უარყოფილი
უარყოფილი... რით შემიძლია დაგეხმაროთ, ყმაწვილო?! – ვერაფრით დამეხმარებით! – მაგრამ... მე მაინც! – ვერ დამეხმარებით – ვერც თქვენ და ვერც ვერავინ... – რატომ გგონიათ ასე?! ბიჭს ხმა არ ამოუღია. ადგა, წავიდა და გზა გააგრძელა ფეხარეულმა. სანამ წავიდოდა,მუხლებზე დაყრდნობილ ხელებში თავჩარგული იჯდა კარგახანს, ეტყობოდა, რომ დიდი დარდის მეპატრონე იყო, რასაც ერთი თვალის შევლებითაც იგრძნობდით! მიდიოდა და მხრებით ტკივილი მიჰქონდა... * * * ... სიყვარულით შექმნეს ოჯახი. ავ თვალს არ დაენახებიანო – იტყოდა, ვინც მათ შეხედავდა. ორივე იმერეთის მეზობელი სოფლებიდან იყო. ეთერი სოფელ გოდოგანიდან იყო – მრავალშვილიანი ოჯახიდან. როგორც იტყვიან, კარგი მშობლების შვილი, ზრდილი და სათნო... მაღალი ტანის, ლამაზი პირისახით, გამრჯე და მშრომელი. ჭიჭიკო კი, სიმონეთიდან გახლდათ, უკეთილშობილესი ადამიანი. ქალი ჩემი დედამთილის და იყო. ხშირად დავდიოდით მათთან სტუმრად. საკმაოდ თბილი და სტუმარტმოყვარე ოჯახი ჰქონდათ.ძალიან მიყვარდა- მათი კეთილი დახვედრა და მათი იმერული სტილის ეზო-გარემო. ჭიშკარს რომ შეაღებდით, დიდი, მაღალი ტალავერი შემოგეგებებოდათ, ტალავრის შუაგულში ლამაზი სახლი მოსჩანდა, კეთილფანჯრებიანი სახლი – ვარდისფერი ქვით მოპირკეთებული. ფანჯრებსა და კარებზე შემოყოლებული თეთრი ქვები სინათლეს მატებდა ისედაც სიკეთით გაჟღენთილ სახლს კეთილი იყო სახლი და შიგ კეთილი ხალხი ცხოვრობდა! როდესაც ოჯახი გავიცანი, მათი ვაჟიშვილი, ზვიადი, ალბათ, 12 წლის იქნებოდა. მის ასაკთან შედარებით ბევრად მაღალი, დიდი უძირო თვალებით, ტალღოვანი თმით და ზედმეტი სითბოთი. გეგონებოდა, როცა დადის თბილ ნაკვალევს ტოვებსო! არც იყო გასაკვირი, იმდენად კეთილშობილი მშობლების აღზრდილი იყო. ძალიან გვიყვარდა და მასაც ჩვენი ოჯახი განსაკუთრებულად უყვარდა. ...მახსოვს რომ ავიდოდით მათთან სტუმრად, ზვიადი ტანსაცმელით სავსე ჩანთას 10 წუთში მოათავსებდა მანქანის საბარგულში – თქვენთან მოვდივარო. დრო გადიოდა... ...ერთ დღეს, ეთერი დეიდა მოვიდა ჩვენთან სახლში – აფორიაქებული და დაბნეული ჩანდა. პირველად მაშინ გავიგე, ზვიადი აყვანილი შვილი რომ ყოფილა. სახტად დავრჩი – ღვიძლი შვილი არ დაემგვანება ასე მშობლებს, როგორც ის ჰგავდა აღმზრდელებს! დაიწყო მოყოლა ეთერი დეიდამ: მეზობლის გოგონა მეხმარებოდა სახლის დალაგებაში. წიგნების თარო გადმოულაგებია და ერთ- ერთ წიგნში, ზვიადის დაბადების და შვილად აყვანის დამადასტურებელი ფურცელი უნახავს. სახლში გადასულა და მისი ოჯახისთვის უთქვამს. ოჯახს დაუბარებია ზვიადი და ყველაფერი ჩაუკაკლავს – შენ აყვანილი ხარ, თუ არ გჯერა, ნახე ამა და ამ წიგნში დევს მტკიცებულებაო! – ზვიადი, უცებ შეიცვალა, გონებაგაფანტული დადიოდა. გარდატეხის ასაკს ვაბრალებდით. თურმე 2 წელია სცოდნია ყველაფერი. თან იმ მეზობლის ოჯახის შვილს ორჯერ ჰყავდა თბილისში წაყვანილი. მეგონა, ისე გაიყოლა, დედაქალაქს გააცნობს ბავშვს- მეთქი, თურმე ეძებდნენ მის ბიოლოგიურ დედას. ეძებდნენ და მიაგნეს კიდეც... დავიღუპე, ბავშვი არეულია, ძალიან განვიცდი, მეშინია! ვკითხე: – ეთერი დეიდა, ზვიადი რამდენი წლის იყო, როცა იშვილეთ?! – ორი წლის. დიდი მკურნალობის შემდეგ, ორჯერ ვერ შევინარჩუნე ნაყოფი და გადვწყვიტეთ გოგონა აგვეყვანა. როდესაც ბავშვთა სახლში ბავშვების დასათვალიერებად შევედით, უცებ მოთამაშე ბავშვებს გამოეყო თმახუჭუჭა ლამაზი ბიჭი, გაშალა ხელები და მუხლებზე შემომეხვია. მერე ჭიჭიკოსაც ისევე მოექცა! არც გვიძებნია სხვა ბავშვი... რადგან უკვე ვიპოვეთ, ის ვისაც უფალმა ჩვენი თავი არგუნა! ქალს ისეთი სახე ჰქონდა, იფიქრებდი ეს- ესაა ყელში დანა გამოუსვესო... კითხვა-კითხვით მიაგნეს ორმა ახალგაზრდამ ნ-ს საცხოვრებელ კორპუსს, დააკაკუნეს კარზე. კარი საკმაოდ ლამაზმა ქალმა გაუღო, დიდი და მეტყველი თვალებით. დააკვირდა ორთავეს, ვერ იცნო. უკაცრავად, ვინ გვნებავთ?! – დედაჩემი... – ვერ გავიგე... – თქვენ, ალბათ, ვერც მაშინ გაიგეთ, როცა ბავშვთა სახლში დამტოვეთ, ან იქნებ მის მერე სხვა შვილებზე გადაიტანეთ დედობრივი ზრუნვა, განა შეგიძლიათ იყოთ დედა?! ან ამხელა სასახლეში რატომ არ აღმოჩნდა ჩემთვის ერთი კუთხე. მე მაინტერესებს, ბავშვთა სახლში დატოვების მიზეზი მითხრათ, არაფერს ვითხოვ შენგან, რადგან მე დედ- მამა მყავს. – მე, მე... როცა ფეხმძიმედ დავრჩი, მერე გავიგე, რომ მას ცოლი ჰყავდა... უკვე დაგვიანებული იყო. მერე შევხვდი პიროვნებას, ვინც გადამაწყვეტინა მემშობიარა და სხვა ქალაქში დამეტოვებინე. დღეს ,ის ჩემი შვილების მამაა, მე ღირსეული ოჯახი მაქვს, შენ ვერსად წარგადგენ. შვილმა იმ წუთში უარყო ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ დაბადებამდე მიიღო უარყოფა მისგან! ქალი დაჰპირდა, რომ მისი ბიოლოგიური მამა მიაკითხავდა სკოლაში, მაგრამ ამაოდ. დიდხანს ელოდა ზვიადი მამას... ალბათ, ორი- სამი წლის შემდეგ, ისევ ჩააკითხა გულქვა ქალბატონს, ოღონდ, ამჯერად მისი „კეთილშობილი“ ქმარი დახვდა სახლში, რომელმაც ყველაფერი იცოდა ცოლის გადმოცემით. ელოდა კიდეც ამ დღეს. – ახლავე გაეთრიე აქედან და დაივიწყე ამ სახლის კარი. ჩემი ცოლ- შვილის სახელს ვერ შევბღალავ, შენნაირი არარაობის არსებობით! ზვიადი დაჟინებით ითხოვდა ეთქვა სად იყო მისი ბიოლოგიური დედა,რომლისგანაც უნდა გაეგო, ასევე ბიოლოგიური მამის შესახებ, ან თვითონ მამის კოორდინატები მიეცა. – ვერ მოგართვი, მამაშენი ერთი წლის წინ ჩაძაღლდა უშვილძიროდ. ნანა და ბავშვები არ არიან სახლში, კიკეთში არიან აგარაკზე. ბიჭი ყვიროდა – ასე ვერ მომექცევით, არა გაქვთ უფლება .თქვენ სახელი და გვარი წამართვათ. მამაკაცმა მილიციის განყოფილებაში და ფსიქიატრიულ კლინიკაში ერთდროულად დარეკა... – აი, ახლა საგიჟეთში წაგიყვანენ, რადგან, შენ გიჟი ხარ! ბიჭი ვერ წყნარდებოდა, ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა: – ვერ წამართმევთ დაბადებას, მე თქვენ პასუხს გაგებინებთ... ...ორი წელი დარბოდა პოლიციის განყოფილებიდან- განყოფილებაში გამზრდელი მამა. კაცი, რომელსაც მთელი თერჯოლა, ტყიბული... საქართველო – აფასებდა! ჭიჭიკო ლიკლიკაძე – რომელიც ძალიან განათლებული პიროვნება იყო, წლობით მუშაობდა სხვადასხვა რაიონში ჩაის ფაბრიკის დირექტორად. კეთილშობილი, ინტელიგენტი ადამიანი უცებ დაჩიავდა და დაგლახავდა. დადიოდა საცხოვრებელ ბინაში, სადაც ეს უბედურება მოხდა. მეზობლები დაშინებული იყვნენ. მხოლოდ ერთ- ერთი მეეზოვის ჩანაწერი ჰქონდა ბრალდებისათვის, მეტი არაფერი. – ბატონო, თქვენ იმ გარდაცვლილი ბიჭის ვინ ხართ?! – მამა ვარ! 18 წელი ვზრდიდი... – იმ დღეს დილაუთენია ეზოს ვასუფთავებდი. ხმაური იყო ეზოში, ბიჭი ყვიროდა: ვერ წამართმევთ დაბადებას, ის დამპირდა, რომ მეცოდინებოდა ვისი სისხლისა ვარ. არ გაპატიებთ, თქვენ მე დაბადებამდე გამაუბედურეთ! – ამ დროს მილიციის ორი მანქანა მოვიდა, ალბათ, ათიოდე ფორმიანი იქნებოდა და შევარდნენ ხელკეტებით სადარბაზოში. – ნუ მცემთ, თქვენ ხომ არ იცით, რა მჭირს! – ახლა გაიგებ, რაც გჭირს! სულ რაღაც ხუთ წუთში ბიჭი უსულოდ დაეცა ძირს მეხუთე სართულიდან, არც კი განძრეულა. ვიფიქრე, რომ უკვე მკვდარი გადმოაგდეს. ... ბევრი ირბინა საცოდავმა გამზრდელმა მამამ. თერჯოლიდან – თბილისამდე. ვერაფერი გაარკვია. წახდა კაცი. ორი წლის შემდეგ კი გულის შეტევით გარდაიცვალა. გამზრდელი დედა,რომელსაც შვილის გარდაცვალებიდან ერთ თვეში მძიმე ფორმის პარეზი დაემართა, კიდევ ჯახირობდა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 1 წელი... ისიც გადავიდა სამარადჟამოში ქმარ- შვილთან ერთად. დახურეს საქმე, რომელსაც მომჩივანი აღარავინ ჰყავდა. გამოტანილი განაჩენით: – ზვიად ჭიჭიკოს ძე ლიკლიკაძე... აფექტურ მდგომარეობაში გადმოხტა საცხოვრებელი ბინის მეხუთე სართულიდან და ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნული პიროვნება შეურაცხადი იყო... არადა, ზვიადი იყო უნიჭერესი, აღზრდილი, განათლებული, ჩამოყალიბებული ახალგაზრდა, რომელსაც საკუთარი სისხლი და გენი უნდოდა გაეცნო და ჰყოლიდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ მისი არამიწიერად სუფთა და დიდრონი თვალები არასოდეს მავიწყდება. ხმაც კი ჩამესმის ხშირად... – დე, წავყვები რა, თამაზის და ხათუნას?! – წადი დედიკო, მაგრამ, ხვალ ან ზეგ დაბრუნდი ისევ... ხათუნა წიქორიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი