მესაკუთრე


მესაკუთრე!

ყველაფერი იმის ბრალია, რომ ნაბოლარა შვილი ვარ და მამის ნებიერა გოგო.სანამ იყო ამ ქვეყანაზე, მისი მზე ვიყავი,წავიდა და ცრემლად წავყევი.
ექვსი ძმის, ექვსი ბაბუის ოჯახში-  ნაბოლარა შვილიშვილი, განებივრებული და... საფიცარი. ამდენი ფერებით გავხდი ალბათ, მესაკუთრე.
ბუნებით, სულაც არა ვარ ძუნწი , პირიქით ხელგაშლილი ვარ, მაგრამ ერთი თვისება სულ თან  მდევს, ვარ მესაკუთრე.
ესე იგი, მამა, სულ მთლად ჩემი იყო.
დედა ახლაც სულ მარტო ჩემია. ჩემი ძმები , ანუ ისინი ცხრა და შვიდი წლით უფროსები(ერთმანეთს უფრო ეწყობოდნენ ბავშვობაში)   სულ ჩემები არიან. ,,სესილიასავით" სულ მინდოდა ყველაფერი მცოდნოდა მათზე, ბავშვობაში და... ერთმანეთთან რომ უფრო მეგობრობდნენ ამაზე ვგიჟდებოდი.ანუ ჩემი იყვნენ ცალ-ცალკეც და ერთადაც და ჩემი უნდა ყოფილიყვნენ, ყველაზე მეტად ჩემები!
ბებიები და ბაბუა, სულ ჩემი იყვნენ. მე, ასე მიმაჩნდა და ვერც გავუნაწილებდი  იმას, ვერავის, რაც გულისგულში მათდამი მქონდა, ვერავის, გამორიცხულია. ისინი ჩემი სიხარულები იყვნენ და მორჩა.
სოფელში: ორღობე, ხეები სახლი, ღელე, მეზობლები ,ბიძაშვილები, მამიდაშვილები, კარალიოკების უბანი, მუხის მოსაცდელი, მუხაში რომ დიდი ფუღურო იყო, ისიც ჩემი იყო...    ჩემი იყო, ასევე მზე, რომ ამოდიოდა, მერცხლები რომ  ჭიკჭიკებდნენ, ცუგაც ჩემი იყო, ის ცუგა, ყოველ პარასკევ საღამოს  შუბნის ავტობუსის ბოლო რეისზე, მე რომ მელოდებოდა დასახვედრად და დუშიკო ბიძიას ლაიკაც, ერთხელ კოჭზე  რომ მიკბინა და არ გავამხილე, ისიც ჩემი იყო...
ჩემი იყო: მედიკო ბიცოლა გაღმა ეზოდან, ირინა, ზურიკო და დათო. მათი  ვაშლა-ატმებიანად და მსხლებიანად, დიდი ძირი შავი ბალი რომ იდგა ყანის თავში და კენწეროზე  ჩემს მეტი ვერავინ ადიოდა, ისიც ჩემი იყო.
სულ ჩემი იყო ვანოს მარწყვები, განა ვგიჟდებოდი მეჭამა? მისი ცქერა მიყვარდა და  მოფერება...
 კუკუცა ბებიაც ჩემი იყო,არ ვუტოვებდი მარინას და მამუკას... მამუკაც ჩემი იყო, მარინას არ ვუტოვებდი და  მარინაც ჩემი იყო,მამუკას არ ვუტოვებდი. ცისანა მამიდაც.
ემზარი,ზაზა, ნატო, ირმა და... მთელი სოფლის ბავშვები და ხალხი. მათ სიყვარულში ვერავინ გამეჯიბრებოდა, ამიტომ იყვნენ ჩემი  და ახლაც ასეა...
ვინც  და რაც მიყვარდა, ვერავის გავუნაწილებდი, სხვას მისი წილი ჰყვარებოდა. მე, მთლიანად მიყვარდა, ასე მთლიანად შეკრული,  როგორც წრე...
სკოლის შენობა სადაც ვსწავლობდი,ის ახლაც ჩემია... და განა სკოლა მარტო? მთელი ზასტავა ჩემია და... ჩემი ბავშვობის- ქუთაისიც ჩემია!
ჩემი შვილები მთლიანად ჩემია,   მამამისსაც კი, ვერ ვუნაწილებ ...  მაგრამ იმისიცააა   და მისი წილი უყვარდეს. ჩემი ჩემია... 
ნუ, სახლი სადაც გავიზარდე,  ანუ დედ-მამა და ძმებთან ვცხოვრობდი,დაოჯახებამდე...  წლებია, იქ მე აღარ ვცხოვრობ, მაგრამ მე, მაინც იქ ვცხოვრობ და ჩემია. რაც მიყვარს, ის მთლიანად ჩემია.
ჩემია ასევე ბევრი მეგობარი, უამრავი ამხანაგი, ბევრი კარგი ადამიანი და ლამაზი  ღიმილები ჩემია ადამიანებიდან. აი,ისეთი, გულიდან შენთან რომ მოდის პირდაპირ, მას, ვერავის გავუნაწილებ,ის ჩემია და სხვასთან რაც უნდა იკისკისოს, მე ჩემად, ის ღიმილი მიმაჩნია, ჩემსკენ მომართული, თუნდაც ნაღვლიანი.
ჩემია, ჩემი ფიქრები, ვერავინ გაიგებს მას მაინც , რადგან ჩემია.
ჩემია, ჩემი ოცნებებიც, რადგან ისინი მე მოვიგონე და მევე მიზის ტვინში,სხვა ვერ მისწვდება... 
ჩემი იმედებიც ჩემია, რადგან მე მომეცა მადლად და...სხვა ვერ იბრძოლებს  და იცხოვრებს, ჩემი კუთვნილი იმედებით.
ჩემი წარსულიც ჩემია, რადგან ის, მე გავიარე მარტომ და ჩემად დარჩება სულ.
ჩემი ცოდვებიც ჩემია და... ძალიანაც რომ მოინდომოს სხვამ, ვერ წაიღებს და არც წაიღებს, ან კი, გავატან?!
ჩემი მიღწევებიც ჩემია, მათთვის მე ვიშრომე და ვიღვაწე, მარტომ.
ჩემი გასავლელიც ჩემია, რადგან რაც არ უნდა დაკუნტულად ვიქცე, ის, მე უნდა გავიარო.სხვა  ვერ გაივლის ჩემს გზას.
ჩემი მიზნებიც ჩემია, მე უნდა მივიდე მათთან გადმოსაბირებლად!
ჩემი უძილო ღამეებიც, რადგან მასში, მარტო მე ვარ, სულ მარტო.
მთვარე, ხან არის ხან არა, მას მისი წილი ღამეები აქვს!
ჩემია ის მონატრება, რასაც 
ჩემი შვილები და ოჯახი ჰქვია,რადგან ჩემსავით არავის ენატრება.
ჩემია  დედის მონატრება უზომოდ, რადგან მე ვარ, შორს ... ძმები სულ იქ არიან..
ჩემია მამის საფლავზე მიუსვლელობის  ხუთ წლიანი სინანული და ტკივილი, რადგან სხვა ყველა მივა, ჩამოჯდება საფლავთან და იქნება, იმდენ ხანს, რამდენიც უნდა.
ხომ ხედავთ, მთელი სამყარო ჩემია...
არა ვარ ძუნწი, სხვისიც იყოს მაგრამ რაც ჩემია, ის ჩემია და მორჩა!
ამდენი ჩამონათვალიდან, ყველა ჩემია  და საკუთარი ... ვერც ერთს დავთმობ.
მაგრამ მათგან,  ყველაზე მეტად ჩემი  არის:
ჩემი შვილები+ იმათი შვილებიც,
დედაჩემი,
მამაჩემი,
ჩემი ძმები,
ჩემი ოჯახი,
ჩემი მეგობრები,
ჩემი ნათესავები
ჩემი სოფელი,
ჩემი ქუთაისი,
ჩემი ზასტავა,
ჩემი შუბნის მთები,
ჩემი ბაღდათი,
ჩები შუბნის ღელე,
ჩემი დედული,
ჩემი ბავშვობა 
და ჩემი წარსული,
რადგან მომავალს, აწი დავისაკუთრებ!
ასეთი მესაკუთრე დავრჩი,
კიდევ გაგანდობთ ერთ საიდუმლოს, ნუ ფარდას ავხდი... ,თუმცა, საიდუმლო აღარ იქნება, უკვე რადგან გამხელილად ჩაითვლება.
იმ სოფელში,ჩემი ბავშვობით დავრჩი.მის მერე, მილიონი ბავშვი  გაიზარდა და... უნდა გაიზარდოს, მაგრამ მეც იქ ვარ და... ვერავის მივცემ უფლებას, სადღაც მიმაჩოჩოს. მე სულ იქ ვარ, იქაურობა  ჯერ ჩემია და მერე სხვისი.
ჩემი მკითხველიც ჩემია. მათ მე, ასეთი გამიცნეს და ასეთი მიმიღეს,კიდეც რომ  შებრუნდეს და წავიდეს იმ განზომილებით და იმაზე დიდი პერიოდით, რითაც ჩემი იყვნენ, მაინც ჩემთან დარჩებიან...
არ არის, ჩემი ბრალი, ნებიერად გამზარდეს  და შემაჩვიეს ,რაც ჩემია-ჩემია და ვერავის გავუნაწილებ!
ასეთი მესაკუთრე ვარ მე,-
ერთი ანცი, მოუსვენარი და... მეოცნებე-გამოუსწორებელი მეოცნებე!
შუბნის მთებიდან რომ უმზერს სამყაროს !

Khatuna Katerina Tsikoridze Bagdateli 
2018 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი