გზის ფიქრები...
გზის ფიქრები... გულზე რამდენმა ჭირმა და ლხინმა გადამიარა... ან რას ვუძლებ, რა შემიძლია ამდენი! ...და რა გგონიათ, მინდა რომ ამდენი ვიტვირთო?! - არა, მაგრამ რა ვქნა - ესაა ჩემი ხვედრი! განა მე არა მაქვს სადარდებელი?! ყველას უტყვი ვგონივარ. არადა, მეც ვსაუბრობ ჩემებურად: ვიცინი ან ვკვნესი. ოღონდ, შენ არ მისმენ ადამიანო. არც იმაზე ფიქრობ, რომ მე შენი საყრდენი ვარ, იმ ადგილამდე, სადაც შენ მიდიხარ! ჰო, მე გზა ვარ და გეგები ფეხქვეშ და იმ მიზანთან მისასვლელად, რომლისკენ შენ ისწრაფი, ჩემზე გადადის ყველა ტკივილი, ჯერ მე უნდა გადამლახო რომ მასთან მიხვიდე! რამდენს - ხიფათისკენ მიმავალს გაუვლია ჩემს გულზე... მე შევეცადე, ხან ქვა ავუბრუნე ფეხქვეშ, ხან ნაგუბარი დავახვედრე წინ, რომ ფეხი შეენელებინა... იქნებ შეჩერებულიყო. მაგრამ, ადამიანი მირბის სულ და არასოდეს ფიქრობს გზაზე... ეხ, რამდენი ბედნიერი წყვილი ფაეტონით გადამიტარებია საკუთარ გულზე. მერე დროულად ან უდროოდ ისევ ჩემს გულზე გადმოუტარებიათ იმ სოფელს მიმავალნი. მეც გული მაქვს... ოღონდ, თქვენ ვერ ხვდებით ამას... აგერ, სულ რაღაც ერთი წუთის წინ, საიდანღაც თითო ბარტყი დამეცა გულზე. რამდენი ვიწვალე, რომ იმ ავტომობილს გვერდი აევლო... ერთმა აუარა, მეორემ, მესამემ და ბოლოს მაინც მე დამაკლეს გულზე... დავხუჭე თვალები წამიერად, მაგრამ ისევ სიფრთხილისთვის გავახილე მყისვე. ...ხანდახან ისე შემეკუმშება გული და მხრები, მარჯვენა ნაპირს ვაახლოვებ მარცხენასთან, რომ საცალფეხო კი არა ,დიდი გზა ჰქონდეს ფეხით მოსიარულეთ... მაგრამ, შენ, ვერ მგრძნობ ადამიანო. როდესაც ფეხს წამოჰკრავ რამეს ან ფეხქვეშ ქვა აგიბრუნდება, შეჩერდი გარშემო მიმოიხედე და იმ წუთში მიხვდები, რომ ხიფათს აგარიდე... მე გზა ვარ და ჩემს გულზე მხოლოდ მშვიდობამ მინდა იაროს - არ მინდა ტანკმა გადამიაროს, არც კაცის დასაჩაგრად მიმავალმა, არც შვილმკვდარმა დედამ და არც ობოლმა ბავშვმა... მე, ვზა ვარ! მშვიდობა მინდა! რამდენიმე დღის წინ, ერთი მხარი მომკვეთეს, შუაზე საზღვარი შემოავლეს და სასაფლაოდ შემოღობეს. მიწას, რომელიც გვირილებით მერთვოდა... დღეს, ერთი ადამიანი უკვე მიაბარეს ჩემზე ჩამოჭრილ ჩემსავე სხეულს... ვტირი, თქვენ კი არ გესმით. ხანდახან მსუბუქი ნაბიჯებითაც იარეთ... მეც მტკივა გესმით? ჰო, მტკივა... ამდენი ტკივილს თუ ვერ გავუძელი, ჩამომართმევენ წოდებულ სახელს - სხვას მიაკუთვნებენ, მერე გადამკეტავენ და ვინ იცის, რას დამადგამენ გულზე... -ადამიანო, მე გზა ვარ! ვფიქრობ და გიფრთხილდები... შენც იფიქრე ჩემზე! ხათუნა წიქორიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი