დედის პიჯაკი


დედის პიჯაკი

ოთხმოცდაათიანი წლები იდგა. დრო, რომელშიც  არ უკვირდათ ადამიანებს არც უშუქობა, არც პურის რიგში საათობით ლოდინი, სადაც ათ სულიან და სამ   სულიან ოჯახზე  ერთნაირად  გასცემდნენ ნორმად დაწესებულ  სამ   პურს -
დრო რომელშიც, რატომღაც   მომრავლდა საცხოვრებელი სახლის ეზოებში, აივანებში გასაშრობად გაფენილი სარეცხის  გაუჩინარება.
 ... ჩემი  შვილებით აქეთ -იქეთ ხელჩაკიდებული  გზას მოვუყვებოდი  ჩვენს დასახლებაში,
გზად, ასე 16- წლის ბიჭი წამოგვეწია.
 _ქალბატონო, ქალბატონო!
ძალიან იაფად ვყიდი   ქალის პიჯაკს, ხომ არ შეიძენთ?!
უხერხულობისგან აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი.
თავჩაღუნულმა ვუპასუხე:
არა, არ მინდა!  ეს სიტყვები  ისე  ვუთხარი, სახეში არც შემიხედავს.
-ქალბატონო, არ იფიქროთ მოვიპარე, დედის პიჯაკია!
ამ სიტყვების გაგონება, იმდენად   მოულოდნელი იყო ჩემთვის,თითქმის გაბრაზებულმა ავხედე, სახეში   მივაცქერდი და ვკითხე:
_კი მაგრამ, რატომ ყიდით?!
 ბიჭი დაიბნა, აწრიალდა და მითხრა:
_დედაჩემი ავადაა,   წამლებია მისთვის  საჭირო . არავითარი თანხა არა გვაქვს. 
დედამ მთხოვა, რადგან ახალია  და თანაც  უცხოური,  გამომეტანა სახლიდან, იქნებ გამეყიდა!   მართლა უცხოურია ქალბატონო- შარშან აჩუქა დედას  ნათესავმა, რომელიც  მოსკოვში ცხოვრობს.
უცნაური შეგრძნება დამემართა,  არ ვიცოდი, რა მექნა,ბავშვები გაკვირვებული მიყურებდნენ , ვერაფერი გაეგოთ.ისიც ვიფიქრე, გავაგრძელებ გზას და მორჩა. თან ათასნაირი  ფიქრი მიტრიალებდა თავში, მაგრამ ერთი კი ვიცოდი,პიჯაკი არანაირად არ მინდოდა...
პიჯაკი, რომელიც  ოქროსფერ საკიდზე  იყო შემოცმული და თავისივე  გამჭვირვალე შალითის   შიგ მოთავსებული, საცოდავად მიყურებდა   ბიჭის ხელებიდან...
 იგი,არანაირად არ მინდოდა- არც საყიდლად , არც სასაჩუქრედ! თუმცა წამიერად გადავთვალე  გონებაში  თანხის ოდენობა, რაც  თან მქონდა ,არადა ძმის დაბადების დღე იყო ,მინდოდა , რამე საჩუქარი მიმერთმია.
_რამდენად ჰყიდით პიჯაკს?!
_არ ვიცი, დედამ მითხრა, იმდენად მაინც გაყიდე  , წამალი რომ ვიყიდოთო!
ჩანთაში, რაც თანხა მქონდა,  ამოვთვალე, მხოლოდ სამგზავრო დავიტოვე  და გავუწოდე
ფული. 
_გამომართვი, ოღონდ, პიჯაკი არ მინდა!
_აიღეთ ეს თანხა და  დედას წამლები უყიდეთ , პიჯაკი არ გაყიდოთ, გთხოვთ . 
აღარ გავჩერებულვარ. თვალებთან  მომდგარი  ცრემლები  სუნთქვას მიშლიდა ...
გზა ჩვეულებრივ გავაგრძელეთ, ისე, რომ პასუხს, არ დავლოდებივარ.
_მოდით, დედიკო ,ცოტა ფეხით გავიაროთ...
არადა, ზასტავამდე, არც თუ ისე მოკლე  გზა  იყო.  გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია. ბავშვები გაოგნებული იყვნენ, ვერ გაერკვიათ რა მოხდა!
 _მიშო,  მიშო, ეუბნება  ძმას  ჩემი ქალიშვილი  მირანდა, დედა თუ ავად გახდება, ჩვენც არ გავყიდოთ დედის პიჯაკი.
_არა მირა, არ გავყიდოთ  ჩვენ ექიმები  ვიქნებით და მოვარჩენთ დედას...
თან მეღიმებოდა, თან ცრემლები თავისით მომდიოდა თვალებიდან...
გზის გადაღმა ყვავილები შევაგროვეთ, ლამაზი თაიგული შევკარით და ჩემს დედიკოს  მივართვით... დედას მოვუყევი ეს ამბავი და თან ბოდიში მოვიხადე:
_დედა , საჩუქარი ვერ  ვიყიდე ძმისთვის...
_შვილო, ყველაზე დიდი საჩუქარი- თქვენა  ხართ ჩვენთვის! რაც  შენ დღეს გააკეთე, ეს უდიდესი საჩუქარია ჩემთვის,  შენი ძმისთვის და ყველასთვის!
დედა სამივეს ჩაგვეხუტა...
საღამოს იუბილარსაც ავუხსენი, რაც გადამხდა
_ნუ ნერვიულობ დაიკო,   მეც ასე მოვიქცეოდი, მიპასუხა ძმამ.
...რამდენიმე წლის შემდეგ, ქალაქის ერთ-ერთ ორგანიზაციაში, რაღაც საკითხზე   შეხვედრა მქონდა დანიშნული.
როდესაც  ორგანიზაციის ხელმძღვანელთან პირისპირ ვიჯექი, საუბრისას  ჩემს მეხსიერებაში ნაცნობი ხმა ამოტივტივდა.  როდესაც გამომაცილა, ვკითხე...
_დედა როგორ არის?!
_თქვენ  საიდან იცნობდით  დედას?!
_არა, არ ვიცნობდი!
მამაკაცი გამომცდელი თვალებით დამაკვირდა, მაგრამ ვერაფრით  გამიხსენა.
_დედა , ერთი თვის წინ გარდაიცვალა -მითხრა დაღონებულმა.
_გაანათლოს  უფალმა!
_მადლობა, იცოცხლეთ!
_კარგ შვილებს- ღირსეული დედები ზრდიან!  ემოციურად წამომცდა .მასპინძელს ესიამოვნა.
...შვილი ყველა სიმაღლეზე მაღალია დედისთვის,ისევე როგორც შვილისთვის- დედა.
ჩემი შვილებიც დიდები არიან უკვე  და თავადაც მშობლები.
ექიმობა, არც ერთს არ  აურჩევია, მაგრამ  ისინი თავიანთი კარგი  ცხოვრების წესით მაბედნიერებენ. სულის სიმტკიცე და ძლიერება- ჩემთვის, ისინი არიან.მე იმათი სიკარგით ვცოცხლობ!
...ჩემი მასპინძელი კი,სწორედ ის ახალგაზრდა ყმაწვილი იყო, რომელიც დედის ავადმყოფობის გამო  პიჯაკს ჰყიდდა, რომ   წამალი შეეძინა!

ხათუნა წიქორიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი