წაღებული ცრემლი
წაღებული ცრემლი იმდენჯერ შებრუნდა, რამდენი ცრემლიც ჩამოგორდა თვალზე. ბოლოს, ცრემლი – ნაკადულივით რომ მოასკდა თვალებს, შემობრუნდა და პირისპირ დაუდგა სამზერად ტკივილს! ტკივილი კი მიდიოდა... გულიც მიჰქონდა, მიდიოდა და სიცარიელეს ტოვებდა ქუჩაშიც და გულშიც! ... სამიოდე წლის ბიჭი დედას საბავშვო ბაღიდან მოჰყავს. დედის ხელს ჩაჭიდებული მთელ ქვეყნიერებას მოიცავდა გულით. მოდიოდა და იყო ამაყი, უშიშარი, ყველაზე ბედნიერი. ... უცებ ატირდა. იმხელა ხმით აღმოხდა ტირილი, დედა შე- შინებული დაეტაკა შვილს, ხელში აიტაცა და გულში ჩაიკრა! თვალებში ჩახედა ოქროსკულულებიან ბიჭს და უთხრა: – რა იყო შვილო, რა გეტკინა დედიკო, რატომ ტირი?! – დილით, ბაღში რომ დამტოვე და წახვედი, გული მეტკინა... არ მინდოდა შენთან განშორება, რატომ დამტოვე?! – კი, მაგრამ, ახლა რატომ ტირი დედიკო, ახლა ხომ ჩემთან ხარ?! – აბა იქ, როგორ ვიტირებდი დედა, იქ ყველა შემხედავდა, მე ხომ ვაჟკაცი ვარ! – კარგი დედიკო, როცა რამე გეწყინება ან რამე შეგაწუხებს, ყოველთვის მე მითხარი. მე დავიტოვებ შენს სატკივარს და შენ განთავისუფლდები. – არა, დედიკო, შენ ვერ დაგიტოვებ ყველას – არ მინდა შენ რომ იტირო. მოდი ასე ვქნათ: ცოტა- ცოტა ორივემ ვიტიროთ და ასე გამოთავდება! – კარგი, შევთანხმდით! მის მერე ცოტა ხანი ტიროდა, როცა დედას უყვებოდა ბაღში დატოვების ამბავს... მერე დედა ჩაიკრავდა გულში და ავიწყდე- ბოდა, რომ ბაღი არ უყვარდა. ბაღი და იქ მყოფნი კი უყვარდა მაგრამ, დედასთან განშორება არ უნდოდა! გადიოდა ასე დრო. ბიჭი გადაეჩვია ტირილს. უკვე დიდი იყო სკოლაში შედიოდა. ის კი არადა, იქეთ ამხნევებდა სხვა მტირალას. გადიოდა დრო და დედაც ხარობდა მისი წარმატებით! ჰო, დაც ჰყავდა, ბაღშიც ერთად დაჰყავდა დედას ორივე, მაგრამ და არ ტიროდა. და- ძმა წარმატებით სწავლობდნენ... დედ- მამა ხარობდა. ... მიუხედავად იმისა, რომ დიდი იყო, დედისკენ მომზირალ,მის თვალს თუ გააყოლებდით, მიხვდებოდით– დედა მთელი მისი სამყარო იყო: დედა, მეგობარი, გამგები. ის მთელი არსებით დედის შვილი იყო. ვერაფრით წარმოედგინა მის გარეშე ცხოვრება, უკვე დაოჯახებულსაც კი. ყველა ტკივილით და სიხარულით ისევ დედასთან მიდიოდა და დედისგან დაიმედებული და გულში ჩახუტებული, მისი მხნეობით რკინასაც კი შეეჭიდებოდა! იმდენად გადაიტანა ეს სიყვარული საკუთარ ოჯახში. ახლა მისი მეუღლე და შვილებიც ზუსტად ისევე, ზუსტად იგივე დამოკიდებულებით, არიან დაკავშირებული მშობელ დედასთან. ... დედა მიდიოდა – არავისთან, არაფერში. დედას არ დაანახა ცრემლი გაცილებისას – დაიძრა თუ არა ავტობუსი, ყელში გაჩხერილი ტკივილი ცრემლად მოასკდა თვალებს. მოდიოდა ცრემლთა ნაკადულები თვალებიდან... ერთი ორჯერ შებრუნდა, არ უნდოდა, ის შუქი დამახსოვრებოდა, რომელიც ნელ-ნელა უქრებოდა ღამის გზას. მერე შემობრუნდა სახით სინამდვილისკენ და დიდხანს გაჰყურებდა გზას, რომლითაც დედა წავიდა... ვინ იცის, როდის დაბრუნდება... დიდხანს იდგა ქუჩაში. აგვისტოს ცივი ღამე იყო, ვერ წავიდა სახლში, სადაც დედა აღარ ეგულებოდა – იხეტიალა ქუჩებში, გამთენიისას მივიდა სახლში. დავიძინებო, მიზეზად მოიდო, ჩარგო თავი ბალიშში და ატირდა... პირველად ვერ შეძლო დედისთვის გაეზიარებინა მისი ტკივილი. თუმცა დედამ ეს ტკივილი უთქმელად გამოართვა და თან წაიღო. ამ ტკივილს,_ დედას გატანებული ცრემლი ერქვა! ხათუნა წიქორიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი