ლურჯი ყაყაჩოები
ლურჯი ყაყაჩოები ჯიქან გამომშრალი ძროხა მოადგა ჭიშკარს და მოაზმუვლა. შეეზარა ტანის წამოწევა გრიგოლს, მოჭუტა ისევ თვალები, მარნის კედელზე ზურგით მიყრდნობილმა, მზეს რომ ეფიცხებოდა, თავზე დათბილული სამხედრო ქუდი შეისწორა და ჯორკოზეც უფრო მოხერხებულად შებრუნდა ოდნავ. - ადე კაცო, საქონელი მოვიდა, გაუღე ჭიშკარი - გამოსძახა ნინამ მარნიდან და ცომიანი ხელით მარნის კარი ფაქიზად გამოაღო. - მგელსაც წაუღია აღარაფერს იწველებაო - მიუბრუნა სიტყვა კაცმა. - დედაია, გადამრევს, ეს კაცი. ჭიშკართან ხო არ იზმუვლებსო. -ხო, კაი, წავალ მაცადე ადამიანო, შენც რა ეშმაკი შეგიჩნდა, ერთი წამი მაცადე და წავალ! ნინამ პურის ცხობა გააგრძელა. გრიგოლს ღრმად ჩაეძინა და საქონელიც ისევ ტყისკენ მიმავალ გზას გაუყვა. კარგა ხნის მერე ქალმა წამოდუღებული და განელებული ქატო გაუტანა საქონელს ბოსელში, მაგრამ საპირეც სავსე და საბმელი ცარიელი რომ დაუხვდა, მოაძახა. - რა ქენი კაცო, საქონელი არ შემოიყვანე ეზოში? გრიგოლმა გაიღვიძა. შუაღამემდე ეძებდენ ჭრაქით ტყეში ნუშას, ვერსად იპოვეს! მეორე დღეს, მზის ამოსვლამდე გავიდა სახლიდან გრიგოლი და შეღამებისას დაბრუნდა სახლში. მთის ძირში უნახავს - ნუშა მგლებს დაეგლიჯათ. არც ერთს არ უძინია იმ ღამეს. - ნინა! - რა იყო გრიგოლ?! - ჩემი ბრალია ყველაფერი. - კარგი ახლა კაცო, ნუღარ ვიშვიშებ, შემოდგომაზე ყურძენს ჩავაბარებთ და ერთ სულ საქონელს რავა ვერ ვიყიდითო. - ნინა! - რა იყო გრიგოლ! - ჩვენი ბიჭი, რომ ქალაქისკენ იწეოდა, ჩვენ ვეურჩებიდით, რომ დარჩენილიყო სოფელში, ახლა ასე უბედურები აღარ ვიქნებოდით! -დედა მოუკვდა იმას, მე ზეზე დავფოხიალობ და ის ოცდაათი წელია მიწაში დევს... - მე, მოვკალი ჩემი შვილი ნინა! - ნუ იცი გრიგოლ, ამნაირი ლაპარაკი! - ყველა კაცს ღმერთის გაჩენილს თავის ბედი აქვს. - არა ნინა, კარში რომ გულმოსული გავიდა და ჩემოდანის ასაღებად შემობრუნდა, მე მივაძახე, - შენ ვეღარ შემოხვალ ამ კარში-თქვა! მე დავწყევლე, ჩემი შვილი, თორემ არ მოკვდებოდა, იმ ავადსახსენებელ ავარიის დროს თხუთმეტი კაცი იჯდა ავტობუსში, ყველა დაიმტვრა, დაშავდა, მას ერთი ნაპწკალი ჰქონდა შუბლზე და იქვე დალია სული, ვეღარ შემოვიდა სახლში... ნუშასაც მივაძახე გუშინ, მგელმა შეგჭამოსო! ვეღარცერთი ლაპარაკობდა... გაიწელა ღამე. მთელი ღამე ფიქრობდა გრიგოლი. - კი მეცოდება ნინას მარტო დატოვება ღმერთო, მარა... მეტის ატანაც აღარ შემიძლია, კმარა უკვე, ჩემი შვილი მეძახისო! - გრიგოლ, გრიგოლ. კაცო არ გეყურება? მზე ავა საცაა ზენიტში, მეც მოვილიე საქმე, ადექი ვისაუზმოთ, სუფრა მზადაა!გამოსძახა ცოლმა. რომ აღარ გააგონა გრიგოლმა, ნინა შეცბა, იფიქრა, - ჩაეძინა ალბათ, დაიღალა გუშინო. გრიგოლს მშვიდი ძილით ეძინა - სამუდამო ძილით. სახეზე ღიმილი შეყინოდა, შვილთან მიახლოვების ღიმილი.არ დაუწყევლია, იმ ღამეს თავი გრიგოლს. მხოლოდ გულმხურვალედ თხოვდა უფალს, დროა ღმერთო, თუ მეპატიება, მომიტევე ჩემი ცოდვები და გამიყვანე აქედან. ჩემს შვილსაც მინდა პატიება ვთხოვოო. წლისთავამდე, ნინაც გადასახლდა იმ სამყაროში, მეზობლებმა გააპატიოსნეს და ღირსეულად მიაბარეს მიწას! სამივე გადავიდა მარადისობაში. დამთავრდა ასე ერთი ოჯახი, ერთიანად დამთავრდა. იმ, ეზოს რომ გახედავ გაზაფხულზე, ლურჯი ველური ყაყაჩოებითაა სავსე. მისი მაყურებელი ადამიანი, სულ რაღაც წამით მაინც გაიფიქრებს, სიკვდილს -ლურჯი, ველური ყაყაჩოების ფერი აქვსო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი