კუსუ


-------კუსუ---------- 
      ხომ ჰყავს ყველა ქალაქსა, თუ სოფელს  თავის კოლორიტი ,რაღაცით გამორჩეული და იშვიათი, რომ ვერ ივიწყებენ, წლების შემდეგაც რომ ახსოვთ,ჰოდა ჰყავდა ჩვენს თბილ სოფელსაც ასეთი კოლორიტი-კუსუ  ,დიდი თაფლისფერი და მართალი თვალებით,მუდამ მომღიმარი და ცოტა დარცხვენილი სახით.   
    კეთილი იყო ძალიან კუსუ,მთელ სოფელს უყვარდა და მასაც უყვარდა მისი სოფელი და სოფლის ხალხი. ალბათ..ათი -თორმეტი წლით იქნებოდა ჩემზე უფროსი. ყოველთვის მახსენდება  მისი ჩაცმულობა, ნაცრის ფერების ჩაცმა უყვარდა ,სულ ეცვა სუფთად და   ჰქონდა დაბალზე გაკრეჭილ თმები,თავზე  სულ ეხურა ქუდი , აი ,ისეთი კაცის ქუდს ვეძახდი ბავშვობაში ...
     უფროსებისგან გამიგონია :ისეთი ბავშვი იყო ამოხეთქილ მთვარეს გავდა,ჯანმრთელი და საღიო ,მერე მენინგიტი შეხვდა და მიზეზი დაუტოვაო. არ იყო აგრესიული ,არც  არავის არაფერს უშავებდა  ,არც შრომა ეზარებოდა .ისეთი გულიანი მოხმარება იცოდა ,მაგრამ უცებ თუ გაზბრაზდებოდა ,გაიქცეოდა და ერთი კვირა თვალით არ დაგენახებოდა. შრომის შემდეგ, დიასახლისი სუფრას რომ გააწყობდა არაფრით დარჩებოდა,სიგარეტს მოითხოვდა და  წავიდოდა.
       რამდენჯერმე ჩვენს ეზოში შემოსწრებია  გაწყობილ სუფრას  ...მოიწვევდნენ,გაძალიანდებოდა .მამაჩემის დიდი ხათრი ჰქონდა ,დაჯდებოდა ხუთი წუთი, ხელს არაფერს ახლებდა, მერე წამოხტებოდა  წასვლისას მამას ეტყოდა:ბიძია- ბაბუა, სიგარეტი  მომაწევიე სიგარეტიო,თან ტუჩებთან ორ თითს რამდენიმეჯერ მიიტანდა და ტუჩზე მიირტყამდა. მამა ,ერთ ღერს ხელში მიცემდა და ერთ კოლოფს ჯიბეში  ჩაუდებდა.
- შე მაიმუნო, ხომ მოგეცი ,ამ დილით ერთი კოლოფიო...
გამომელია,გამომელია გურამი ბიძია  ,ჩემი კაი ბიძია -ბაბუა ხარ შენო და წავიდოდა,დედაჩემი გზაში მიაწევდა ხაჭაპურის ნაჭრებს და დედლის ხორცს, ან რაც გვქონდა...დარცხვენილი გამოართმევდა და წავიდოდა.
         ხანდახან ორღობეში გავიგონებდით კუსუს სიმღერას:
მთვრალი ვარ ,მთვრალიი  ვითხოვე ქალიიი ,არ მომეწონა ,პანღური ვკარი.. ცოტა გადაკრულში იყო და მღეროდა,გავცვივდებოდით ბავშვები ჭიშკართან  და დავუწყებდით კითხვას 
-კუსუ, ქალი მართლა ითხოვე თქო?  
-რად მინდა ქალი ,მომიშლის ნერვებსო იტყოდა ,გაიცინებდა ,მისი სიცილი იმხელა სიწმინდეს და კაიკაცობას იტევდა   - უშველებელსო, რომ იტყვიან... აი ,იმხელას!არასოდეს არავის ახსოვს მისგან განაწყენებული, ძაღლიც კი.  
     ისეთი საწყალი და მართალი ოჯახის შვილი იყო ,დედამისი თინა დეიდა სიკეთის განსახიერება... მამამისიც მახსოვს ,ძმა  ჰყავდა კარგი ბიჭი იყო თემური, ახალგაზრდა დაიღუპა ...და  ჰყავდა  კიდევ ,თბილისში ცხოვრობდა დაოჯახებული კარგი ქმარშვილით. კუსუ   სულ სოფელში იყო...
     წლების შემდეგ ,უკვე მეც რომ დავოჯახდი და  სოფელში ავიდოდით ,მანქანის ხმაზე სულ გამოჩნდებოდა კუსუ...არაფრით არ მოვიდოდა ახლოს ,შორს ჩამოჯდებოდა ან დადგებოდა ... დაუძახებდით: კუსუ მოდი ,არ უნდა მოგვესალმოთქო და დაიძახებდა ომახიანად  :გამარჯობა,გამარჯობა არ მოგიშალოთ.,სიძე პაპიროსი მომაწევიე ,სიძე შე ძველოო...კუსუსთვის სიგარეტი ყველას ჰქონდა განსაზღვრული, სოფელში ვინც მიდიოდა და მოდიოდა.
    უზომოდ უყვარდა ადამიანები,ნეტევი გენახათ, სოფელში ვინმე რომ მოკვდებოდა, როგორ ტიროდა  ,გული დაგეთუთქებოდათ.. მახსოვს ბაბუაჩემი რომ მოკვდა  პანაშვიდზე ეზოში იდგა და ტიროდა:ვლადიმერ ბაბუეი,ჩემი ბაბულიე იყო,სულ მარიგებდა ,სულ  მარიგებდაო.
     არასოდეს არც ერთ ბავშვს არც გაუწვალებია და არც დაუმცირებია ,ან დაუცინია კუსუსთვის ,არასდროს ,პირიქით  მოპარული თხილების განაწილებაში გვეხმარებოდა და წესრიგს იცავდა.ახლაც  მახსოვს მისი დიდი თაფლისფერი თვალები ,კეხიანი ცხვირი და დაბალზე გაჯრეჭილი თმები.პაპანაქება სიცხეშიც ,რომ სუფთა გაწკრიალებილი პერანგი ბოლომდე შეკრული ჰქონდა ღილებით...    დედამისი უვლიდა სულ წესრიგში ჰყავდა... 
    დაახლოებით  ექვსი შვიდი წლის წინ ,დედამისი გარდაიცვალა... მერე  კუსუ დამ წაიყვანა თბილისში,დედაჩემი  მეუბნებოდა :თვალებში ვეღარ იხედებაო და ნუნუკა უვლის თან ყვებაო...
      მერე ,მეც სამშობლოდან წამოვედი,  სამი წელი ემიგრაციაში ვიყავი ,სულ რაღაც ერთი კვირით ჩავედი საქართველოში .დედა, რაიონში ძმასთან არის ხოლმე ზამთრობით,სოფლის სახლი ზამთარში დაკეტილია... დედა,იქ ვნახე და ის ერთი კვირა ისეთ გადარბენაში  ვიყავი ,მინდოდა ყველა მენახა ,მაგრამ ბევრი გულნაწყვეტიც დავტოვე ,ისე წამოვედი უკან ,ვერც სოფელი ვინახულე ვერც მამის საფლავი და ვერც ნათესავ-მეზობლები, სულ  შიგ გულში მტკივა რომ იქაურობის უნახავად წამოვედი. არ არის დღე და საათი ,არ ვფიქრობდე იქაურობაზე და იქ გატარებულ  დროის იმ ნაწილზე ,რომელიც ყველაზე ძვირფასია რაც კი დრო მქონია ჩემი ცხოვრების 50 წლის მანძილზე.
   დედაზე დამავიწყდა მეკითხა კუსუს ამბავი..
რამდენიმე დღის წინ  ბიძაშვილის ცოლთან დავრეკე  მარიკასთან, ისეთი ხალისიანი და სიცოცხლით სავსე გოგოა ,მოვიკითხეთ ერთმანეთი შორიდან მოვეფერეთ და კუსუს ამბავიც ვკითხე...
-კუსუ სამი წელია, რაც გარდაიცვალაო.,თბილისიდან ჩამოასვენეს და აქ ჩვენი სოფლის სასაფლაოზე დააასაფლვესო ...იმ საღამოს ყველაფერი გავიხსენე მის შესახებ,მისი ხმაც კი გამახსენდა, სიმღერ -სიმღერით რომ ამოივლიდა ორღობეს... გული დამწყდა   ცრემლებიც ბევრი ვიწმინდე... დარჩა  სოფელს მოგონებად -კუსუს კაიკაცობა, მისი სუფთა გული ,უბოროტო თვალები  და გამოკეტილი სახლი... ნათელში იყოს კუსუ შენი სული  .....შენ დიდხანს, დიდხანს ემახსოვრები სოფელს...

ხათუნა წიქორიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი