ოტია
ოტია სულ ცარიელი დადიოდა და სულცარიელი იყო. ჰკითხავდნენ შემხვედრნი: კი მაგრამ ოტია, მაგ ჯიბეების მეტი არაფერი გაგაჩნიაო?! გამუდმებით,ხაკისფერი სამხედრო ფორმის შარვალი ეცვა , ჯიბეებში ეწყო ხელები და ისე დადიოდა. ზოგი ამბობდა - გიჟიაო, ზოგიც ამტკიცებდა - ,,შპიონიაო"... არავის უნახავს, მისგან ნაწყენი ადამიანი. მას, ხშირად აქილიკებდნენ,გულსაც სტკენდნენ, მაგრამ არასოდეს არავის უპასუხებდა დამსახურების მიხედვით. თავჩაღუნული გაბრუნდებოდა უკან. ისიც არავინ იცოდა. სად ცხოვრობდა, რას სჭამდა ან, საერთოდ, რითი არსებობდა. ყოველ დილით, ბინდ-ბუნდში შეერეოდა ქალაქს - გამვლელებს აკვირდებოდა და ხანდახან ჩაილაპარაკებდა: სად წახვედი, სადო... ... ოცი წლისა იყო ოტია, რომ დაოჯახდა. მშრომელი და გამრჯე ბიჭი იყო და თავისი შესაფერისი თებეც მოიყვანა ცოლად. იმხელა იმედები ჰქონდათ ცხოვრებისა! მაშინ, რას წარმოიდგენდნენ, თუ იმ ეზო- კარმიდამოს და სოფელს ვეღარასოდეს ნახავდნენ . ან საერთოდ, ერთმანეთსაც თუ ვერ ნახავდნენ. ...აფხაზეთის ომი, ქარ-ცეცხლი,უამრავი დაჭრილი,დახოცილი სად აღარ ეყარა. ხალხს თავის გადასარჩენად ყველაფრის გაღება უწევდათ, ყველაფრის... ადამიანთა ნაკადები ტყეებში, გზებში. ...თებეს ნიშნობის ბეჭედი და დედის ნაქონი ოქროს სამაჯური შეაძლია სატვირთო მანქანის მძღოლს: ჩემი მეუღლე, ფეხმძიმედაა და გთხოვთ , თქვენს გვერდით დასვით, რომ არ გაიყინოს. მე კი, უკან დავჯდები ტვირთთან ერთადო. მძღოლმა ძვირფასეულობა გამოართვა, თებე მანქანაში ჩასვა და ოტიას უთხრა: ქალს ,ამა და ამ მისამართზე დავტოვებ. შენ კი, ვერ დაგსვამ, ტვირთი უნდა დავიმატოო. ბოლოჯერ ჩაეხუტა თებეს, მეც მალე მოვალო!. თებემ, ჩვილისთვის თავისი ხელით მოქსოვილი ფაჩუჩები გადასცა. ეს შენ მოუტანე ჩვენს შვილსო! ...ბევრი წელი ეძება ოტიამ თებე. ყოველ დილით გათენებამდე დაადგებოდა გზას, ეძებდა ფეხით მოსიარულეთა და ავტომობილებში მსხდომთა შორის. ფაჩუჩები, უნდოდა შვილისთვის ჩაეცმია, რომელსაც 21 წელი ჯიბით ატარებდა და ათბობდა... სულ, ცარიელი დადიოდა და სულცარიელი იყო! ხათუნა წიქორიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი