ადგილი და სიყვარული
ადგილი და სიყვარული ბავშვობაში - ზაფხულის არდადეგებს, ძირითადად სოფელში ვატარებდი. რადგან, ნაბოლარა ვიყავი, ამიტომ დედ-მამა სულ რომ ვერ მელეოდა სოფლად დასატოვებლად, ეს ადრეც ვთქვი. ქალაქში ვცხოვრობდით და დედ-მამაც თავისთავად ქალაქში მუშაობდნენ. მე კი,როცა სოფელში ვიყავი, ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი დრო. დავდიოდი, ღობე-ყორეს ედებაო რომ იტყვიან ისე და ვაკვირდებოდი დედამიწას თავისი ყველა მდგმურით, სულიერით თუ უსულოთი.. საოცრად მიყვარდა ხეებზე, ყვავილებზე, ბალახზე, გზაზე, სახლზე, ღობეზე... დაკვირვება და მერე მათ ყოფასა თუ ყოფნაზე ფიქრი... საიდან მოვიდა: ესა თუ ის მცენარე, ვინ ააგო რომელიმე სახლი, როგორ აგნებდა მერცხალი მისსავე დატოვებულ ბუდეს გაზაფხულზე უკან როდესაც ბრუნდებოდა, ან ნამდვილად ის მერცხალი იყო, თუ სხვას აუხსნა მისი ბუდე გაეთბო?! რატომ ხდებოდა ასე, მიუხედავად იმისა, გაზაფხულზე მოუსწრო თუ არა ხეებს ყინვამ, ზოგიერთი ხე მაინც მეწლე იყო, ანუ ერთ წელს ისხამდა, მეორეს - არა. ...სოფელში სახლის უკან მხარეს დიდი ვაზის ბაღია. მერე ჭილიანი ადგილია და ჭილეშს ვეძახით, იმ ჭილეშსა და ღელეს შორის დიდი ხეხილის ბაღი გვქონდა. ბაბუას, ყველა ჯიშის ხილი ჰქონდა გაშენებული სადაც კი ხელი მიუწვდებოდა. მახსოვს, იმ ბაღში სულ ტყემლები, ვაშლი და ერთი ძირი ზღმარტლი. ის, ნათესავებისა და მეზობლების ყველასი იყო ერთად. თუმცა მსმენია, თავისი წილი ნაკვეთი იმჟამად საერთო ბაღში ყველა მათგანს ჰქონდა და თან გაუღობავი. იცოდა ყველამ თავისი ხეხილი, მაგრამ მაინც ყველაფერი ყველასი იყო. ამდენ ხეხილში ერთი ძირი შაფრანის ვაშლის ხე იდგა. საოცარი სურნელი ჰქონდა მის ყვავილს, მახსოვს რაღაც ვანილისებრი არომატი იგრძნობოდა მის ყვავილებში. ნაყოფი კი, ისეთივე დაზოლილი, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან - კანზე დაზოლილი წითელი ზოლებით. ხე ყოველთვის საოცრად ბევრ ნაყოფს ისხამდა. არასოდეს არავისთვის დაუშლია ბაბუას: ჩემს ადგილშია ხე და არ დაკრიფოთო. ხე ხარობდა, ბევრ ყვავილს ისხამდა და ცოტას ყრიდა ქარში ძირს. ერეოდა იმდენი ნაყოფის ზიდვას და ყოველი მათგანის შევსებას და იცით რატომ?! ამის ძალას სიყვარული აძლევდა - ხედავდა ხე სიყვარულით სავსე თვალებს და საზრდოობდა ნოყიერი მიწით და ხალხის სიყვარულით. ბაბუა რომ წავიდა... იმ გაზაფხულზე ხე არც თუ ისე ბარაქიანად აყვავილდა და კიდევ უფრო ცოტა შეირჩინა. ხეც თითქოს ადამიანებს გვითანაგრძნობდა... გადიოდა წლები. ხე თანდათან ისევ ძლიერდებოდა. მე ვგრძნობდი ხესაც უხაროდა, იმდენი ადამიანი რომ მიდიოდა მასთან და ისიც სიხარულით ირჩენდა ტანზე მათ გასახარად ნაყოფს! ის კი არა და, ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული მე რომ ვიცნობდი მას,მერე, ჩემმა შვილებმაც გაიცნეს და დაუმეგობრდნენ. ...ერთ ზაფხულს, სოფლად ჩასული მე და ჩემი შვილები ხესთან გავეშურეთ ხილი უნდა დაგვეკრიფა და ქალაქში წამოგვეღო. ბაღი დიდი იყო და რამდენიმე ადგილას ერთმანეთის პარალელურად სინის მავთულის ღობეები გაეტარებინათ ვაშლის ხე, ზღმარტლი და რამოდენიმე ტყემალი ერთ ნაკვეთში მოემწყვდიათ, დანარჩენები კიდევ მიმდევრობით. დაყოფილ ადგილებს რომ გადახედავდით, მიხვდებოდით, რა თანმიმდევრული დაშორებებით იყო ხეები ერთმანეთის გვერდით განლაგებული, ეს ბაბუას ხელის მადლი იყო. რაღაცნაირად მომხვდა გულზე შუაში გატარებული მავთულები. დავკრიფეთ ხილი. ხე რაღაცნაირად დამფრთხალი მეჩვენა. თითქოს სიხარულით არ შემოგვგებებია. სახლში როდესაც დავბრუნდით, მამას ვკითხე: - მამა, რატომ გამოყო ადგილები ხალხმა ერთმანეთისგან?! - ასე მოისურვეს შვილო და მე რას გავაწყობდი. მე მავთული არ გამიტარებია ხეებს შორის როდესაც ორმა მოსაზღვრემ გამოყო საკუთარი ადგილი. თავისთავად გამოეყო ჩვენი ბაღიც. - მამა, ხე ისე აღტაცებით აღარ შემგებებია! - შენ რა გგონია შვილო, ხეს გრძნობა არა აქვს ?! ხეს ზოგიერთ კაცზე მეტი სიყვარული და ერთგულება შეუძლია! ის, თავისუფლად სუნთქავდა და ამკობდა მთელს ბაღს მისი სილამაზით. უხაროდა მასთან მომსვლელი ადამიანები. შენიშნავდი, ჩვენს ბაღს ჭიშკარი არ დავუდგი, რადგან ხალხს არ მორიდებოდა მისი დაკრეფა. კრეფენ კიდეც, მაგრამ იმდენი მნახველი და მოყვარული აღარ ჰყავს - მაინც იმოქმედა ადამიანთა გადასახედზე ნაკვეთის საკუთარ ადგილებად დანაწილებამ. ხემ მოიწყინა, მას საზღვრები აფორიაქებს. მე ვგრძნობ ამას! - მეც ვიგრძენი, მამა! - შენ ჩემი შვილი ხარ და ჩემნაირად აღიქვამ და გიყვარს თითოეული ხე, ქვა, სახლი და მინდორ-ველები! მთელი გზა, ვფიქრობდი ვაშლის ხეზე... მიუხედავად იმისა, ის ისევ იმ ადგილზე იდგა, ისევ იმ ტყემლებით გარშემორტყმული, მას საზღვრები და ადამიანთა გაუცხოება აწუხებდა. აშინებდა ადამიანისგან ბოძებული გაზომილი ტერიტორია და ხე ნაღვლიანობდა. ...სულ რაღაც ორი სამიოდე წლის შემდეგ ხემ გახმობა დაიწყო, ალაგ-ალაგ გამოიღებდა ყვავილს და ტანზე დასათვლელ ვაშლს შეირჩენდა. ბოლოს კი, საერთოდ გაქვავდა და იდგა ცისკენ აშვერილი ხმელი მკლავებით უტყვად. არ მოჭრა ხმელი ვაშლის ხე მამამ. ვხვდებოდი, მას უყვარდა ის ხე და ვერ იმეტებდა წასაქცევად. მასთან ერთად იმდენი გაზაფხული და ზამთარი გამოიარა. იდგა ხე მავთულებგაბმულ ბაღში და მხოლოდ მამაჩემის მისვლას ელოდა. მხოლოდ მისი ერთგული დარჩა გულში. მერე კი ...ხეც წაიქცა. ...ხეს ,არც ადგილი გადაუნაცვლეს და არც მეპატრონე შეუცვლია. მას ადამიანების გათითოკაცება სტკიოდა და ვერ გადაიტანა. ყველას და ყველაფერს აქვს თავისი კუთვნილი ადგილი ამ სამყაროში. მაგრამ ყოველი მათგანი: ხე, ქვა, მთა, ღელე, ადამიანი... ადგილისდედად სიყვარულს თუ არ გრძნობს, თავადვე გაეცლება ხოლმე მისთვის ბოძებულ, რგებულ ადგილს. ხეც, ასე გაეცალა უსიყვარულობას! ხათუნა წიქორიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი