მზევინარი


მზევინარი...

მთელი მისი სამყოფელი,  ხუთი   საბოსტნე მიწის ოდენა იყო. ნუ, იმერეთში ბოსტანი, სახლთან ახლოსან, ან  სულაც ეზოში აქვთ ძირითადად, საშუალო ზომის მიწაზე გაშენებული. საშუალო ითქმის, დაახლოებით, იმხელა მოცულობისა, რომელზედაც, ორი თვალი ქოხი შეიძლება ჩაიდგას.
ჰოდა,  სამი საბოსტნე მიწა   ეკლის სახარდნეთი და თხილის  მკლავებით შემოეღობა  და... ერთ საბოსტნე მიწაზე  ორი თვალი ქოხი ჩაედგა,  მეორეზე ჭა ამოიყვანა-  აღმოსავლეთის მხრიდან ორი ხის ძელსკამი  შუაში ხის მაგიდით რომ ედგა და მესამეზე კი,  სულ ყვავილები გაშენებინა. რა სახის ყვავილს არ ნახავდა  კაცი აქ, სეზონის მიხედვით.
ეზოში ჭასთან ახლოს ერთი ძირი კარალიოკი ხარობდა ერთი ძირი კორკიმელი და ... ღობეებზე, რამდენიმე ძირი შავი- საფერავი ყურძენი გადაეყოლებინა ტალავერისებურად.
სახლიდან მოშორებით ,,შეფენილს"ეძახდა ერთ მხარეს პატარა მიწა შემოეღობა  საბოსტნედ და მეორე მხარეს ადაბხანა( როგორც თავად ეძახდა) დაედგა.  წვრილფეხი კი, ბოსტონის ახლოს რომ ძველი შიფონერის კარადის ნახევარი ტანი იდგა იმაში ბუდობდა(საკმაოდ ბევრი ფრთა) ღამით, დღე კი  სახლის გარშემო ტრიალებდა. საკმარისი იყო ერთი ,,წია-წია" დაეძახა და გაივსებოდა სახლის გარშემო გადაკენკილი მინდვრიანი, რა ფერის ფრთოსანით აღარ.
მიუხედავად,  მისი ხელმოკლედ ცხოვრების  მდგომარეობისა, სახლში მუდამ ჰქონდა: ხილი, მშრალი მაინც, რომელსაც ტყიდან ეზიდებოდა, ღვინო ტალავერზე მოყვანილი ყურძნის  ნაჟური.
კორკიმელის და კარალიოკის ჯემი და კანფეტები.
მარტოხელა იყო და სოფლის განაპირას დასახლებულა დიდი ხნის წინათ. ძმები რომ ომში გაუწვევიათ და...ორივეს დაღუპვის ამბავი მოუტანია  დეპეშით ფოსტალიონს,   ოცდახუთი წლისა ყოფილა. მერე რძლებსაც აუთვალწუნებიათ,  აქაოდა ხინჯიანი ხარო, ვინღა წაგიყვანსო(ბავშვობაში, ხარსა და გუთანს შორის ჩავარდნილა და ძვალი დაზიანებია) ჩვენს კისერზე ვერ გაცხოვრებთო.
არადა,  მზევინარი ყოფილა მთელი ოჯახის ბურჯი, ძმიშვილების აღმზრდელიც და   შინ  თუ გარეთ სამუშაოების  შემსრულებელი. 
მთხოვნელიც ჰყოლია თურმე, სახით  და ადამიანობით ლამაზ გოგოს, მაგრამ ძმების დაღუპვამდე, ოჯახს ვჭირდები წვრილშვილის დაზრდაშიო და... ძმების მერე კი,  აღარც მთხოვნელს იკარებდა, თურმე ახლოს.
აითვალწუნეს და... სოფლის მეორე მხარეს ღელისგადაღმა  ტყესა და  ნაყანებს შორის  გაუმართავს ორი თვალი ქოხი.
ორი თვალი ჰქვიოდა იმიტომ რომ, ერთ მთელ სახლს ანუ  ერთ ოთახს, რომელიც  ერთი მეტრის სიმაღლე  ქვის  პალატზე დაედგა, რომელ პალატსაც, შიგ თაროები ავსებდა და ზედ მოსავალს,  ფქვილს მარილს, ასანთს, ოცდაოთხ კაცზე გასაშლელ ჭურჭელს და ღვინის შტოფებს ინახავდა, გარედან რომ პატარა აივანი ჰქონდა მიწებებული ის ჩამოუხურავს და შიგ სახელდახელოდ  ხის პატარა მაგიდა და სკამები ედგა. ერთი ციდა ელექტრო  ღუმელი რომელიც გარშემოწერილობით საშუალო ქვაბის მოცულობისა იყო მაგიდის ერთ კუთხეში დაედგა. წვიმიანსა და თოვლიანში საჭმელს ღუმელზე აკეთებდა. მზიან ამინდში კი, შუაცეცხლზე, ან პატარა თონე რომ იდგა  ეზოს კუთხეში ჭის პირდაპირ , ქვაბს შიგ ჩადგამდა და პურს  ზემოდან მოაყოლებდა თონის კედელს.  ხანდახან კუტი თუ ჩაუვარდებოდა თონეში, იტყოდა, ალბათ სტუმარი მოდისო და... მართლაც ასე იყო, სოფლის მეორე მხრიდან ღელეს გაღმიდან -გამოღმა, ვინმე,  მისი ხნისა და ბავშვობის მოზიარე  თუ   მოიკითხავდა, სიყვარულით!
ეტყოდა: მზევინარ, იქნებ გადმოხვიდე შენი ძმიშვილების კერაზე, მაინც დედაქალაქს არის ყველა და... სახლი,  აღდგომის  აქეთ და იქეთ მეორე აღდგომამდე ცარიელიაო.
ერთ ხანს, მიყუჩდებოდა მზევინარი, ცრემლი რომ დაემალა სახეს გვერდზე გასწევდა და  მერეღა შემობრუნდებოდა.
ვინც აქ მყავს (ძმების  უსხეულო ცარიელ საფლავებს გულისხმობდა) მათთან ყოველ კვირა დღეს მივდივარ და... იქ გამოკეტილ  სახლში, რა ვაკეთო, აქ ათასი საქმე მაქვს: წვრილფეხი,
ბოსტანი, ვენახი, ყვავილები...
(გაღმა სოფელში არასოდეს წავიდოდა   პანაშვიდსა თუ დაკრძალვაზე ყვავილის გარეშე)
მოიმიზეზებდა,  თავის გასამართლებლად ათას საქმეს და სხვას არაფრით ეტყოდა: არ მიგუეს, გადმომიშვეს გადმოღმა და იქ, როგორღა მივალო.
ძმიშვილები და მათი შვილები  რამდენჯერმე ესტუმრნენ აღდგომა დღეს.
წამოდი ჩვენთან მამიდა, ბაბო, დედაქალაქში იცხოვრეო!
_ არა, შვილებო, ძმების საფლავს ვინღა მოუვლის,  ან ამ ეზო გარემოს, 60 წელზე მეტია რომ შემიფარა და მაცოცხლებს, როგორღა ვუღალატებო.
პენსია ჰქონდა ოცდაექვსი, თუ ოცდაათ მანეთამდე ოდენობით და  ცოტაოდენი დანაზოგი. ხან რამდენიმე ფრთა ქათამს წააყოლებდა ხელს შაბათის ბაზრობაზე, ხან კვერცხი მიჰქონდა და ხან სოკო, გასაყიდად.
... აღდგომის დღესასწაული ახლოვდება,  საგულდაგულოდ გადაერჩია ერთი ზომის კვერცხები,  ენდროს წინა წელს მოიძევდა  რომ გაეხმო. ორი  მოზრდილი დედალიც ცალკე გადაკავებულში  შედენიდა, ასე იცოდა ყოველ წელს.ორი კვირა მარტო  ქატოში შერეულ დაკეპილ ბალახს მოუზელდა და აჭმევდა ცოცხლად შესაწირს და... დასაკლავს  და  მრგვალად მოსახარშ, საფლავზე  გასატან დედლებს... სუფთა უნდა იყოს ფრინველი, რამე არ გაკენკოსო... პასკა, ტკბილეული და ლიმონათები  რომ ეყიდა, დიდ ხუთშაბათს მიდიოდა რაიონში.
ორ-სამ წველა ყველსაც იყიდდა გადაღმა სოფელში შერჩეული ოჯახიდან და ასე ემზადებოდა სააღდგომოდ, ყველაფრით  დახუნძლული კალათა რომ გაეტანა  საფლავზე, ძმების და მშობლების სულის მოსახსენებლად.
...მზიანი ამინდი იყო, უთენია გასულიყო
საფლავზე, თეთრი ქათქათა სუფრა გადაეფარებინა და... რა აღარ წაედგა სუფრაზე.
ბევრი მივიდა და...ბევრმაც უხსენა სული, მის მიცვალებულებს.... თვალები, სასაფლაოს ჭიშკრისკენ  ჰქონდა, ყველაზე გვიან გამოვიდა საფლავის ჭიშკარში და ფეხათრეული გაუდგა გზას, იქნებ რამემ შეაფერხთ გზაში, ან აგერ მოვლენ და... ან, აგერო.
ძლივს შელასლასდა სახლში,  ტანისამოსი, არც კი გამოუცვლია. საფლავზე მიმავალი სუფრას გაწყობილს ტოვებდა ყოველთვის სახლში, იქნებ კი წამომყვეს ვინმე და მზად უნდა მქონდეს ყველაფერიო. მაგიდის  თავში  დაჯდა, ისე რომ შეღებულ კარს, უმზერდა, მოლოდინი ჰქონდა, იქნებ რამემ შეაყოვნათ, მაგრამ რახან ასე მოხდა, ჩემთან მაინც მოვა, ჩვენი ძმების მონაგარიდან ვინმე, აბა საკურთხზე ხსოვნა თუ არ ითქვა მონაგარიდან,ისე როგორ იქნებაო.
ბინდი, ჩამოწვა სოფელს და შემოღამება იწყო...
წამოდგა,მაგიდის შუაგულში რომ კოკრებიანი გობი იდგა, იქედან ერთი კოკორი აიღო, ჭიქაში  შავი ღვინო- საფერავი ჩამოახა, შიგ კოკორი ჩააწო და ჩაკბიჩა, მერე სავსე  ჭიქა გამოცალა და  თქვა: 
ძმებო, დავითა და გოგია, ხსოვნა იყოს თქვენი. 
მეც, მალე მოვალ თქვენთან... მეც, მალე.
... დილით, სოფლის  მეორე მხრიდან, ბავშვობისდროინდელ მეგობარს  გადმოეკითხა. გუშინ ძალიან დაღონებული სჩანდა,  სახეც სულ გაცრეცილი ჰქონდა და... ამიტომ  უფიქრია, ვნახავ და გავამხნევებო. კარი რომ ღიად დახვედრია, ჯერ შორიდან  ეძახდა თურმე: მზევინარო, სახლში ხარო?!
ის კი, ისეთი  მშვიდი სახით მიძინებულიყო სამუდამოდ, თითქოს და... მარჯვნივ ერთი ძმა უჯდა და...მარცხნივ მეორე, თავად კი მათი საუბრის მსმენელი  კმაყოფილი ყოფილიყო!

ხათუნა წიქორიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი