ვარდისფერი სათვალე
ძველი დრო მენატრება... / ვარდისფერი სათვალე/ საკმაოდ დიდი ვიყავი იმ ასაკისთვის, რომ ვარდისფერი სათვალის შესახებ თქმულება ,, ვარდისფერი სათვალიდან თუ შეხედავ სამყაროს, ყველაფერი ლამაზად მოგეჩვენება" კვლავ დამაჯერებელი ყოფილიყო ჩემთვის. მაინც მჯეროდა ვარდისფერი მინების ჯადოსნური თვისებისა. ამიტომ,თხუთმეტი- თექვსმეტი წლისაც კი, დედას სათვალეს ავიღებდი, რომელსაც ბაცი ვარდისფერი მინები ჰქონდა და... ჯერ ზედა ზასტავას გადავხედავდი ჩვენი კორპუსის მერვე სართულზე- ჩვენი სახლის საძინებელი ოთახის ფანჯრიდან და ... მერე, ლოჯის ფანჯრებიდან ძველ უბანს თავისი ჩიხებით და ქუჩებით, სულ კერძო, საკუთარი სახლებით რომ არის სავსე. ხელისგულივით მოჩანდა: შმიდტის, კეკელიძის, ნუცუბიძის, მარჯანიშვილის, თავისუფლების, მელიქიშვილის... და კიდევ სხვა( სახელწოდებები შეუცვალეს ბევრ ქუჩას და თითქმის ძველი სახელები მავიწყდება, მეათე წელია, იქ აღარ ვყოფილვარ) ტორპედოს სტადიონი თავისი უზარმაზარი ,,პროჟექტორებით" და გარშემო აღმართული ალამებით სავსე. წარმოგიდგენიათ? ქუთაისი ხომ საოცრად ლამაზია და... უფრო ლამაზად მოჩანდა ყველაფერი სათვალის მეშვეობით. მარტო ეგ კი არა და... და შუა აპრილის თვეში, სულ ოდნავ სიოს ნელ- ნელა... ნახევრად რომ შეერეოდა ქარი და...მსხლის, ვაშლის და ტყემლის ხეებზე ყვავილთა ფურცლებს ისე შეარხევდა თითქოს და მტრედი აუფრინდა ტოტიდანო, ნეტავ გენახათ რა ლამაზად აფერადებდა ჰაერში მოცეკცავე ფარატინა- ქათქათა ფურცლებს, ჯადოსნური სათვალე ვარდისფრად. ზამთარში ვარდისფრად თოვდა და ვარდისფრად ყინავდა. ფანჯრების ზემოთ თუნუქისგან შემოკეთებულ ჟამგმორეულ- გადმოხურულებზე რომ ლოლოები დაგვხვდებოდა დილით, შუადღისას ვარდისფრად დნებოდა... მოვიხსნიდი სათვალეს და მაინც დამახსოვრებული ფერებით ვუმზერდი ყველაფერს. ლამაზი, სიხარულით და სიყვარულით სავსე ბავშვობა გვქონდა ჩემი თაობის მოზარდებს- სამოცდაათიანელებს. შემდეგი ორი ათეული წელიც ფერადი სათვალიდან აღქმულს ჰგავდა ჩვენთვის , იმ თაობისთვის... მერე და მერე სათვალის მინები ჩამუქდა და... მოსერო ფერი მოსავს თითქმის სამყაროს. მე ხშირად ვეძებ ფიქრებში, დედის სათვალეს და ჩემს ბავშვობას. იმის მერე რამდენი ვარდისფერი სათვალე შევიძინე, თუმცა, არც ერთს აღარ აღმოაჩნდა ჯადოსნური თვისებები! როგორ მენატრება ძველი დრო, ჩემი ბავშვობა, ჩვენი მზით სავსე სახლი, დედის ნივთების მოხმარება, ჩემი უბანი, ქალაქი, ჩემი საქართველო! როგორ მინდა იგივე უზრუნველი ბავშვობა, იგივე ურთიერთობები და ღირებულებები დაბრუნდეს დედამიწაზე. ბაღიდან,სკოლიდან და... საერთოდ, შინ დაბრუნებულ შვილებს- დედები უღებდნენ სახლის კარს და ეგებებოდნენ სიტყვებით: მოხვედი შვილო? დედა გენაცვალოს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი