ათოვს ტყეს
ათოვს ტყესა და ათოვს ვენახებს, ეს დეკემბერი დადის მარხილით. ნეტავი სულაც არ დამენახე, ტკბილ ბადაგივით გზაზე დაღვრილი. მზეში გავლებულ ფერით ჩურჩხელის იქარგებიან ზოგჯერ ნისლებიც. როგორც დაცლილი თიხის ჭურჭელი, შენი ნათელი მზერით ვივსები. ჯერ შეურყვნელი, ალალ ბალღივით, რწმენა იღვიძებს ყოველ ცისმარე. ჩამიარე და ტაძრის ხატივით, თვალის შევლების სითბო იკმარე. დროც მიილია, ალერსიანად, ატმის ყვავილი მიწას ათოვდა. ვიღაცამ მითხრა: კაცზე კი არა, გოგონა მძიმე სენზე გათხოვდა. აღმომიცენდა სულში ჭინჭარი, ეიფორიაც დაცხრა, მინელდა, გარდავისახე მკვდარმა პირჯვარი, სოფელიც უმალ დაცარიელდა. 2014
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი