ქოლგების შემკეთებელი
ქოლგების შემკეთებელი ჩემს ქალაქში, ჩვენი უბნის ბოლოში, ანუ ქვედა „ზასტავაზე“, სანამ „სამტრედიის ხიდამდე“ მიხვალთ, რუსთაველის გამზირის (ყოფილი გორის ქუჩა) მარცხენა მხარეს სამი ძველი აშენებული, განსხვავებული პროექტის მქონე საცხოვრებელი კორპუსი დგას. მახსოვს, მამა იყტოდა: ომისდროინდელ პერიოდში აგებული ბინებიაო. პატარა ვიყავი და მიკვირდა, ომის დროს, თუ კი ტანკი დადიოდა და ყუმბარებს ჰყრიდნენ, ბინებს როგორღა აშენებდნენ-თქო. ერთი კორპუსი, რომელიც ტროტუარიდან უფრო მოცილებით დგას, ანუ შიგა ეზოში, უფრო მაღლივი სართულებითაა და მეორე, რომელიც უფრო გამოწეულია ქუჩისკენ სამ სართულიანია უფრო რუხი ფერის და ძველი სახე ჰქონდა ჩემი ბავშვობის დროს (ბოლოს სამი წლის წინ ვნახე - ისიც გაქცევით, გაახლებული სახე ჰქონდა) მესამე,კი წინამდებარე ორისგან მოშორებით დგას... ამ ორ ბინას შორის... ალბათ ასე, ოცი მეტრის დაშორება არის. გუშინდელი დღესავით მახსოვს, პატარა სკვერი იყო ამ ადგილში გაშენებული,შიგ სამი ყვავილოვანი ბუჩქი იდგა, მხოლოდ ღეროებით და ყვითელი პაწაწინა, ოთხფურცლიანი გვირგვინოსანი ყვავილებით. ასევე სკვერის აქეთ-იქეთ კიდეებზე ვარდები იყო ჩარიგებული. დაბალი შენობისკენ წითელი, ხოლო მაღალი შენობისკენ ოქროსფერ ფურცლებიანი ვარდები. დაბალი კორპუსის კიდეს რომ გაჰყვებოდით და შიგა ეზოში შეხვიდოდით, სუფთა და მოვლილ ბაღს დაინახავდით-შიგ ერთი ძელსკამი იდგა, პატარა ქვის მაგიდა და რკინის კარადა ჩაკეტილი. ხიდან-ხეზე, თოკი იყო გაბმული, რომელზეც ან პირსახოცი ეკიდა,ან მამაკაცის პერანგი სუფთა, მაგრამ უსწორმასწოროდ გადაფენილი. კორპუსის პირველ სართულზე ერთი მარტოხელა კაცი ცხოვრობდა, სახელი აღარც კი მახსოვს. კორპუსის წინა მხარეს კი, პირველ სართულზე საყოფაცხოვრებო სახლი იყო მოთავსებული. შესასვლელი კარის ზემოთ მიმაგრებულ ცისფერ ტრაფარეტზე თეთრი ასოებით ეწერა - „дом бытового обслуживания“, რომელსაც ,ვიწრო და ბნელი შესასვლელი ჰქონდა. ხელმარჯვნივ - ჯერ ქალთა სალონი და მერე მიჯრით საპარიკმახერო იყო. მარცხნივ კი უფრო მოდიდო ერთიანი ფართი, რომელშიც კუთხე-კუთხე დანაწილებული ადგილები იყო მაგიდებით - სხვადასხვა სპეციალისტებისთვის: ტელევიზორების და მაგნიტოფონების შემკეთებელი, საათების შემკეთებელი, ოქრომჭედელი და ფეხსაცმლის შემკეთებელი, რომელიც გატეხილ, დაზიანებულ ქოლგებსაც აკეთებდა. ...ბავშვობისას გაკვეთილების მომზადებას რომ დავამთავრებდით, ბინის ბავშვები მოვეფინებოდით უბანს. სათამაშოდ დავდიოდით კლასელებთან, ნაცნობ ამხანაგებთან და იმ ეზოს შიგა ეზოსაც გავივლიდით (გზის შესამოკლებლად) მახსოვს, ის მოხუცი ბაღში იჯდა სულ საღამოობით და ქოლგების შეკეთებით იყო დაკავებული. კეთილი და სათნო სახე ჰქონდა. ...ერთხელ მე და მამამ ქოლგა მივიტანეთ შესაკეთებლად. გვითხრა: ხვალ საღამოს ბინის შიგნით ეზოში შემოდით და იქ ვიქნები, ქოლგაც მზად მექნებაო. ბევრი გასაკეთებელი ქოლგა დამიგროვდა და საღამოობით ეზოში ვმუშაობო. ერთი სული მქონდა მეორე დღეს ქოლგის წამოსაღებად მამას მეც გავყოლოდი. მამას ვთხოვე: - მამიკო, გთხოვ, სამსახურიდან არ გამოიარო ქოლგის წამოსაღებად. სახლში მოდი და მეც წამოგყვები. - კარგი შვილო, ასეც მოვიქცევი. მამას ყველგან დავყვებოდი, მიყვარდა მის გვერდით სიარული. როდესაც მას ხელჩაკიდებული მივყვებოდი, შეგრძნება მქონდა. თითქოს მეც მამას სიმაღლე ვიყავი... თითის წვერებზე ვიწეოდი, თუმცა მამა ბევრად მაღალი იყო, ხვდებოდა ჩემს მცდელობას და ჩუმად ეღიმებიდა თითქოს ვერ გრძნობდა. ისიც ამაყად მოდიოდა ჩემს გვერდით, უხაროდა, რომ მას ვგავდი, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ხასიათიც მამის გამომყვა. მეორე დღეს, მე და მამა გავეშურეთ შეკეთებული ქოლგის წამოსაღებად. ცოტა ხნით ჩამოვჯექით ჩვენც ბაღში. მამამ მოხუცს ჰკითხა: - სადაური ბრძანდებით, კარგო ადამიანო?! - მე ეროვნებით სომეხი ვარ. ჩემი ბაბუა და ბებია თბილისში ცხოვრობდნენ თურმე. ბაბუაჩემი განთქმული მეწაღე ყოფილა თბილისში. მამას კი, ქუთაისელი ქალი შეურთავს ცოლად და აქ გადმოსულა - საცხოვრებლად... დედაჩემი აბესაძის ქალი იყო-იმერელი. ლამაზი და მშრომელი. კარგად მახსოვს დედა კერავდა პალტოებს, კაბებს, ქუდებს. მამა კი ფეხსაცმელს კერავდა. ნინოშვილის ბაზართან ის პატარა ოთახიც, თავისი პატარა სათავსოთი და საერთო ეზოთი სწორედ მათ უყიდიათ თავიანთი დანაზოგით. მეც იქ გავიზარდე. მახსოვს იქაური ძველი ქუჩები და ჩიხები. თვალს რომ დავხუჭავ, ისევ იმ ქუჩებში დავდივარ. ცხონებული დედაჩემი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. მახსოვს, მამა მუდამ ფეხსაცმელის კერვით არჩენდა ოჯახს. მე 1915 წელს დავიბადე და მამაჩემი რომ გარდაიცვალა, 25 წლისა ვიყავი. ერთ წელიწადში ომში წავედი... ომიდან დაბრუნებულს გაჭირვებაში დატოვებული ქვეყანა კიდევ უფრო გასაჭირში დამიხვდა. მამის იარაღები მოვიძიე და გავაგრძელე მამის ხელობა. ფეხსაცმლის კერვა, შეკეთება. გარკვეული ხნის შემდეგ, ცოტაოდენ ფულსაც მოვუყარე თავი. მშობლების დატოვებული ბინა, კედლის მოსაზღვრე მეზობელმა შეიერთა. კაპიკი-კაპიკს დავამატე და ეს ერთოთახიანი ბინა ვიყიდე. მიგვანიშნა პირველ სართულზე. ოჯახი მე აღარ შემიქმნია. არ მქონდა ბედი ალბათ იმისა, რომ ოჯახი შემექმნა. ბევრი გასაჭირი გამოვიარე. 60 წლის ვარ და 80-სა ვგონივარ ყველას... ახლა შვილო ფეხსაცმლის შეკერვა ნაკლებად უნდათ. ძირითადად, თუ ვინმე ვერ ირგებს მზა ფეხსაცმელს - მისთვის ვკერავ და დაზიანებულ ფეხსაცმელს ვაკეთებ. ქოლგებსაც ვაკეთებ. თავს ასე ვირჩენ... მტერ-მოყვარესაც, ხომ თავისი სჭირდება, შვილო. - აქ ნათესავები გყავთ?! ძია კაცო. - რას ამბობ შვილო. ამ ორი ბინის მკვიდრი, ყველა ჩემი ნათესავი და ახლობელია. თუ რამეში დავჭირდი ვინმეს, როგორ დავამადლი. მამამ შეკეთებული ქოლგის საფასური იკითხა: - რამდენი მოგართვათ ძია კაცო?! - შვილო მე სამ მანეთად ვაკეთებ ქოლგას მაგრამ, შენც აქვე მეზობელი ყოფილხარ და ისე წაიღე, უთხრა მოხუცმა. არადა, ძირითადად უბნის მაცხოვრებლებს ემსახურებოდა. აბა გადამთიელი ხომ არ მიადგებოდა მას. ყველა უბანს ჰყავდა თავისი ფეხსაცმლის შემკეთებელი. მამამ ხუთი მანეთი დაუდო მაგიდაზე, მადლობა გადაუხადა და წამოვედით სახლში. მე იმდენი საფიქრალი გამიჩნდა. კარგა ხანს ვფიქრობდი, მოხუცზე, რომელიც უშვილძიროდ ცხოვრობდა და გული მწყდებოდა რომ, უფრო დიდი არ ვიყავი და არ ვიცოდი ქოლგების შეკეთება, თორემ ავდგებოდი ღამით ყველა ქოლგას წამოვიღებდი ჩუმად შევაკეთებდი და დილით ბაღში რომ კარადა ჰქონდა, აი იმ კარადას როცა გამოაღებდა მოხუცი, ყველა ქოლგა შეკეთებული დახვდებოდა. ჯადოსნურ გასაღებზეც ვფიქრობდი მქონოდა, რომ კარადა გამეღო. ...მერე ხმა გავარდა უბანში, მოხუცის რკინის კარადა გატეხესო. დილით არც ერთი ქოლგა არ დახვდა, თურმე. მე კი ვფიქრობდი ვინმეს გასაკეთებლად ექნება წაღებული-თქო, მაგრამ, როგორც ჩანს, ცუდად გაიხუმრა ამის ჩამდენმა. მოხუცი თურმე დარდობდა: - შიგ 22 ადამიანის ქოლგა მქონდა, სირცხვილია. ადამიანები დავტოვე უქოლგოდო... მერე ისიც თქვეს, უბნის თავკაცს 22 ახალი ქოლგა უჩუქებია მოხუცისთვის და ზედ იმ ქოლგების შეკეთებაში ასაღები გასამრჯელოც დაუმატებიაო. ...ალბათ 17 წელი იქნებოდა ამ ამბის შემდეგ გასული. გასული, მოხუცი თითქმის გადამავიწყდა. იმჟამად ქუთაისში ერთ-ერთ უბანში ,,ავანგარდის" დასახლებაში ვცხოვრობდი, ჩემი ოჯახით. ერთ დღეს ბავშვები საბავშვო ბაღში დავტოვე. უკან გამობრუნებულს გზაზე ფეხი გადამიბრუნდა და ფეხსაცმელს ქუსლი დაუზიანდა. ეზოში შესულს მეზობელმა მითხრა: - აქვე, სავაჭრო ცენტრთან კუთხეში ერთი მოხუცი ზის, ძალიან კარგად აკეთებს ფეხსაცმელსო. მეორე დღეს, როდესაც ფეხსაცმელი გადავეცი მოხუცს შესაკეთებლად. ამომხედა თუ არა, იმ წუთში ვიცანი მოხუცი - ჩვენი უბნიდან. სულ მთლად მოტეხილი და გაცრეცილი, რომ დავინახე, თვალწინ გამიბინა ჩემმა ბავშვობამ. შევახსენე ჩემი თავი და მამაც, მგონი ვერც გაგვიხსენა. დავპირდი, მამას მოვიყვან თქვენთან-თქო. კარგა ხნის მანძილზე, დილით ბავშვებს ბაღში რომ წავიყვანდი, თან წავიყოლებდი, ტკბილეულს. ბლითებს ან ორცხობილებს. რამდენჯერმე ცხელი კერძიც კი წავუღე, უხერხულად გრძნობდა თავს... ვთხოვე, თქვენ რომ გიყურებთ, ბავშვობა მაგონდება-თქო. მერე შემეჩვია, თითქოს მიცდიდა კიდეც! ერთ დღესაც როდესაც მივედი, დაკეტილი დამხვდა მისი პატარა სახელოსნო. იქვე მაღაზიიდან დამლაგებელი ქალი გამოვიდა და მითხრა: შვილო გუშინ საღამოს აქ თავის სახელოსნოში გარდაიცვალა, თბილისელმა ნათესავმა ბინა გააყიდინა, ფული მიითვისა და ეს საცოდავი, აქვე წინა ბინაში ნაქირავებში ცხოვრობდა. ამით ირჩენდა თავს, სხვა არავინ ჰყავდა. ვის არ უყვარდა, კარგი ადამიანი იყო, ყველა რაღაცით ეხმარებოდა, მაგრამ გულმა ვეღარ გაუძლოო. ისე დამძიმებული წამოვედი, იქედან. მეგონა, მოხუცმა ჩემი ბავშვობის რაღაც ნაწილიც თან წაიღო! დღემდე ვფიქრობ, რატომ არიან ადამიანები ასეთი დაუნდობლები?! ...მერე, მეც ჩემს უბანში გადმოვედი საცხოვრებლად. ჩემს ბავშვობასთან დავმკვიდრდი, რომელიც ჩემს უბანში დაჰქროდა და მე მელოდებოდა. ...ექვსი წელია ემიგრაციაში ვარ და ამ დროის მანძილზე. ერთი ღამეც კი, არ ყოფილა ისე, ძილის წინ ჩემი სოფელი, დედულ-მამული და ჩემი „ზასტავა“ არ შემოვიარო ფეხდაფეხ მოგონებებით და არასოდეს ამივლია იმ ბინისთვის გვერდი ისე, რომ, შიგა ეზოში არ შევსულიყავი. კეთილი მოხუცი კი ,სულ ისე ზის ხის ჩრდილში ძელსკამზე და ქოლგების შეკეთებითაა დაკავებული. ხეებს შორის გაბმულ თოკზეც უსწორმასწოროდ გაფენილი ცასავით თეთრი პირსაცოცი ფრიალებს ხის გაყვითლებული დამჭერით დამაგრებული... ხათუნა წიქორიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი