მამა
მამა... (მამაჩემის , გურამ წიქორიძის ხსოვნას!) საღამო ხანი იყო. ცაზე მთვარე ამოსულიყო. ჭრიჭინები აქა-იქ წამოიჭრიჭინებდნენ... ზაფხულის ხვატი იდგა. კარგა ხანია სოფელი წვიმის მოლოდინში იყო. უჭირდა მოსავალს! – მიწა, ხე, ბალახი იმდენად გამომშრალიყო ალიონზე ცვარნამიც დავიწყებოდა ბუნებას. ! ვიჯექი და აღმართში ამომავალ მამას ველოდი... -ბავშვობაში ,ზაფხულის არდადეგებს სოფელში ვატარებდი... საღამო ხანს, ბავშვები, ხან მთას ხან ღელეს შეესეოდნენ. ორღობეში ვერცერთს, თვალს ვერ მოკრავდი. ყოველ საღამოს, განსკუთრებულად დავჯდებოდი ჭიშკართან ტირიფის ძირში და წინ დაღმართიან გზას გავცქეროდი, საიდანაც მამა ბრუნდებოდა. როცა დავინახავდი, წამოვფრინდებოდი და ათ წამში მამასთან ვიყავი. მამა, რომელსაც მხარით ყოველთვის დიდი მუყაოს პარკი მოჰქონდა შიგ ათასნაირი სანოვაგით, ჩამოდგამდა ძირს, შემოვეხვეოდი გაშლილი მკლავებით და ისიც ჩამიხუტებდა. მერე, ისევ ცალ მხარზე ტვირთს შემოიდგამდა, ცალ ხელს ჩამჭიდებდა და ჭიშკართან ამოსვლამდე ორ წუთში ვუყვებოდი მთელი დღის თავგადასავალს – ისე ჩქარ- ჩქარა ვსაუბრობდი, მამა მეტყოდა: სული მოითქვი შე ოხერო, არ გადაგცდეს სიტყვაო! ვერაფრით წარმომედგინა, რას ნიშნავდა სიტყვის გადაცდენა. ... მერე უკვე დაოჯახებულიც და პატარა შვილებით, ისევ ისე ველოდი ზაფხულობით მამას სამსახურიდან დაბრუნებულს და წარმოიდგინეთ, ისევ ისე ჩამოდგამდა მამა ტვირთს და მერე ხელჩაკიდებული ამოვუყვებიდით აღმართს. ოღონდ, შუაში ჩემი შვილები ჩაგვემატებოდნენ და ასე ხელიხელგადაბმულები მოვუყვებოდით გზას... ჩემს შვილებსაც ჩემსავით დაუჯდებოდა მამა ვახშმის მერე და უყვებოდა ადრინდელ ამბებს. მე ყველაფერი მესმოდა და ჩემი ბავშვობა მახსენდებოდა, მიხაროდა ასეთი დედმამა რომ მყავდა... – მერე მამა წავიდა და ჩვენს ოჯახში, სოფელში ტკივილმა დაისადგურა – მამაჩემი ყველას დააკლდა! წლების მერეც, როდესაც სოფელში ჩავიდოდი და დავრჩებოდი. საღამოობით მაინც მქონდა შეგრძნება – მამა, ავტობუსს ისევ ჩამოჰყვებოდა ქალაქიდან და ისევ ამოვიდოდა იმ აღმართში, თვალიც კი გამექცეოდა გზისკენ... ... ალბათ 7- 8 წლისა ვიქნებოდი, მახსოვს მე და მამა გადაღმა სოფლიდან (დედულეთიდან) ფეხით მოვდიოდით. ერთ- ერთ ეზოსთან რომ გამოვიარეთ, რაღაც აყალ- მაყალი შემოგვესმა. მამამ სასწრაფოდ გამოაღო ჭიშკარი და ეზოში შევიდა, ბოდიში მოიხადა- დაუკითხავად შემოვედიო. მე, იქვე გვერდით ვიდექი და ვხედავდი, მოხუცი კაცი ყვიროდა, მაგრამ არავინ სჩანდა გარშემო. მამამ ჰკითხა: კი მაგრამ, ვის ეჩხუბები?! აქ არავინაა. – რა გითხრა გურამ, ჩემს თავს ვეჩხუბები. – ეს როგორ?... – რა, როგორ! იმდენად უხეში და აუტანელი ვიყავი, სამი შვილი გავაქციე სახლიდან და ახლა წყლის მომწოდებელი არავინ მყავს, მარტო დავრჩი, თავს ვეღარ ვუვლი, არც არაფერი შემიძლია... მე და მამამ წყალი მოვუზიდეთ მეზობლის ჭიდან. მერე სახლში წავედით. მახსოვს მამამ დედას გამომცხვარი პურები და რამდენიმე დღის საკმარისი საჭმელი წამოუღო სახლიდან – მივუტანეთ მოხუცს. მამა დაპირდა, რომ უახლოეს მომავალში მოიძევდა მის შვილებს . მახსოვს, კარგა ხანს მამას სამსახურიდან მომავალს, და-მატებით ტვირთიც მოჰქონდა მეორე ჩანთით, შემოდგამდა ეზოში ჩვენთვის განკუთვნილს და მიდიოდა ფეხით, ზემოთ უბანში. ერთხელაც, გადაღმა სოფლიდან (დედულეთიდან) მოკლე გზით რომ გადმოვდიოდი, მოხუცის ეზოს გავხედე. სარეცხით იყო სავსე, მოხუცი ხის ჩრდილში სავარძელში იჯდა და შვილთაშვილს რაღაცას უყვებოდა. ორივე იცინოდნენ. ცოტა ხანს ვუცქირე და გზა რომ გავაგრძელე, თვალები ცრემლებით სავსე მქონდა, გული კი უსაზღვრო სიყვარულით. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა საღამო და მამას როდის მივახარებდი ამ ამბავს... მოუსვენრად ვიჯექი ჭიშჯართან და ავტობუსს ვუცდიდი. მამაც გამოჩნდა... გავიქეცი კისრისტეხით, ყვირილით, მამა, მამიკო! იცი? ის სახლი ხალხით სავსეა, მოხუცი აღარ არის მარტო! მამასაც თვალები ჩემსავით ცრემლებით აევსო. საღამოს ვახშმის მერე, მამამ მომისვა გვერდით და დაიწყო:არაფერი არ არის ამ ქვეყნად სიკეთის ფასი შვილო. არასოდეს არ უნდა იფიქრო ადამიანმა მხოლოდ ერთი გადასახედიდან. – ეს, როგორ, მამა?! – ყოველნაირ საქმეს ორი მხარე აქვს შვილო : დადებითი და უარყოფითი. მაგრამ კაცი იმდენად კეთილშობილი უნდა იყო, უარყოფითი დადებითს გადააფარინო. იმ მოხუცსაც ჰქონდა სიკეთე ნაკეთები ქვეყნად, მერე ეშმაკი შეუჩნდა და შვილები აღარ იგუა... რადგან კაცს სიკეთე უფრო ბევრი ჰქონდა ქვეყნად, ვიდრე სიავე, თვითონ ეშმაკმაც ვერ დაივანა მის გულში და გაეცალა. კაცი მიხვდა, რომ შეცდა, ამიტომ, სჯიდა იმ დღეს საკუთარ თავს და ლანძღავდა. – დაიმახსოვრე, სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს! ამიტომ, ყოველი ადამიანი უნდა ცდილობდეს, ისე მოექცეს სხვას, როგორც მას უნდა, რომ მოექცნენ. დაიმახსოვრე და მუდამ გამარჯვებული იქნებიო. ...მაშინ ალბათ 7-8 წლისა ვიქნებოდი. მას შემდეგ ერთი დღეც არ მიცხოვრია მამის რჩევა – დარიგების გათვალისწინების გარეშე. მე ვიცი, რომ მამას დიდი ბრძოლა დასჭირდებოდა შვილების გადარწმუნებაში, მაგრამ მან შეძლო-სიკეთის კაცი იყო და გამოუვიდა! დიდი ხანია, სოფელში აღარ ვყოფილვარ, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ახლა ზაფხულობით, დედაჩემი ელოდება გზის აღმართში ამომავალ შვილიშვილებს, „დაჩნიკებს“ რომ ეძახის. ხათუნა წიქორიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი