ასრულებული ნატვრა!


ასრულებული ნატვრა!

მეოთხე კლასელთა ჯგუფს დირექტორი ესწრებოდა ქართულის გაკვეთილზე. 
 რამდენიმე მოსწავლის გამოძახების შემდეგ მან ბავშვებს უთხრა:
- ბავშვებო ახალი წელი ახლოვდება, დაწერეთ სურვილები ფურცლებზე, კლასის დამრიგებელს გადაეცით და მე ვეცდები, ყველას შეგისრულოთ, როგორც საახალწლო საჩუქარი. 
დაწერეს ბავშვებმა წერილები - სურვილებით. შეაგროვა მზია მასწავლებელმა და დირექტორს შეუტანა კაბინეტში. 
... მთელი ღამე კითხულობდა სკოლის დირექტორი ბავშვების წერილებს. სახლში წამოიღო. რომ გულდასმით წაეკითხა, გაეზიარებინა და აეხდინა პატარა გოგო-ბიჭებისთვის სურვილი. 
კითხულობდა და იღიმოდა. ერთი წერილის წაკითხვისას წარბები შეჭმუხნა, მერე სანთებელა მოიძია და თითქმის ნახევარი ყუთი სიგარეტი  დაცალა,იმდენჯერ წაიკითხა პატარა ნიკას დაწერილი წერილი. 
 -საახალწლო სურვილი არა მაქვს, რადგან არ მჯერა არც თოვლის ბაბუას არსებობა - ის რომ ნამდვილად იყოს, ყველა ბავშვი თანაბრად ეყვარებოდა და ყველასთან მიიტანდა საჩუქრებს! თუმცა, მე საჩუქარი სულაც არ მინდა, მე მხოლოდ დედის ღიმილი მინდა დავინახო. მეტი არაფერი არ მინდა, არც მოტორიანი სათამაშოები, არც ნამდვილი ლეკვი, არც თევზებიანი აკვარიუმი და არც ტკბილეული. მე მხოლოდ დედის ღიმილი მინდა! 
 მეორე დღეს სკოლის დირექტომა მეოთხე „ა“ კლასის დამრიგებელი დაიბარა გაკვეთილების შემდეგ. 
- ქალბატონო მზია, იცით ნიკას ოჯახური მდგომარეობა?! - იქნებ მიხვიდეთ მასთან სახლში. 
- დიახ, ბატონო დირექტორო. ნიკა ჩემს გვერდით კორპუსში ცხოვრობს. 
გარედან როგორც სჩანს ერთი ჩვეულებრივი ოჯახია. 
რამდენიმეჯერ ნიკას და დედას დავემგზავრე გზაში. ძალიან განათლებული, ამავდროულად მოკრძალებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. 
- ქალბატონო მზია, იქნებ კვირის ბოლოს ესტუმროთ მათ. 
- კარგი, ბატონო დირექტორო,კვირის ბოლოს მივალ მათთან სახლში. 
...ნატო, დედისერთა იყო. მამა შვიდი წლისას გარდაეცვალა. 
დედამისი - ქ-ნი ციალა საკმაოდ ცნობილ პედიატრად ითვლებოდა. მისმა პროფესიამ საკუთარი შვილის პროფესიულ არჩევანზეც დიდი გავლენა მოახდინა. 
ნატოც წარჩინებული ექიმი პედიატრის წოდებით დაუბრუნდა დიდი რუსეთიდან საქართველოს. თან ჩამოიყვანა პატარა ბიჭუნა, 
 ერთი წლის. 
...დედას არაფერი უკითხავს ნატოსთვის. რადგან, ნიკოლოზი დედის გვარზე იყო. იფიქრა, რომ დასცილდა ნიკას მამას. ბედნიერი იყო ნატოს დედობით და პატარა ნიკოლოზის ბებიობით, ეგ იყო მთავარი. 
...ყოფილმა კურსელებმა გადაწყვიტეს თავი მოეყარათ და ახალ წელს ერთად შეხვედროდნენ ერთ-ერთ რესტორანში. 
 ნატოს ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ყველასთან, მაგრამ განსაკუთრებით მეგობრობდა ერთ უკრაინელ გოგონასთან - ელენასთან .სამედიცინო ინინსტიტუტიც ერთად დაამთავრეს და ელენაც იმავე საავადმყოფოში მუშაობდა, სადაც ნატო. თითქმის ყოველდღე ერთად იყვნენ, მათ შორის დაფარულიც არაფერი ყოფილა. 
ელენა მოსკოვში ცხოვრობდა ბებიასთან, ოჯახი - მშობლები და და ძმა კი, უკრაინაში ცხოვრობდნენ. ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული გოგონა იყო. ხანდახან, გაეხუმრებოდა ნატოს:
ნატალია, ძალიან გამიჭირდება უშენობა. შენ ქართველი ხარ და მაინც დაუბრუნდები შენს ფესვებს. მინდა მუდამ დაკავშირებული ვიყო შენთან. არა, არა... საქართველოში უნდა გავთხოვდე, შენთან რომ ვიყო ახლოს, იტყოდა და გაიცინებდა. გადაეხვეოდნენ და მიცემულ პირობას, რომელიც პირველ კურსზე დადეს, ერთმანეთს გაახსენებდნენ - „ჩვენ განუყრელი მეგობრები ვართ“. 
...ზარი გაისმა კარებზე, 
ნატო ჯერ კიდევ არ იყო მზად. ადრიანად მოაკითხა ელენამ. 
- ნატალი, რა ლამაზი ხარ- მოეხვია ყელზე ელენე. 
ჩემი ძმა ჩამოვიდა უკრაინიდან, ის მიგვაცილებს რესტორნამდე... 
- კარგი, კარგი ნუ გამგუდე, დამაცადე მოვემზადო. 
- ნატალი, ნატალი. ისევ გადაეხვია ელენა. 
...ელენას ძმა ვლადიმირი, ძალიან დახვეწილი მანერების სიმპათიური ახალგაზრდა იყო. 
იშვიათად იცინოდა და მის თვალებში, სიცილის დროსაც კი სევდას შენიშნავდით. იფიქრებდით, რაღაც უთქმელ დარდს ატარებსო. 
წვეულების შემდეგ, ვლადიმირმა, რომელიც არც კი წასულა მთელი წვეულების განმავლობაში და გარეთ იცდიდა, გოგონებს შესთავაზა: ღამის ქალაქი დავათვალიეროთო. 
- ნატალი, იცი ?! რომ ელენას ძალიან უყვარხარ. 
 - ვიცი!
- ამბობენ, საქართველო ძალიან ლამაზიაო!
- ძალიან!
- მაინც რას შეადარებდი საქართველოს?!
- საქართველო უფალივითაა - წმინდა და მადლიანი. როდესაც მის მიწაზე დგახარ, შეგრძნება გაქვს რომ ვერაფერი მოგერევა!
 ვლადიმირს, რომელსაც სითბო ჩაეღვარა თვალებში, ძალიან მოეწონა ნატოს სიდინჯე და სისადავე. 
...საღამო ხანს, ნატო სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა. უყვარდა ფეხით სიარული და ფიქრი. თითქმის ნახევარი გზა ჰქონდა გავლილი, ვლადიმირი წამოეწია. 
- საღამომშვიდობისა ნატალი, გაუღიმა და თეთრი ლილიები მიაწოდა. თან დაამატა: - თქვენსავით სადა და ლამაზია ეს ყვავილები. 
- საიდან იცოდით, რომ თეთრი ლილიები ჩემი ბავშვობის დროინდელი ყვავილებია? არასდროს მითქვამს ელენასთვის. 
- როდესაც პირველად გნახეთ, ვიფიქრე, რომ ლილიებს ჰგავდით. 
- გინდათ ლილიების ისტორია მოგიყვეთ?! უთხრა ნატომ. 
- ძალიან!
- ბავშვობისას წითელა ბატონები მესტუმრა. გამირთულდა. დედა ბავშვთა ექიმია. როგორ არ მიმკურნალა, მაგრამ ტემპერატურა და უხასიათობა დამჩემდა. არაფერი მიხაროდა თითქმის და ყურადღებასაც არაფერს და არავის ვაქცევდი - თითქოს არავინ იყო ჩემს გარშემო. დედისთვის მეგობარს უთქვამს: ჩვენს სოფელში ერთი ზინა ბებო ცხოვრობს, ბატონების გამოლოცვა შეუძლიაო. 
მეორე დღესვე თითქმის გაფრინდა მამა -ზინა ბებოსთან და ჩამოიყვანა. 
მახსოვს ყველაფერი ზედმიწევნით... 
კარში ჭაღარა, ცისფერთვალება ქალი შემოვიდა თეთრი კაბა ეცვა და თეთრი ლილიები ეჭირა ხელში - ძალიან თბილად მღეროდა. მოვიდა, საწოლთან ჩამომიჯდა და მითხრა:
- იცი?! ლილიები რატომ ჰქვია ამ ყვავილებს?!
- არა, არ ვიცი! - ვუპასუხე მე. 
 დიდი ხნის წინათ თურმე ერთი კეთილი ქალი ცხოვრობდა, იმდენად კეთილი იყო, მისი ხელიდან მიწოდებული წყალიც რომ დაელია, სნეულს გამოჯანმრთელდებოდა, ძალიან დიდხანს იყო ამ ქვეყანაზე და უამრავ მადლს აკეთებდა. მერე კი, როცა სხვა სამყაროში გადასახლდა, ირგვლივ  უამრავი თეთრი ყვავილი დატოვა, რომლებიც ყოველ წელს უფრო და უფრო მეტად მრავლდება და ხარობსო, ყვავილებს შროშანებსაც ეძახიან და ლილიებსაც, ორივე ერთ ყვავილს ნიშნავს. შეეხება თუ არა ყვავილს ადამიანი, რომელსაც რამე აწუხებს. იმ წუთს გამოჯანმრთელდება. აი ნახე რა სასიამოვნო სურნელი აქვს. სახესთან მომიტანა ყვავილები, რომ სურნელი მეგრძნო. შენ რომელს დაუძახებ?
- უცებ წამოვჯექი სხარტად საწოლზე და გაღიმებულმა და დაიმედებულმა დავიყვირე:
- ლილიები!... 
თან ვიღიმოდი, მიხაროდა, მეგონა ეს ქალი კეთილი ჯადოქარი იყო. გარშემო ყველას უხაროდა, იცინოდნენ, დედამ სარკე მომიტანა ჩაიხედეო, ცხვირზე ყვითელი კოპლები მქონდა ყვავილების მტვრიანებისგან. მოკლედ სასწაული მოხდა. გამოვკეთდი და მის მერე ვთვლი, რომ ლილიები ჩემი ყვავილებია. 
- ნატალი, რა ხალასი ადამიანი ხარ!
...ვლადიმირი და ნატო ნელნელა დაახლოვდნენ, დასვენების დღეებსაც ერთად ატარებდნენ. ელენას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ხვდებოდა, რომ ნატოს და ვლადიმირს შორის სიყვარული გაჩნდა ძალიან უყვარდა ნატო და დიდად ბედნიერი იყო მისი კიდევ უფრო ახლობლობით. 
ნატო უკვე ორი თვის ფეხმძიმედ იყო, ვლადიმირთან და ელენასთან ერთად მათი მშობლების გასაცნობად რომ წავიდა. 
ვლადიმირის დედა ადრე ცნობილი მოდელი და ამჟამად ცნობილი დიზაინერი იყო - კომპანიისა, რომელსაც ვლადიმირი ხელმძღვანელობდა. ქალბატონ რინას თავისი სამყარო ჰქონდა და შიგ ცხოვრობდა, ერთი თავისებური ქალი იყო. 
როდესაც მისი შვილის გადაწყვეტილება მოისმინა, ერთი სკანდალი მოაწყო... როგორ გაბედე და არ შემითანხმდი, მე ხომ რძალი ჩვენი წრიდან მინდოდა მომეყვანა და თანაც სხვა ეროვნების?! ყოვლად შეუძლებელია, ეს არ მოხდება!
ნატო ერთი წუთიც კი არ დაფიქრებულა ისე დატოვა ვლადიმირის სახლი. დაბრუნდა მოსკოვში. დათრგუნული და განადგურებული. არ შეეძლო ყოველივე ამის დავიწყება და მერე იმ ოჯახის რძლობა, სადაც ამხელა შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩაიკეტა თავის თავში და გააგრძელა ცხოვრება ვლადიმირის გარეშე. რომელიც უზომოდ უყვარდა. 
მუშაობდა და თან ბავშვს ელოდებოდა, მიუხედავად ვლადიმირის გამუდმებული თხოვნისა, რომ მას უყვარდა ნატო, არასოდეს დატოვებდა, არანაირი გავლენა, დედას მასზე არ ჰქონდა. მან მაინც კატეგორიული უარი განუცხადა მას ცილობაზე. 
გაჩნდა პატარა ნიკოლოზი რომელსაც ნატომ საკუთარი მამის სახელი დაარქვა და გვარიც თავისი მისცა. გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა ბავშვთან ერთად საქართველოში. დედასთან ერთად კლინიკაში დაიწყო მუშაობა, ნიკოლოზს აღმზრდელი აუყვანეს და ყველაფერი ჩადგა ისევ კალაპოტში. 
მიუხედავად ყველაფრისა, ნატოს უზომოდ უყვარდა ვლადიმირი. ათასი მთხოვნელი გამოუჩნდა, მაგრამ მის გულში მხოლოდ ვლადიმირი სახლობდა. ძალიან სევდიანი იყო მუდამ, მიუხედავად იმისა, ცხოვრებას აუწყო ფეხი და თავიც გაართვა ყველა სიძნელეს, მის სახეზე სევდას სულ დაინახავდა დაკვირვებული თვალი. 
...კარზე ზარის ხმა გაისმა. 
- ბებო მოვიდა, გავარდა კარებთან ნიკა. კარი გამოაღო და მასწავლებელი რომ დაინახა, ცოტა არ იყოს შეცბა, მერე ღიმილი გადაეფინა სახეზე და მასწავლებელს შემოეხვია. 
- მობრძანდით, მზია მასწავლებელო!
- დედა, დედიკო.. მზია მასწავლებელი მოვიდა. 
- მობრძანდით, მობრძანდით, რა სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა. 
სახლში სიმყუდროვე და სიმშვიდე სუფევდა. სასტუმრო ოთახში ულამაზესად გაწყობილი მაგიდა იდგა. 
- მგონი უდროო დროს მოვედი, სტუმრებს ელოდებით... უხერხულად შეიშმუშნა მზია მასწავლებელი. 
- რას ამბობთ, პირიქით. დღეს ჩემი დაბადების დღეა, დედას ველოდებით მხოლოდ. რა კარგია, რომ თქვენც გვესტუმრეთ, არსად გაგიშვებთ. 
უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა. 
 დედა იქნება, გავაღებ მიბრუნდა ნატო. კარი გააღო დერეფანში სიჩუმე ჩამოწვა... არც ნატო შემობრუნდა, არც არავინ შემოვიდა ოთახში. 
ნიკამ დედას დაუძახა:
- დედიკო, ბებო მოვიდა?!
და თან გაირბინა დედასთან. 
კარში ძალიან ლამაზი მამაკაცი იდგა, რომელსაც თეთრი ლილიები ეჭირა ხელში. მამაკაცი ძალიან ჰგავდა პატარა ნიკას. 
- დეე, ვინ არის ეს ძია?!
- მე, მამაშენი ვარ, ვლადიმირი - უთხრა „დამტვრეული“ ქართულით მამაკაცმა. 
ნიკა გაკვირვებული უყურებდა თავჩაღუნულ დედას და სახეგაბრწყინებულ მამას. 
მერე მამას თავისი პატარა ხელი ჩაავლო და სახლში ძალით შემოიყვანა. ვლადიმირს, რომელიც, ნატოს თანხმობას ელოდა, ვერ გაებედა ნაბიჯის გადმოდგმა. 
 მამა ძალით შეიყვანა სასტუმრო ოთახში და მასწავლებელს გააცნო:
- მამაჩემი!
კარზე ზარის ხმა გაისმა. 
- ბებო, ბებო... წამოფრინდა ნიკა.. 
- ბებო, მამა მოვიდა!
...სუფრასთან სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ჩაფიქრებული იყო თავისებურად. 
უცებ ვლადიმირმა დაარღვია სიჩუმე:
- ნატო, ერთი დღეც არ მიცხოვრია მის შემდეგ უშენოდ. მე არ შემიძლია ასე ცხოვრება. არანაირად არ მიშვებდი შენამდე. 
- ქალბატონო ციალა, თქვენი ქალიშვილის ხელს გთხოვთ!
სიწყნარე ჩამოვარდა... 
ნიკას გაფართოებული თვალებიდან სიყვარული გიზგიზებდა... 
- მე თანახმა ვარ, მოგათხოვოთ ჩემი ქალიშვილი. 
ნატო თან ტიროდა, თან იღიმოდა. 
- მორჩა! წარმოთქვა ქ-ნმა ციალამ. ცრემლი წარსულში დარჩა. წინ ღიმილი და ბედნიერება გველოდება... 
ყველა იღიმოდა... 
- დედა, დედიკო... საახალწლოდ, სურვილების ბარათები დაგვაწერინეს
სკოლაში. იცი მე რა დავწერე?!
დედის სახეზე ღიმილს მინდა ვხედავდე- თქო!

ხათუნა წიქორიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი