ცალკე სიყვარული
ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ჩემს თავზე. თავს ვხრი და ვფიქრობ, მაღლა ვწევ და ვფიქრობ, თვალებს ვხუჭავ და ვფიქრობ. ვიხსენებ ყოველ ნაბიჯს, რომელიც დაცემაში დამხმარებია უფრო ძლიერად რომ წამოვმდგარიყავი. ამ ბოლო დროს ხშირად ვუსმენ ჩემი დის დაკრულ ნოტებს, ხშირად ვუსმენ ჩემი ფანჯრიდან შემოსულ ქარის ხმას, რომელიც ბადის კუთხეებში ისეთი სინაზით ძვრება, როგორც მე წარმოგიდგენ წარმოსახვებში თვალებდახუჭულს, ჩემს გვერდით მდგარსა და დაღლილს. მე გხედავ, გგრძნობ. მართალია გზა რომელიც შენამდე უნდა გამოვიარო, ერთი ლამაზი ნახატივითაა, ან იქნებ არც არის ნახატი და თეთრი ფურცელია, რადგან დასასრული არ უჩანს. კიდევ ვცდები, დასასრული კი არა დასაწყისიც არ უჩანს. ალბათ იმიტომ, რომ გარბიხარ და უთქმელად მეუბნები, რომ წავიდე. ალბათ იმიტომ, რომ ჩემნაირი ადამიანები შენნაირ ადამიანებთან მხოლოდ ფანტაზიით შექმნილ მოგონებებში აცოცხლებენ თავს. ალბათ იმიტომ,რომ სიტყვა სილამაზე შენთვის სხვაა და ჩემთვის სხვა. მე წვიმის ხმას და სუნს შენად აღიქვამ. შენ რად აღმიქვამ მე? ჰო, ვერაფრად. იმიტომ კიარა, რომ ამას ძალით აკეთებ, არა, უბრალოდ შენ ასეთი ხარ და არ შეგიძლია. დიდი ადამიანები პატარა ადამიანებს არ ამჩნევენ. დიდი ადამიანები პატარა ადამიანებს სიყვარულს ვერ ამჩნევენ. დიდი ადამიანები ყოელთვის მიდიან, არ იციან სად, მაგრამ მიდიან. არ იციან რისთვის, მაგრამ მიდიან. მათთვის ერთგვარი სიამოვნებაა სიმაღლე, ჩემთვის კი ორგვარი სიამოვნებაა ასეთი ადამიანის ქვეშ ჩრდილში ყოფნა და ამ ჩრდილის დიდხანს შენარჩუნება, რადგან მე მოძრაობა არ შემიძლია. მე მიახლოებაც კი არ შემიძლია. მოდი დამეხმარე, რომ თვალები დავხუჭო, ან იქნებ დავხუჭოთ. სიჩუმე ხომ გიყვარს? ოღონდ ისეთი არა პერიოდულად გაქცევისა და თავის მიტრიალების სურვილი რომ გიჩნდება. აი ისეთი, ოფლიანი სიჩუმე. რო უახლოვდები, გიახლოვდება და გცხელა. რომ ეხები, გეხება და იმასაც ვეღარ გრძნობ, რომ იჩრდილები და ასეთი მაღალი ადამიანი ღამდები. ერთად ვართ და მშიდად. ვიღაც ძველ ფირფიტას იღებს და მუსიკას რთავს. წელზე ხელისკანკალით ხელს მხვევ და თან საკუთარ თავს უკვირდები, წინიდან უყურებ იმ იმედით, რომ არ მატკენ. იცი რომ შენი სიძლიერე, სისუსტე, გრძობა, ტკივილი, სილამაზე, სიმშვიდე, სიჩუმე, ვნება სხვაა, ჩემი კი სხვა. ამიტომაც არ გინდა მატკინო და თუნდაც თითების შეხებით თვალები გამახელინო. სიმარტოვეში ჩნდება სიყვარული, ჩემი, შენი. ჰო, ცალ-ცალკე დაწერე, აი ასე: ჩემი, შენი, მაგრამ არა-ჩემი და შენი. იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ერთად გარდა ჩემი გაორებული ფანტაზიისა. მე არ გიშვებ, რადგან დიდი ადამიანები ვერასდროს ხედავენ ჩრდილში მყოფი ადამიანების სიყვარულს. ეს ფერებია, ლამაზი ფერები, რომლის დასანახად ჩემთან სიახლოვე და მოკვრა გჭირდება. დასასრული. გაუფერულება. უკიდეგანო გაუფერულება, მაგრამ არა-გარდაცვალება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი