეწყინა. ავუყევი შუბნისკენ ზემოთ გზას. მივდივარ და იმას კი არ ვფიქრობ, რომ არ ვიცი აქაურობა და თან ბებიაჩემი გამოვა სამძიმრიდან გარეთ სადაცაა და მომისაკლისებს... მივდივარ, კარგა ხანი რომ ვიარე, უცებ ყურში ტირილის, უფრო სწორად, კივილის ხმა მომესმა. თურმე, მე მეძებს მთელი სოფელი. ვისღა ახსოვს მიცვალებული. მე კი ვიფიქრე, ალბათ გამოასვენეს საცოდავი უკვე-თქო და დავბრუნდი უკან. მოვდივარ გზაში,ასე, პრანტალ-პრანტალით... კი შემომეგება, ეს ამდენი ადამიანი დაფეთებული თვალებით... მახსოვს, ბებიაჩემმა, ისევ ისე გადამიწია თავი, ჩამხედა თვალებში და მითხრა: – მე, აღარ გადავრჩები ბებიაო... წამოვედით მუნჯურად, არცერთი არაფერს ვამბობდით, გამოვასწარით წინ მეზობლებს. ახლა ვხვდები, ბებიაჩემი გულისცემის სიხშირით დგამდა ნაბიჯებს და ისე მივდიოდით. დამაწყდა ფეხები ჩქარი სიარულით. შინ დაბრუნებულებს უფრო დიდი ბებია შემოგვეგება: ამდენი რატომ დაიგვიანეთ. _არაფერი დედა, ლაპარაკს შევყევით, უპასუხა ელენე ბებიამ. ვხვდებოდი, ბებიაჩემი გაბუტული იყო და იმ ღამეს პალატში, მოპირდაპირე მხარის საწოლზე დავწექი, მის გვერდით არ დავწოლილვარ, ვერ გავბედე, არც მას დაუძალებია... ღამით ვითომ წყალი მინდოდა, ავდექი და თვალი გავაპარე მისი საწოლისკენ, არ ეძინა, არაფერი უთქვამს, მოვსვი ერთი ყლუპი წყალი და დავწექი... ვიცდიდი, როდის მეტყოდა:მოდი ბებია ჩემთან.არ მითხრა. ახლა ვხვდები, გაბუტული კი არა, შეშინებული იყო, რომ ვეღარ დამინახა და აღარსად ვჩანდი, გაგიჟდა ქალი, მაგრამ საყვედური არ მითხრა... მე კიდევ, სულ ის სიტყვები მესმოდა მთელი რამე ყურებში _მე, აღარ გადავრჩები... მეგონა ბებიაჩემს რამე მოუვიდოდა იმ ღამეს, ოღონდ არ ვიცოდი, რა? ამ ფიქრებში და ბორგვაში ჩამძინებია. დილით, რომ გამეღვიძა, ბებიას საუზმე გაეწყო, იჯდა და მძინარეს მიყურებდა... გადმოვფრინდი საწოლიდან, საბანი გადმომყვა, კინაღამ კისერი მოვიტეხე, მივაფრინდი ბებიას და ვყვირი: – ბებია გადარჩი? ვიცოდი, რომ გადარჩებოდი... გადამიწია ბებიაჩემმა თავი, ჩამხედა თვალებში და მითხრა: ასე აღარასოდეს მოიქცე, ჩემო ხორიალა... (გრძელი კისრის გამო მეძახდა. მართლაც სასაცილიდ დავახორიალებდი გრძელ კისერს და გრძელ კიდურებს, კომპლექსიც კი მქონდა, ყველაფერი მებლანდებოდა ხელ- ფეხში) და შუბლზე მაკოცა. ისევ ჩამიბრუნდა ცრემლები, თვალებში და ჩაიტანა, მთელი სითბო ტვინამდე... მას მერეც, სულ ვაშავებდი, მაგრამ სულ გადარჩენილი ბებია მხვდებოდა დილით, გაღვიძებისას. Khatuna Katerina Tsikoridze Bagdateli
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი